Загрузка...

ოჯახი 15 წლისამ შექმნა. 20 წლის ასაკში კი  უკიდურესი გაჭირვების და გაუსაძლისი ყოფის  გამო იძლებული გახდა  საქართველო და ოჯახი დაეტოვებინა. საზღვარგარეთ გაემგზავრა. ორი მცირეწლოვანი შვილი  დედას დაუტოვა და წავიდა… „მალე დავბრუნდები შვილო“ – ამ სიტყვებით დაემშვიდობა  3  და 5 წლის შვილებს, რომლებიც  მკერდიდან ძალით ააგლიჯეს… მაშინ 2000 წელი იყო. შვილებისთვის ნათქვამი სიტყვები  „მალე დავბრუნდები შვილი“ 18 წელია გრძელდება…  ჩვენი რესპოდენტი ჯერ ის ისევ ემიგრანტია…

– მაია, როდის დატოვეთ საქართველო?

Загрузка...

– 2000 წლის 19 დეკემბერი იყო. როგორც ემიგრანტების უმრავლესობამ, ქვეყანა  მეც  ერთი მიზეზის გამო დავტოვე, ეს  უკიდურესი გაჭირვება და გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. ის დღე, როდესაც ქვეყანა დავტოვე,  ყველაზე საშინელი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ვერ ვივიწყებ, როგორ ეხუტებოდა  ჩემი უფროსი შვილი დედაჩემს და როგორ ტიროდა. როგორ ამაგლიჯეს გულიდან ჩემი უმცროსი შვილი ტირილით… მათი სახეები, მათი ცრემლიანი თვალები მუდამ თვალწინ მიდგას… ჩემი პატარების სიტყვები: „დედა არ წახვიდე“, „დედა არ დამტოვო“ მუდამ ყურში ჩამესმის, მიუხედავად იმის, რომ იმ დღიდან დიდი დრო გავიდა,  ეს დღე არასოდეს წაიშლება ჩემი გონებიდან!

– რამდენი წლისები იყვნენ  თქვენი შვილები როდესაც ემიგრაციაში გაემგზავრეთ? 

– ჩემი შვილები მაშინ 3 წლის და 5 წლის იყვნენ. უმცროსი, ანა ვერაფერს ხვდებოდა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. უფროსს ნინოს კი ავუხსენი, რომ დროებით დავტოვებდი მათ, ისევ მათ სასიკეთოდ და მალე დავბრუნდებოდი. თუმცა, სამწუხაროდ,  ეს “მალე” 18 წელია გრძელდება.

– განშორებიდან რამდენი წლის მერე შეხვდით პირველად შვილებს?

– 4 წლის შემდეგ. მათთან შეხვედრა დიდი სიხარული იყო,  მაგრამ ამასთანავე დიდი ტკივილიც… ვერ მიცნეს…  იცოდნენ „ვიღაც“ დედიკო მიდიოდა მათ სანახავად მაგრამ…. მიყურებდნენ გაკვირვებული სახით. როგორც მაშინ,  ახლაც ცრემლებს ძლივს ვიკავებ… მოვიდნენ ახლოს, როდესაც დარწმუნდნენ,  მე ის ვიყავი, ვინც ამ დროის განმავლობაში ტელეფონით ესაუბრებოდა და საჩუქრებს უგზავნიდა, სახელად “დედა”-  ჩამეხუტნენ.  იმ დღის მერე ერთი თვე ხელი აღარ გაუშვით ჩემთვის იმის შიშით,  რომ კიდევ არ დამეტოვებინა ისინი. „დედიკო ხომ აღარ წახვალ?“ „ დედიკო ხომ დარჩები ჩვენთან?”  მეკითხებოდნენ ყოველ წუთში და მე მათ უბრალოდ, ღიმილით ვპასუხობდი.

– იყო შემთხვევები, როცა მათთან ერთად გიტირიათ?

– არასოდეს! ისინი ჩემს თვალზე ცრემლს ვერასდროს დაინახავენ! არასოდეს არ ნახავენ დედას დაღლილს! ვერასდროს ვერ ნახავენ დედას ნაღვლიანს! ვცდილობ ვაჩვენო მათ როგორი ძლიერი ვარ! მინდა მაგალითი აიღონ ჩემგან, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ უსამართლო ცხოვრებას. უსაშველოდ მტკივა, ყოველი დღე ტკივილითაა სავსე, მაგრამ ამას არასოდეს ვაჩვენებ მათ.

– ემიგრაციაში წახვედით და შვილები დატოვეთ, გაიხსენებთ ბავშვებთან თქვენ პირველ სატელეფონო საუბრებს?

– როდესაც ათენში ჩავედი, იმ პერიოდში მობილური არ მქონდა და ტელეფონის ჯიხურიდან ვრეკავდი. ყურმილის ერთ მხარე მე ვიყავი ცრემლიანი თვალებით, მეორე  მხარეს კი გახარებული, ცრემლმორეული ბავშვების ხმა მესმოდა. უსაშველო იყო ეს მონატება.

– ემიგრაციაში ბავშვებთან თუ მოგიწიათ მუშაობა და როგორი განცდაა, როდესაც საკუთარი შვილები გენატრება და ამ დროს სხვის შვილებს ზრდი?

– რამდენიმე წლის წინ ვიმუშავე პატარა გოგონასთან. ორი თვის იყო. როგორც ჩემს შვილებს, ისე ვზრდიდი, ცივ ნიავს არ ვაკარებდი. იავნანათი გავზარდე… რამდენჯერ მიტირია, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის…

– აპირებთ საქართველოში დაბრუნებას ან ბავშვების წაყვანას?

– დაბრუნებას რა თქმა უნდა ვფიქრობ. არ მეგულება ემიგრანტი, რომელიც  ამაზე არ ოცნებობდეს. ადრე თუ გვიან ყველა დავბრუნდებით ჩვენს სამშობლოში. ბავშვების წაყვანა ყოველთვის შემეძლო და დღესაც შემიძლია, მაგრამ  ამას არასოდეს გავაკეთებ.  ისინი სწავლობენ.  თავისი  ცოდნა, განათლება და პროფესია  თავის სამშობლოში უნდა გამოიყენონ. საბედნიეროდ საბუთები მაქვს და თითქმის ყოველ წელს ჩამოვდივარ საქართველოში და ვეფერები  ჩემს მონატრებულ სამშობლოს და ოჯახის წევრებს. 

ყველა ქართველი დედა გმირია. მათ შეუძლებელი შეძლეს! მსხვერპლად შეწირეს თავი საკუთარ ქვეყანას და ოჯახს.

Загрузка...