Загрузка...

ერთი თვე მირეკავდა მკითხველი, 27 წლის მამაკაცი. ყოველ დარეკვაზე მითანხმდებოდა შეხვედრაზე, მაგრამ მერე აღარ მოდიოდა. ბოლოს, ძალიან გავბრაზდი და როგორც კი გავიგონე ნაცნობი – “მარინა, მე ვარ, შაკო!” მაშინვე მოვუჭერი, – თუ მოდიხარ – მოდი, თუ არადა, ნუღარ შემაწუხებ, ქვეყნის საქმე მაქვს-მეთქი. იმ საღამოსვე მესტუმრა რედაქციაში.

– შაკო ვარ, ხომ მიხვდით? – სკამზე ჩამოჯდა და დარცხვენილი მომაჩერდა.
– კი, მივხვდი, მაგრამ ასეთი რა გიჭირს, რომ ათასჯერ შეთანხმების შემდეგ ძლივს მოხვედი?

Загрузка...

– მეუხერხულებოდა… თანაც, უცნაური რამ ხდებოდა… როგორც კი დაგირეკავდით, მაია მირიგდებოდა.
– მაია ვინაა?
– ჩემი შეყვარებულია და ხშირად ვჩხუბობთ. ხან რას მიწუნებს, ხან – რას. მე კიდევ დავიღალე მასთან კამათით, ვერც ვშორდები, მიყვარს. როცა ვიჩხუბებდით, მაშინ გირეკავდით, მინდოდა, რაიმე გერჩიათ ჩემთვის. გავიდოდა რამდენიმე საათი და მაიკო დამირეკავდა – კაი, რაც იყო-იყო, დავივიწყოთო…

– და ახლა რას შემომჩივლებ, რაში ვერ თანხმდებით შენ და მაია?
– ულვაშები არ მომწონსო… მოვიპარსე. ამის გამო მამა და პაპაჩემი ერთი თვე ხმას არ მცემდნენ. მერე, ძალიან გამხდარი ხარო და მაიძულებდა, დილით რძიანი ფაფები მეჭამა. მე სულელიც ვუჯერებდი. ჩვენები ახლა ამაზე გაგიჟდნენ. გვეგონა, ვაჟკაცი გვეზრდებოდა, ღვინიან თასს ასწევდა და კაცურად დაილოცებოდა, ამან კი ფაფების ჭამა დაიწყოო… მაიამ ისიც მითხარა, – ცოტა გრძელი ცხვირი გაქვს და ხომ არ დაიმოკლებდიო. უარი ვტკიცე. ნემსის მეშინია და საოპერაციოში ჩემი ფეხით რა შემიყვანდა?
– ახლა, რა მოხდა, ისევ იჩხუბეთ?

– ვჩხუბობთ და ვრიგდებით… ასე გრძელდება უკვე სამი წელია. რა ვქნა, მირჩიეთ რამე!
– რა უნდა ქნა და უარი უთხარი იმაზე, რისი შესრულებაც არ გინდა. ხათრით ფაფის ჭამა არ გამიგონია მე. ეს რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ… იცი, რას გეტყვი? მთლად ყველაფერს ნუ დაუჯერებ, ქალია მაინც! – ვუთხარი და შაკოს თვალები გაუფართოვდა, მერე სახე გაებადრა და – ახლავე მოვალო, – დამპირდა და გაქრა. ცოტა ხანში ყვავილების თაიგულით  დაბრუნდა, – დიდი ბოდიში, თავიდან რომ ვერ მოვიფიქრე ამით მოსვლა, ამ გოგომ მთლად ამირია ჭკუა-გონება. თქვენ იმისთანა ჯადოსნური სიტყვები მითხარით, რომ ახლა მთლიანად შევცვლი ჩემს ცხოვრებასო…
სხვათა შორის, ერთი თვის შემდეგ კვლავ შემეხმიანა. მაგრამ შეხვედრა აღარ უთხოვია, გახარებულმა მითხრა, – თქვენს რჩევას ვითვალისწინებ და ყველაფერი კარგად მიდისო…

Загрузка...