Загрузка...

“მეზობლის მსხალი ჩამოვკრიფე, ბაზარში გავყიდე და იმით გიყიდე პირველი ფეხსაცმელი” – დედის წერილი შვილს

დედის წერილი შვილს..

Загрузка...

შენ ახლა ოთხ კედელში გისოსებს მიღმა გძინავს, ან სულ არ გძინავს დე. მე კიდე უცხო ქვეყნის მიწაზე ვარ სხვის ჭერქვეშ და შენზე ვფიქრობ.  დღეს ერთი ორი ღიმილი თუ დავითვალე, ისიც სკივრში ,, ჩავკეტე,, უგულოდ და ცრემლებს მივეცი საჩუქრად ჩემი თავი.

– იცი დე? შენ ახალი ფეხადგმული იყავი, მაშინ ფეხსაცმელი არ გქონდა და მეზობლის მსხალი ჩამოვკრიფე,  ბაზარში გავყიდე და იმით გიყიდე პირველი ფეხსაცმელი.  როგორ გიხაროდა, როგორ დარბოდი და მეც,  პატარა დედა, სულ რაღაც 17 წლის, სიხარულით გიყურებდი. სიხარულის ცრემლები მცვიოდა და ბედნიერი ვიყავი.

შენი ამხანაგის დაბადების დღეზე ჩვენი სახლის ფანჯრები ჩანდა დე…  როგორ სევდიანად მეტყოდი ხოლმე:

– ჩვენი სახლი როდის გამოჩნდება იქედან ლამაზად?

– მალე დე, ყველაფერი გექნება… გეტყოდი და ჩაგეხუტებოდი…

მალე ემიგრანტი გავხდი და შენი ოცნებების ახდენა დავიწყე შვილო.  იმ შენი მეგობრის სახლის ფანჯრებიდან ლამაზი სახლი გამოგიჩინე და რაც შევძელი ყველაფერი გაგიკეთე…  რომ დაიბადე იმაზე ვოცნებობდი შენი ბანკეტი მენახა, როგორ დაამთავრებდი სკოლას და მეც შენს გვერდით ამაყად გავივლიდი… გულში ჩაგიხუტებდი და გეტყოდი:

– შენ  ჩემი შვილი ხარ.

ვერ შევძელი ეს ყველაფერი, უჩემოდ დაამთავრე სკოლა.

მე შენი ოცნებების ახდენას შევალიე წლები და შენ ჩემს მონატრებაში გაიზარდე.

სხვის შვილებს ვუყურებ დე და თვალით ვამოწმებ სანამდე მოგწვდები, როგორ გავივლი შენს გვერდით და თუ შემეძლება შუბლზე კოცნა მაშინდელივით. ვიცი, ფეხისწვერებზე დადგომა მომიწევს მაგრამ, ეს რად მიღირს მარტო მე ვიცი დე.

რამდენი რამე დავკარგე შენი ოცნებების ახდენისათვის და რამდენჯერ მოგენატრებოდა დედა.

რა ჯობია ისიც არ ვიცი, ან ვიცი და უკვე ყველაფერს მივეჩვიე.

შენს პატარა ხელებს ვენაცვალე დე… ხელებს, რომელსაც დედის ჩახუტება ყველაზე მეტად სჭირდება ახლა…

Загрузка...