Загрузка...

თურქული სერიალების მოყვარულ ქართველ მაყურებელს ორმაგი სიურპრიზი ელის, ერთი ის, რომ სუპერპოპულარული სერიალი “დიდებული საუკუნე” ახალი სეზონით ბრუნდება, მეორე და მთავარი კი არის ის, რომ ახალი სეზონის, რომლის სახელწოდებაცაა “დიდებული საუკუნე – დაუმორჩილებელი სულთნები”, ძირითადი ნაწილი ქართველ სულთნებზე იქნება და საქართველოს ისტორიას შეეხება.

“ნიუპოსტისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი გახდა ამ მასშტაბური თურქული პროექტის დეტალები. გარდა დადიანების და გურიელების დიდგვაროვანი ქალი პერსონაჟებისა, სერიალში გამოჩნდებიან ჯაყელების, დადეშქელიანების, ლიპარტელიანების საგვარეულოს და მამიკონიანთა დინასტიის წარმომადგენლებიც.

Загрузка...

სერიალის სცენარზე, რომელიც ისტორიულ ფაქტებზე იქნება დაფუძნებული, 16 წლის ქართველი პოლიგლოტი დავით ჯიჯიეშვილი და თურქი სცენარისტი ილმაზ შაჰინი მუშაობენ. სამხატვრო ხელმძღვანელია ნილუფერ აიშე ჩამური.

სერიალის გადაღებას საპროდიუსერო კომპანია Ay yapimTIMS Production და ტელკომპანია Star TV უზრუნველყოფს. პროექტმა მხარდაჭერა მიიღო ტელევიზიებიდან ARMENIA TV, RUSSIA 1, HBO UK, BBC, OSN TV ARABIC და სხვა.

სერიალის მთლიანი ბიუჯეტი მილიარდობით დოლარს აღწევს და მისი პრემიერა 2019 წლის აგვისტოში იგეგმება.

სერიალში ქართველი პერსონაჟებს საკმაოდ ცნობილი ქართველი მსახიობები განასახიერებენ, მათ შორის იქნება სესე მიქავა, ნინი გოგსაძე, ლუკა მოდებაძე, ქეთევან ჭუმბურიძე და სხვები.

ქართველი სულთნების როლებში კი ქართული შოუბიზნესის ძალიან ცნობილი წარმომადგენლები იქნებიან, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება და ამ საიდუმლოს „ნიუპოსტი“ უახლოეს მომავალში გაგიმხელთ.

დიდი სიურპრიზად რჩება ფადიშაჰის როლის შემსრულებლის ვინაობაც. კულუარული ინფორმაციით ამ როლზე ორი ყველაზე პოპულარული თურქი მსახიობი მამაკაცი განიხილება, რომლებიც ქართველ მაყურებლებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თუმცა მათი ვინაობის გამხელისგან სერიალის შემქმნელები ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ.

“დიდებული საუკუნის” კოსტუმირებაზე ოსკაროსანი დიზაინერი სენდი პაუელსი და სერდარ ბაშლუხი მუშაობენ, როგორც კულუარებიდან ხდება ცნობილი, სულთნების სამოსის ღირებულება მილიონობით დოლარს აღწევს. თავსაბურავებს და გვირგვინებს კი, რაზეც ამ სერიალის ყველა სეზონში განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა და ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ დეტალებს წარმოადგენს, მუჯალა მერთი შექმნის. მუჯალა მერთის ქმნილებები ნამდვილი ლალით, ფირუზით, ბრილიანტებით იქნება დამზადებული და მათი ღირებულებაც რამდენიმე ათეულ მილიონს სცდება

„დიდებული საუკუნის“ ახალი სეზონის მუსიკალურ გაფორმებაზე ისეთი ცნობილი თურქი მუსიკოსები იზრუნებენ , როგორებიც არიან თოიგარ იშიკლი, აითექინ ათაში, სონერ აქალინი, ფაჰირ ათაკოღლუ, სილა გენჩოღლუ, სეზენ აქსუ და სხვები.

ამ მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი მელოდიის მოსმენა 12 წლის ნუცა მოდებაძის შესრულებით შეგიძლიათ. ის ქ.თბილისის 21-ე ხელოვნების სკოლის მოსწავლეა, მისი პედაგოგია მარინა ვარდოშვილი.

ახლა ცოტა რამ “დიდებული საუკუნის” პერსონაჟ ქართველ ქალებზე, რომლებმაც ოსმალეთის იმპერიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

„დიდებულ საუკუნეში“ მოთხრობილია რაჰიმენდ დადიანის, იგივე მარიამ დადიანის ამბავი, რომელიც ლევან II დადიანის და იყო და სულთნის კარზე დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა. სერიალში მაყურებელი იხილავს ბიდარ ქადინ გურიელის ისტორიასაც , ის მამია II გურიელის და იყო, გურიელის ქალს ტახტის და ძალაუფლების მოსაპოვებლად მარიამ დადიანთან დაპირისპირება მოუწევს. ბიდარ ქადინზე ამბობდნენ, იმდენი ენა იცოდა ჩამოსათვლელად თითები არ კმაროდაო. ის ასევე იყო ცეკვისა და სიმღერის სულთანი, მხიარული და ხშირად მოცინარი. ბიდარ ქადინი იასამნისფერ სამოსში იმოსებოდა, რაც იმ დროისთვის განსაკუთრებული პრივილეგიის ნიშანი იყო და იშვიათობას წარმოადგენდა. გურიელის ქალი სახელებს ხასიათების მიხედვით იცვლიდა, ზოგჯერ ბიდარ ქადინი, ე.ი ლმობიერი ქალბატონი იყო, ზოგჯერ კი იასეპ ქადინი ხდებოდა, ანუ ძალიან მკაცრი ქალი. თუმცა ისტორიში შევიდა როგორც ვალიდეი ევლატ ქათილი, ანუ შვილიშვილის მკვლელი, იმიტომ რომ ის პოლიტიკური გარემოებებმა შვილიშვილის მკვლელად აქცია.

სერიალში იქნება ნაირა ჯაყელიც სამცხედან და ესმა დადეშქელიანი, რომელსაც ოსმელეთში დადეშსაც უწოდებდნენ, რაც “ამპარტავანს” ნიშნავს, ის თავისთავზე მრავლობით ფორმაში ლაპარაკობდა, “ჩვენ” ასე მოიხსენიებდა ის საკუთარ თავს. ესმა დადეშქელიანი ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის დიდგვაროვნებას, იყო ჰასეკის სულთანი, ანუ ჰარემის მმართველი.ესმა დადეშქელიანი ოსმალეთში ელჩად გიორგი დადეშქელიანმა გააგზავნა. მას იმედი ქონდა, რომ ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ფადიშაჰის გულის მონადირებას შეძლებდა და ამას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებდა.

სერიალი წინასწარ უკვე შეიძინა 100-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორისაა როგორც აზიის, ასევე ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.

შენიშვნა: სტატიაში გამოქვეყნებული ფოტოები, არ წარმოადგენს კონკრეტულად სერიალ „დიდებული საუკუნე – დაუმორჩილებელი სულთნებს“ და აღებულია “დიდებული საუკუნის” სხვა პროექტიდან. ამ მომენტისთვის სერიალის შემოქმედებითი ჯგუფი გადაღების ამსახველი ფოტოების გავრცელებისგან თავს იკავებს.

Загрузка...