Загрузка...

“ჩვენი სიყვარულის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო, შორეულ წარსულში, ჯერ კიდევ მაშინ, სიყვარულის ხსენებაზე ლოყები რომ მიწითლდებოდა.

არ მომეწონა თავიდან. ვფიქრობდი, რა ჯანდაბა უნდა ჩემგან, რატომ მოვწონვარ, რა შესაყვარებელი ქალი მე ვარ-მეთქი.

Загрузка...

არ დანებდა. სულ უკან დამდევდა, ყველგან მხვდებოდა, მისაფრდებოდა, მალე სახლიდანაც კი ვეღარ გავდიოდი. კანონი ადევნების შესახებ მაშინ არ არსებობდა და ვერ ვუჩივლებდი, ვერც ჩემს ძმას ვაცემინებდი – ეს უფრო ღონიერი იყო და შემეშინდა.

და გაგრძელდა მერე ეს ამბავი. წლები. ბევრი წელი. პერიოდულად გაქრებოდა ხოლმე, მოვისაკლისებდი და გამოჩნდებოდა. ჯერ შევეგუე, მერე მივეჩვიე. მერე მივხვდი, რომ ყველაზე კარგად მიცნობს, ყველაზე მეტად ვადარდებ, და რაც არ უნდა გამიჭირდეს, სულ ჩემთან იქნება, სხვა კაცებისგან და ქალებისგან განსხვავებით. ყველა რომ მიმატოვებს, ეს მაინც დარჩება. ყველა რომ დამიკიდებს, ეს მოვა, მომეხვევა და ნუ გეშინია, მარტო არ ხარ, მე არასოდეს მიგატოვებო, მეტყვის.

მართალია, ადვილი არ ყოფილა. პარალელურად სხვა საყვარლებიც მყავდა და სულ პრობლემებს ქმნიდა ეს ჩემი მარადიული სიყვარული. ჩემი კაცები (და მეგობრებიც) მასზე ეჭვიანობდნენ, მე მათზე ვბრაზობდი, რომ არაფრით შეეძლოთ ჩემი ისე შეყვარება, ის აღარ დამჭირვებოდა, და არცერთს არ ეყო ძალა, ცხვირპირი მიემტვრია მისთვის, რომ სამუდამოდ დაევიწყებინა ჩემი არსებობა.

ბოლოსდაბოლოს, ამ ზამთარს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ურთიერთობას სახელი დავარქვათ და ოფიციალური სახე მივცეთ. ამას ადამიანურ ენაზე ქორწინებას ეძახიან.

თუმცა ქორწილი არ გვქონია, მხოლოდ შინაურ წრეში, ახლო მეგობრებმა აღვნიშნეთ.

შეგიძლიათ მომილოცოთ და ბედნიერება მისურვოთ: ახლა გათხოვილი ქალი ვარ. ქმარი მყავს. მართალია, ადამიანებთან ურთიერთობას, გარეთ გასვლას, სამსახურში სიარულს და ზოგჯერ სუნთქვას და სიცოცხლესაც კი მიშლის, მაგრამ ვუყვარვარ. ზოგჯერ მცემს კიდეც, მაგრამ ვიცი, რომ სიყვარულით მოსდის და ვიცი, რომ შემიძლია, მისი იმედი მქონდეს: სხვებისგან განსხვავებით, არასოდეს მიმატოვებს.

ჰო, ჩემს ქმარს დეპრესია ჰქვია. თავიდან მეუხერხულებოდა, ეს რანაირი სახელია-მეთქი, მაგრამ აღარ მრცხვენია. უკვე შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა.

თუ ფიქრობთ, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვარ, არსად არ დარეკოთ. უკვე ვცადე. როგორც წესი, ასეთ ზარებს არავინ პასუხობს.

და კიდევ, რაც შეეხება შვილებს, – ჯერ არ გადაგვიწყვეტია, გავაჩენთ თუ არა. ვნახოთ, მთელი ცხოვრება წინ გვაქვს.

Загрузка...