Загрузка...

აფეთქების შედეგად შავ ზღვაში ჩამოყალიბდება ვეება ცუნამი, რომელიც აზერბაიჯანამდე მიაღწევს და გზად მთელ ცივილიზაციას წალეკავს, – ამის შესახებ გაზეთ “ასავალ -დასავალთან” ინტერვიუში გეოგრაფ–გეოლოგი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, ვაჟა კაკაბაძე აცხადებს.

Загрузка...

ინტერვიუს “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

ცეცხლის და გოგირდის წვიმა თურმე, სულაც არ არის ფანტაზიის ნაყოფი. მილიონჯერ დაწერილა, რომ შავი ზღვა გოგირდწყალბადის უზარმაზარ შრეს შეიცავს, მაგრამ მხოლოდ მეცნიერებმა და საზოგადოების მცირე ნაწილმა იცის საზარელი პერსპექტივის შესახებ – ერთ, არცთუ მშვენიერ დღეს, აპოკალიფსური წინასწარმეტყველება შეიძლება რეალურად ასრულდეს, შავი ზღვა მასში არსებული აირების უეცარი განთავისუფლების შედეგად, პირდაპირი მნიშვნელობით აფეთქდეს და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, მათ შორის – საქართველოს – თავს ენით აღუწერელი წარღვნა დაატყდეს.
ვესაუბრებით გეოგრაფ–გეოლოგს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტ, ვაჟა კაკაბაძეს:

– ჟანგბადით მდიდარი თხელი, 100-150 მეტრის ზედა ფენის ქვეშ შავი ზღვის სიღრმეში უჟანგბადო შრეებია, რომელიც შავი ზღვის 85 პროცენტს შეადგენს. ეს შრეები წყალში გახსნილი ფეთქებადი თვისებების მქონე აირით – გოგირდწყალბადით გახლავთ გაჯერებული. თანამედროვე კვლევებით დასტურდება, რომ ჟანგბადის შემცირების პარალელურად, გოგირდწყალბადის შემცველობა შავ ზღვაში თანდათან მატულობს, რაც შავი ზღვის აფეთქების პერსპექტივას ქმნის.

– რანაირად შეიძლება, ზღვა აფეთქდეს ?

– მკითხველს შესაძლოა, არარეალურად ეჩვენება, მაგრამ ეს გლობალური კატასტროფა მართლაც მოსალოდნელია. ცეცხლს წყლით აქრობენ, მაგრამ თუ წყალში ჟანგბადის რაოდენობა ჭარბადაა, შეიძლება პირიქით, ცეცხლი გააღვივოს. ამიტომ, წყალს, რომლითაც ხანძრის ჩაქრობას აპირებენ, ქაფს უმატებენ ხოლმე. გოგირდწყალბადს, რომელითაც შავი ზღვა გახლავთ გაჯერებული, ფეთქება ახასიათებს, რაც შეიძლება ჩვეულებრივი ნაპერწკლის გაჩენამ გამოიწვიოს.

– მაგრამ, რამ შეიძლება წყალში ნაპერწკალი წარმოქმნას?

– მსოფლიოში აპრობირებული ტექნოლოგიაა ოკეანის ფსკერიდან ნავთობის მოპოვება. ბურღვის დროს ნაპერწკლის წარმოქმნა ჩვეულებრივი მოვლენაა! შავი ზღვის ფსკერიც მდიდარია ნავთობით და მადლობა ღმერთს, რომ არც საქართველოს და არც რუსეთს ფსკერიდან ნავთობის მოპოვების ტექნიკური საშუალებები არ გააჩნიათ. თუმცა, არსებობს შავ ზღვაში ნაპერწკლის წარმოქმნის სხვა, გაცილებით დიდი საფრთხეები. ასე, მაგალითად, აფხაზეთში, სოხუმის მახლობლად არის ეშერას გასაიდუმლოებული სამხედრო ლაბორატორია, სადაც რა ხანია, მზადყოფნაშია ე.წ, ტექტონიკური იარაღი, რომლითაც შესაძლებელია პლანეტის წინასწარ განსაზღვრულ კონკრეტულ რეგიონში ხელოვნური მიწისძვრის გამოწვევა. ამ იარაღის მექანიზმი შემდეგში მდგომარეობს: დედამიწის ქანებს, როგორც ერთმანეთზე მიბჯენილ ორ მუშტს შორის, გარკვეული დაძაბულობა არსებობს. ერთ-ერთი ბლოკი რომ დაცურდეს და მეორეს დაეჯახოს, მიწისქვეშა ტალღები წარმოიქმნება, რაც მიწისძვრას გამოიწვევს. უზარმაზარი ქანების დაძვრა და მათი შეჯახება კი, შესაძლებელი გახდება, თუ მათ შორის დიდი წნევით წყალს შევუშვებთ. ბლოკების გადაადგილების დროს, როცა ისინი ერთმანეთს ეხახუნებიან, აუცილებლად გაჩნდება სითბური ენერგია და შესაძლოა, ნაპერწკალიც. ეს რაც ეხება ხელოვნურად მიწისძვრის პროვოცირებას, თუმცა მიწისძვრა ბუნებრივადაც შეიძლება მოხდეს – ამისგან არასოდეს ვართ დაზღვეულები. თუ დიდი რაოდენობით სითბური ენერგია და ნაპერწკლები გოგირდწყალბადით გაჯერებულ რეგიონებში გაჩნდება, მოხდება აირებისგან უეცარი გათავისუფლება, რაც გლობალურ აფეთქებას გამოიწვევს.

– ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, რა სურათს იხილავს კაცობრიობა?

– შავ ზღვაში აფეთქების შედეგად ჩამოყალიბდება ვეება ცუნამი, რომელიც შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანას – საქართველოს, თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს და ყირიმს თავს დაატყდება და წალეკავს. ტალღა იმდენად მძლავრი იქნება, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანის ტერიტორიამდეც მიაღწიოს და გზად მიწის პირისგან აღგავოს ცივილიზაციის ნიშნები. მსგავსი, ოღონდ შეუდარებლად ნაკლები მასშტაბის კატასტროფაა მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუ მტრის მიერ წერტილოვანი დარტყმების ან სხვა ზემოქმედების შედეგად ჟინვალის წყალსაცავიდან გათავისუფლებული წყლის მასა გადმოიღვრება – ასეთ შემთხვევაში ტალღა რუსთავამდე მიაღწევს და გზად ყველა დასახლებას წალეკავს. რაც დიდია მასა, მით მეტია მისი აჩქარების პოტენციალი! ეს საფრთხეც არ არის გამორიცხული, რადგან ჟინვალის წყალსაცავი გარკვეული ხარვეზები არის აგებული, სადაც წყლის გამშვები ტრაპები ვიწროა.

– შავ ზღვას დავუბრუნდეთ… ვინმე აკონტროლებს, რომ ასეთი კატასტროფა არ მოხდეს?

– ეს მეტად საჭირბოროტო საკითხია, რადგან მეცნიერულ-ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად ელვის სისწრაფით მატულობს ეკოლოგიური პრობლემები. საქართველო “ბისეკის” (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრ სახელმწიფოებთან ერთად მწვავედ დგას ამ პრობლემის წინაშე. შავი ზღვის დაბინძურების საკითხს აქტიურად განიხილავს მსოფლიოს კეთილი ნების საზოგადოება. ევროპის ქვეყნებში კონტროლის შედეგიანი მექანიზმები არსებობს, მაგრამ ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება და ასევე იქ განთავსებული სამხედრო ბაზები ამძიმებს მდგომარეობას. აფხაზეთის სანაპიროზე განსაკუთრებით მომატებულია არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო, არამედ სამხედრო ნაგვის ნარჩენები, რომლებიც გაუთვალისწინებელ რისკებს განაპირობებს. ჩვენ აფხაზეთს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ არსებობს გამოსავალი, რომ “ბისეკის” ორგანიზაციის თანადგომით, აფხაზეთი გამოცხადდეს თავისუფალ ეკოლოგიურ ზონად, სადაც აიკრძალება სამხედრო შენაერთების განთავსება, ზღვის რესურსების უკანონოდ გამოყენება, იმ საქმიანობის განხორციელება, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს შავი ზღვის ეკოლოგიაზე. ასეთ შემთხვევაში, “ბისეკის” წარმომადგენლებს შეეძლებათ აფხაზეთის, კონკრეტულად კი, ეშერის მახლობლად კვლევების ჩატარება და საფრთხეების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

წყარო: “ასავალ-დასავალი”

Загрузка...