Загрузка...
თეონა ფანქველაშვილი, 34 წლის, გორი  პროექტის “ქალები საქართველოდან” ფარგლებში გამოქვეყნდა 34 წლის თეონა ფანქველაშვილის   ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
თეონა ფანქველაშვილი, 34 წლის, გორი
“მე იცით როგორ ოჯახში გავიზარდე? 5 წლისას მითხრეს, რომ ბაღში რასაც მასწავლიდნენ ლენინის და სტალინის შესახებ, ტყუილია და მათზე ამ ოჯახში არ საუბრობენ, რადგან ამ ადამიანებს საქართველოსთვის კარგი არასოდეს გაუკეთებიათ. მასწავლეს, რომ ჩვენ ბევრად უკეთესი ისტორიული მოღვაწეები გვყავს და შემეძლო მათით მეამაყა. პაპაჩემი კი, რომელიც მეორე მსოფლიო

ომის მონაწილე იყო და საკმაოდ კარგი ჯილდოების მფლობელიც, არ ამაყობდა იმით, რომ ომში იბრძოდა და არასდროს გაუკეთებია მედლები. ჩემს გარშემო სულ ასეთი ადამიანები იყვნენ და მეგონა, რომ ყველა ასე ფიქრობდა. თან მთავრობაც ისეთი იყო ამ წლების განმავლობაში, რომ ამ თემებზე ასე ღიად არ საუბრობდნენ. სწორედ

პოლიტიკური ცვლილელებების შემდეგ დაიწყო ძეგლის დაბრუნებაზე აქტიური საუბრები, ხოლო ნელ-ნელა გამოჩნდა ჯიხურებსა და სასტუმროებზე სტალინის ფოტოები.

Загрузка...

ეს ხვედრი ერგო, სამწუხაროდ, ამ ქალაქს, აქ დაიბადა სტალინი. ამიტომ, ყველა ქალაქიდან გორში ჩამოდიან სტალინისტები ყოველწლიურად და ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ამ ქალაქში უყვართ სტალინი. მაგრამ, 2015 წლის 9 მაისი იყო შოკისმომგვრელი და ძალიან დამთრგუნველი ჩემთვის, რომელმაც ზოგი გამოგვაფხიზლა. წარმოიდგინეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან უამრავი ადამიანი ჩამოვიდა. საბჭოთა და რუსეთის დროშებს აფრიალებდნენ ქალაქის ცენტრში. იქვე იწვოდა ამერიკის დროშა და ისმოდა სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნები. უკვე აქტიურად ისმებოდა კითხვა, ნუთუ არავინ არის ამ ქალაქში ისეთი, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს და გააპროტესტებს?! მახსოვს, ორი კვირა იყო დარჩენილი 2016 წლის 9 მაისამდე. ვიცოდით, რომ ისევ გაიმართებოდა ყოველწლიური მარში. ამიტომ, ორგანიზება დავიწყეთ და შევთანხმდით მთავარზე, რომ რაც არ უნდა დაგვეგეგმა, მათთან კონფლიქტში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევსულიყავით.

გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ კონტრ-აქციებს კი არ გავმართავდით მათ წინააღდმეგ, არამედ აღვნიშნავდით ევროპის დღეებს, რომელიც 8 მაისიდან იწყება. უკვე მესამე წელია რაც ამ კამპანიას ვგეგმავთ მთავარი სლოგანით – “ჩვენ ვირჩევთ პროგრესს”. პირვე დღეს ჩამოგვყავს ხოლმე სკოლის მოსწავლეები საოკუპაციო ზოლის სხვადასხვა სკოლიდან, რომლებიც ესწრებიან ლექციას ტოტალიტარიზმის, თავისუფლებისა და დემოკრატიის შესახებ. ვცდილობთ, რომ მათ გადავცეთ რეალური ცოდნა იმაზე, თუ რა იყო საბჭოთა წარსული სინამდვილეში. ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებსაც ვახვედრებთ, რომლებიც უყვებიან რას აკეთებს ევროკავშირი ამ ქვეყნისთვის და რატომ პატრულირებენ იქ, სადაც ეს ახალგაზრდები ცხოვრობენ. ჩვენ გვჯერა, რომ თუკი გვინდა ეს ბრძოლა მოვიგოთ, ბავშვების განათლებიდან უნდა დავიწყოთ, რადგან სწორედ ბავშვები შეძლებენ საკუთარ ოჯახებში ამ განათლების შეტანას.

მეორე დღეს, ანუ 9 მაისს, როდესაც სტალინისტები მარშს იწყებენ, ჩვენ გორის უნივერსიტეტში ლექციას ვმართავთ ტოტალიტარიზმის შესახებ. მარშის პარალელურად, ჩვენ სტუდენტებთან ვსაუბრობთ თავისუფლების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას საბჭოთა კავშირმა.

საღამოს კი გვაქვს აქცია-კონცერტი მთავარ მოედანზე, სადაც ვიწვევთ იმ ბენდებს, რომლებიც ჩვენი თანამოაზრეები არიან. ჩვენ, ცხადია, არ ვართ იმ ვეტერანების წინააღმდეგი, რომლებსაც აქვთ ნოსტალგია და უყვართ სტალინი. ფაშიზმზე გამარჯვება უდავოდ დიდი მოვლენაა, თუმცაღა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოცდამეერთე საუკუნე უფრო პროგრესის და განვითარების გზაა. შესაბამისად, წითელი და რუსეთის დროშების ფრიალი იმ მოედანზე, რომელიც 10 წლის წინ იბომბებოდა, თან როდესაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ძალიან შეურაცხმყოფელია. ეს ქვეყანა დასაჯეს სწორედ თავისფლებისთვის და პროგრესისკენ სწრაფისთვის. ამის გააზრება უნდა შევძლოთ.”

სტალინის ძეგლი
——————————–
“2015 წლიდან სტალინის ძეგლის დაბრუნების თემა გააქტიურდა, რომლის ლობირებაც დაიწყო საინიციატივო ჯგუფმა “გორელები”. ამ ჯგუფს ადგილობრივი ბიზნესების და გავლენების მქონე კაცები წარმოადგენენ. მათ ხლმოწერებით მიმართეს საკრებულოს და ძეგლის დაბრუნება მოითხოვეს. საკრებულოს სხდომა 2 ოქტომბერს ჩაინიშნა. ჩვენ სხდომის გამართვამდე დავიწყეთ წერილების მიწერა და ამბის გავრცელება სხვადასხვა ორგანიზაციებში, ხოლო წინა დღეს შევხვდით დეპუტატებს. მათ ვუხსნიდით, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება საზიანო იქნებოდა იმ ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების გზას ადგას. მახსოვს საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთმა ბიზნესმენმა როგორ შეახსენა ქალაქის მერს, მას მხარი სწორედ იმიტომ დაუჭირეს, რომ ძეგლის დაბრუნებას დაპირდა. იქვე განუმარტეს, რომ პირობას თუ არ შეასრულებდა, სულ სხვანაირად მოიქცეოდნენ. შოკისმომგვრელი იყო იმის მოსმენა, რა ტონით ელაპარაკება ვიღაც ბიზნესმენი შენი ქალაქის მერს და როგორ ახსენებს, რატომ დაეხმარა მას ხელისუფლებაში მოსვლაში. სხდომის სურათიც საინტერესო იყო – მაგიდის ერთ მხარეს ვისხედით ხუთი გოგო, რომელიც სტალინის ძეგლის დაბრუნებას ვაპროტესტებდით და ვამბობდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა დანაშაული ოცდამეერთე საუკუნეში, რადგან არ შეიძლება დიქტატორების ძეგლები იდგმებოდეს. ხოლო მაგიდის მეორე მხარეს წარმოადგენდნენ დიდი და გავლენიანი კაცები, რომლებიც ჩვენი მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებდნენ. მაგალითად, “რატომ არ ხარ ბიჭი, რომ გაგიყვანო და გაგხიო ცემაში”, ან “რას გავხართ”, “როგორ გაქვთ თმები შეღებილი”, “წადით პირი დაიბანეთ”. აღიზიანებდათ ისიც, რომ მათთან პოლემიკაში შესვლა გავბედეთ, დამოკიდებულებები იყო “ვინ ხართ და რა გიკეთებიათ?!”. ჩვენ ვიშველიებდით თავისუფლების ქარტიას, რომელიც პარლამენტმა 2011 წელს მიიღო. ქარტია ცალსახად ამბობს, რომ ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლოები არ უნდა იყოს ქვეყანაში, ხოლო სადაც არის შემორჩენილი, უნდა მოხდეს მათი დემონტაჟი. იმ საკრებულოს სხდმომაზე ძეგლის დაბრუნების საკითხი ჩავარდა.”

პარტიზანული აქტივიზმი
——————————————
“ერთ-ერთი მთავარი ქუჩა გორში დღემდე სტალინი სახელობისაა. ყველაზე ცინიკური და სამარცხვინო კი, ალბათ, ის არის, რომ ილია ჭავჭავაძის ქუჩას სტალინის ქუჩა ჰკვეთს.

ჩვენ დავიწყეთ წერილების წერა, რომლებიც პრემიერ მინისტრთან, პარლამენტში და სხვადასხვა უწყებებში დავაგზავნეთ და ვითხოვთ, რომ გორში მთავარ ქუჩას არ ერქვას სტალინის სახელი. საჭიროა დაიწყოს თავისუფლების ქარტიის ამოქმედება, მაგრამ დღემდე არ შეკრებილა ქარტიის საბჭო და ამიტომ, არ განხილულა ეს საკითხი. ჩვენ არ ვნებდებით და პერმანენტულად ვახსენებთ ხოლმე მათ ამ საკითხს.

პარტიზანულადაც გვიცდია მოქმედება. მაგალითად, ერთ ღამეს სტალინის ქუჩაზე გავედით და ყველა სახლს გადავაკარით მარო მაყაშვილის სახელი. გვინდოდა, რომ მეორე დღეს ამ ქუჩაზე მაცხოვრებლებს მარო მაყაშვილის ქუჩაზე გაეღვიძათ. მეორე დღეს მედიაში გავრცელდა, რომ აქტივისტებმა სტალინის ქუჩას სახელი გადაარქვეს, მაგრამ არავინ იცოდა, რომ ამის უკან იდგა ის 5 გორელი აქტივისტი გოგო, რომელმაც 7 აგვისტოსაც ჩუმად დააწერა ტროტუარებს – “ამ ქუჩას რუსეთი ბომბავდა”. ამ აქციის მერე სოციალურ ქსელში უარყოფითი და შეურაცხმყოფელი კომენტარები ბევრი იყო – “ვინ ხართ”, “ვის დაკარგვიხართ”, “სტალინი დიდებული ადამიანი იყო და თქვენ საიდან მოხვედით” და ა.შ. რეალურ ცხოვრებაში უფრო მძიმე ფორმის თავდასხმები არ გვიგრძვნია. მე მგონია, ისინი თვლიან, რომ ჩვენ არავინ ვართ და მათთვის არ წარმოვადგენთ სერიოზულ ძალას. ამიტომ, გორში მთავარი ქუჩა სულ იქნება სტალინის სახელობის. ვიღაც 5 გოგო, რომელიც ამბობს, რომ ქუჩას სახელი უნდა გადაერქვას, ვერაფერსაც ვერ იზამენ, რადგან მათ პირისპირ დგანან ფულიანი და გავლენიანი კაცები.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქუჩის სახელთან დაკავშირებით დაიწყოს დისკუსია. ცხადია, ჩვენ მოგწვონს მარო მაყაშვილის სახელობის ქუჩის იდეა, მაგრამ ამოსავალია რომ სტალინის ქუჩა აღარ ერქვა და იყოს რომელიმე სხვა ქართველის სახელობის, იქნება ეს მაჩაბელი, ვაჟა-ფშაველა, რუსთაველი თუ იაკობ გოგებაშვილი. შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ და ერთობლივად გადავწყვიტოთ.. თუმცა, ჩვენ უკვე ვეძახით ამ ქუჩას მარო მაყაშვილის ქუჩას და ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ მაყაშვილის ქუჩაზე ვიმყოფებით. პრინციპში ვაგუებთ ადამიანებს, რომ ეს სტალინის ქუჩა არაა და უახლოეს მომავალში შეიძლება იყოს ან მაროს სახელობის, ან რომელიმე სხვა ქართველის.

ქუჩის ცვლილების გარდა გვინდა, რომ სტალინის მუზეუმის კონცეფცია შეიცვალოს. სტალინის მუზეუმში მასზე, როგორც გმირზე გიყვებიან. მახსოვსრ 2 თვის წინ ორი სლოვაკელი გოგო დამემგზავრა და მითხრეს, რომ სტალინის მუზეუმის ნახვას არ აპირებდნენ, რადგან მეგობრებისგან იცოდნენ, რომ მუზეუმში მასზე, როგორც გმირზე ისე საუბრობენ. მათ ჰქონდათ პროტესტი ამის გამო და ამიტომ არ აპირებდნენ შესვლას. უსიამოვნო იყო ამის მოსმენა.

ამ ყველაფერს გეგმავს და ახორციელებს ჩვენი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 5 გოგოსგან შედგება. ეს არის მთლიანად მოხალისეობრივ საწყისებზე და ჩვენ ამისგან არანაირი მატერიალური სარგებელი არ გვაქვს. გარკვეული ბიუჯეტი ამ აქციების ორგანიზებას, ცხადია, სჭირდება და ამიტომ, ჩამოვივლით ხოლმე სხვადასვა ორგანიზაციებს და ვეკითხებით რითი შეუძლიათ დახმარება. ზოგი დროშებს გვჩუქნის, ზოგი აქციისთვის მაისურებს ბეჭდავს და ზოგიც კონცერტისთვის ტექნიკას გვაძლევს.

ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყოდი, რომ გარდამტეხი ცვლილებები გვაქვს სახეზე, მაგრამ ანტი-რუსული და ანტი-საბჭოთა მოძრაობა ნამდვილად დაწყებულია და ვფიქრობ, რომ ეს საბოლოოდ შედეგს მაინც გამოიღებს.”

რუსეთი
—————————

“გორში მე სამხედრო ბაზის გვერდით ვცხოვრობ. 7 წლის ვიყავი მახსოვს და დედაჩემმა მთხოვა ჟაკეტი მიმეტანა ჩემი ძმისთვის, რომელიც მეგობრთან იყო იქვე მეზობლად. მოკლე გზით წავედი და ზუსტად სამხედრო ბაზის კედელს მივუყვებოდი. უცებ ვხედავ, რომ ბიჭები მორბიან ჩემსკენ და სროლაა. ერთ-ერთ ჩემს მეზობელ ბიჭს, ზაზა კაკაშვილს, რომელიც მაშინ 16 წლის იყო, ფეხზე კედი გაეხადა. კედის ასაღებად მიბრუნებულ ზაზას რუსმა სამხედრომ ესროლა და ადგილზე მოკლა. ამ ყველაფერს ვუყურებდი მე, 7 წლის ასაკში. მერე როცა ყვებოდნენ, რომ მე ბეწვზე გადავრჩი და წითელი ტყვიები ჩემს თავზე გადიოდნენ, ძალიან მინდოდა გაჩუმებულიყვნენ. გულში კი ვპასუხობდი, რომ ტყვიები წითელი კი არა ყვითელი იყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირი სირცხვილის გრძნობა მეუფლებოდა. იმდენად მინოდა ეს ყველაფერი ჩემს მეხსიერებაში მიმეჩქმალა, რომ მართლა შევძელი და ოთხოზორია რომ მოკლეს, მაშინ გამახსენდა. ალბათ, აქედანაც მომდინარეობს ჩემი პროტესტი რუსეთის მიმართ. ამიტომაც, ძალიან გული მწყდება და ვბრაზდები, როცა ქართველები რუსეთს და საბჭოთა კავშირს რომანტიულად მოიხსენიებენ. იმ საბჭოთა კავშირს, რომელმაც ჩვენი იდენტობა დაგვაკარგვინა და ისტორია წაშალა. მინდა ამ ხალხს გავაგებინო, რომ თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი ღირებულება არაფერია. ჩემი სადოქტორო თემაც ამას ეძღვნება, რომელზეც ახლა ვმუშაობ – “ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცუა 21 საუკუნეში”.

 

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის “ქალები საქართველოდან” (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი “ქალები საქართველოდან”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის
° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
Загрузка...