Загрузка...

56 წლის მასწავლებელმა შეუძლებელი შეძლო – მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი ფეხით დაიჭირა და მეზობლების მოსვლამდე, ნახევარი საათის მანძილზე ხელი არ გაუშვია…

Загрузка...

35-წლიანი გამოცდილების მქონე დაწყებითი კლასების მასწავლებელი ოლგა მიხაილენკო კიევის გარეუბანში, მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობს.
კოლეგების მსგავსად, ხშირად შუაღამემდე მუშაობა უწევს – მოსწავლეების ნაწერებს ასწორებს.
იმ ღამესაც ასე იყო. ზედა სართულზე მცხოვრები ცოლ-ქმარი ვოვა და ანა ჩხუბობდნენ, ოლგა კი მოსწავლეების ნაწერებს ასწორებდა.

„აივანზე სიგარეტს ვეწეოდი, შემდეგ კი აივნის გარეთ გადავძვერი და საყვავილეზე დავდექი. თან ცოლს ვაშინებდი, რომ, თუ ყვირილს არ შეწყვეტდა, გადავხტებოდი. სინამდვილეში, მეცხრე სართულიდან გადახტომა არც მიფიქრია. უბრალოდ, მისი შეშინება მინდოდა, მაგრამ უკან, აივანზე გადასვლის დროს, ფეხი ამისრიალდა. რამდენიმე წამი აივნის კიდეზე ვეკიდე, მერე თითები დამიბუჟდა და ხელი გამეშვა..“ _ იხსენებს სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მამაკაცი.

ოლგა მიხაილენკოს 30 წლის შვილი ალექსეი კომპიუტერთან იჯდა, ზედა სართულიდან ხმაური მოესმა და აივანზე გაიხედა. სიბნელის მიუხედავად, შენიშნა, რომ მაღლა რაღაც ქანაობდა და დედას დაუძახა. თავდაპირველად, ქალმა იფიქრა, რომ ეს შარვალი იყო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ჰაერში მისი მეზობელი ეკიდა. სანამ გაერკვეოდა, მამაკაცი აივანს მოსწყდა და ქალს ცხვირწინ ჩაუფრინა. ქალმა წარმოუდგენელი რამ შეძლო და სასიკვდილოდ განწირული მეზობელი ტერფით დაიჭირა.

„ეს ყველაფერი ზოგჯერ თავადაც არ მჯერა. იმ 30 წუთიდან ყოველი წამი, რაც ჩემი მეზობელი მეკავა, სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. ფეხები მიკანკალებდა და ხელებში ძალას ვკარგავდი. მეჩვენებოდა, რომ ვეღარ გავუძლებდი და ხელი გამეშვებოდა. დარტყმის ძალამ კინაღამ მხარი ამომიგდო და როგორ მეყო ძალა მის დასაჭერად, დღემდე ვერ გამიგია. ჩემი შვილი ცდილობდა, დამხმარებოდა, მაგრამ ვერ შეძლო. საქმე ისაა, რომ დარტყმის ძალამ იატაკს მომწყვიტა. ნახევარი ტანით აივნიდან გადაკიდებული ვიყავი და ერთადერთი ფიქრი მაწვალებდა: ძალა თუ გამომელია და ხელი გავუშვი, მთელი ცხოვრება სინდისი დამტანჯავს, თუ არა და მეც დავიღუპები. იატაკზე რომ ვმდგარიყავი, შვილი ჩემს დახმარებას და ვოვას ამოყვანას შეძლებდა, მაგრამ ორივეს ამოსაყვანად ძალა არ ეყო“, – იხსენებს მომხდარს ოლგა მიხაილენკო.

მიხაილენკოს შვილი დამხმარეების მოსაყვანად გაიქცა, მაგრამ მეზობლების უმეტესობას უკვე ეძინა. ბოლოს და ბოლოს, ალექსეიმ რამდენიმე მეზობელი გააღვიძა და, მათთან ერთად, ძალაგამოლეული დედისა და მეზობლის ამოყვანა შეძლო.
„მომხდარის მერე ერთი კვირის მანძილზე სიარული მიჭირდა. სხეულის ის ნაწილი, რომლითაც აივანზე ვიყავი გადაკიდებული, მთლიანად დამილურჯდა. ხელის მტევნებსა და თითებს დიდხანს ვერ ვამოძრავებდი, მაგრამ ადამიანის გადარჩენის სიხარული იმდენად დიდი იყო, რომ ტკივილს ვერ ვგრძნობდი. ვოვა კეთილი ადამიანი და კარგი მეზობელია და სიკვდილს არ იმსახურებდა“.

– დღესაც ვერ გამიგია, როგორ შეძლო ამ სიფრიფანა ქალმა ჩემი დაჭერა. მან სიკვდილს გადამარჩინა და ჩემს მფარველ ანგელოზად იქცა, – ღიმილით ამბობს ვლადიმერ ბლისკუნი.
– მას შემდეგ ზედა სართულიდან ხმაური თუ შემომესმა, ერთადერთი ნატვრა მაქვს, ოღონდ ვოვა არ იყოს, – სიცილით პასუხობს ოლგა მიხაილენკო იღბლიან მეზობელს.

Загрузка...