Загрузка...

36 წლის მარი ბურ­დუ­ლი ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. ახალ­გაზ­რდა ქალი 4 წელი ებ­რძო­და სიმ­სივ­ნეს (თვა­ლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი მე­ლა­ნო­მა) და მისი ბრძო­ლა სიკ­ვდილ­თან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის მა­გა­ლი­თად იქცა. სამ­წუ­ხა­როდ, 2018 წლის მარ­ტის თვე­ში მარი ბურ­დუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მა­რის დარ­ჩა მე­უღ­ლე და 3 ტყუ­პი ვაჟი – გეგი, სან­დრო და ნი­კო­ლო­ზი, რომ­ლე­ბიც 6 წლის არი­ან…

უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში ვკი­თხუ­ლობთ:

Загрузка...

“მარი ბურ­დუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის. ჩვენს გუნდს გა­მო­აკ­ლდა სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და სან­დო პარტნი­ო­რი; მე­გო­ბა­რი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თბი­ლი, გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მზად იყო ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის და­სახ­მა­რებ­ლად.

მარი იყო ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც, მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე დი­აგ­ნო­ზი­სა, წარ­მო­უდ­გენ­ლად ბევ­რი იბ­რძო­ლა.

მარი ბურ­დუ­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე და, მი­უ­ხე­და­ვად მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ბო­ლომ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჩვენ­თვის არის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც არას­დროს გა­ივ­ლის”.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ პოსტს თან და­ურ­თო მარი ბურ­დუ­ლის ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც მან სა­კუ­თარ და­ა­ვა­დე­ბა­სა და სიკ­ვდილ­თან ბრძო­ლა­ზე და­წე­რა და რო­მე­ლიც, ადა­მი­ა­ნის­თვის იმე­დი­სა და ძა­ლის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა…

“ჩემი თა­ნა­ტო­სი”, მარი ბურ­დუ­ლი

ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ამ ამ­ბავ­ზე ადრე თუ გვი­ან რა­მეს დავ­წერ­დი, მაგ­რამ მინ­დო­და გა­მარ­ჯვე­ბის ის­ტო­რია და­მე­წე­რა და ამი­ტომ, ვე­ლო­დი გა­მარ­ჯვე­ბას… მერე მივ­ხვდი, რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მე უკვე გა­ვი­მარ­ჯვე, რად­გან ყო­ვე­ლი დღე, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ თენ­დე­ბა, რო­მელ­შიც არ არის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი და ყო­ვე­ლი დღე, რო­მელ­შიც არ არის… ბევ­რი სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი რამ – უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა… მოკ­ლედ, ეს იქ­ნე­ბა ცოტა სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვი, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე ჟან­რის კა­ნო­ნე­ბი არ მოქ­მე­დებს, სა­დაც სამ­ყა­როს ყვე­ლა, ახლა უკვე სა­ეჭ­ვო დის­კურ­სი ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ამ­ბა­ვია, ყვე­ლა სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ამ­ბა­ვი­ვით სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი და ბა­ნა­ლუ­რი.

რა­ტომ ვწერ? იმი­ტომ, რომ სხვა ადა­მი­ა­ნებს, რო­მე­ლიც ჩემს გზას გა­დი­ან, შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ში და­ვეხ­მა­რო. იმი­ტომ, რომ ჩემს თავს და­ვეხ­მა­რო – რად­გან როცა წერ, თით­ქოს მშო­ბი­ა­რობ სათ­ქმელს, თა­ვი­სუფ­ლდე­ბი და მერე, ჭიპ­ლარ­გა­დაჭ­რილ­ზე, უფრო იო­ლია გვერ­დი­დან შე­ხე­დო, ცოტა და­შორ­დე და ახა­ლი რეფ­ლექ­სი­ე­ბი გა­ი­ჩი­ნო. იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნებს მინ­და რა­ღაც ვუ­თხრა, რაც ვე­რაფ­რით ვერ ვუ­თხა­რი სხვა გზით. ჩემი დი­აგ­ნო­ზია თვა­ლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი მე­ლა­ნო­მა, მე­ტას­ტა­ზი­რე­ბუ­ლი ღვიძ­ლში და ძვალ­ში, მე­ო­თხე სტა­დია. უკვე დიდი ხა­ნია ეს და­სა­ხე­ლე­ბა არ მა­ში­ნებს და მე მო­გიყ­ვე­ბით, რო­გორ მო­ვი­ში­ნა­უ­რე ჩემი თა­ნა­ტო­სი…

და­სა­წყი­სი

2014 წლის ერთ მშვე­ნი­ერ სა­ღა­მოს ჩემ­მა ერთ-ერ­თმა შვილ­მა, რო­მე­ლიც მა­შინ 2 წლი­საც არ იყო, თა­მა­ში­სას ფეხ­საც­მლი­ა­ნი ფეხი თვალ­ში ძა­ლი­ან მწა­რედ ჩა­მარ­ტყა. მა­შინ მივ­ხვდი, „თვა­ლი­დან ცე­ცხლე­ბის გაყ­რა“ რომ სუ­ლაც არ არის მე­ტა­ფო­რა, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, თხუთ­მეტ წუთ­ში გა­და­მა­ვი­წყდა ეს ამ­ბა­ვი. მე­ო­რე დღეს, სამ­სა­ხურ­ში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ერთ წამ­ში მარ­ცხე­ნა თვალ­ში ჩა­მობ­ნელ­და, თით­ქოს წარ­მოდ­გე­ნა დამ­თავ­რდა და შავი ფარ­და ჩა­მო­უშ­ვეს – ვე­ღარ ვხე­დავ­დი. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წა­ვე­დი ექიმ­თან, რო­მელ­მაც თვალ­ში ჩამ­ხე­და და ძა­ლი­ან შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბულ­მა მი­თხრა – ბა­დუ­რა გაქვს ჩა­მოშ­ლი­ლიო. სას­წრა­ფოდ ოპე­რა­ცია უნდა გა­ი­კე­თო ბა­დუ­რის აღ­დგე­ნი­სო, მირ­ჩია კი­დეც, სა­ო­პე­რა­ცი­ოდ თურ­ქეთ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. რა თქმა უნდა, არ იყო კარ­გი ამ­ბა­ვი და, რა თქმა უნდა, სხვა ექი­მე­ბის აზ­რის მოს­მე­ნაც მინ­დო­და, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე მე­ო­რე დღეს კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ის ყვე­ლა ოფ­თალ­მო­ლოგ­თან ჩა­მო­მევ­ლო. იმ სა­ღა­მოს, ექი­მის­გან გა­მო­სუ­ლი, უკვე მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის წი­ნა­შე ვი­დე­ქი – ცალი თვა­ლით სამ­ყა­როს აღ­ქმის უც­ნა­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის წი­ნა­შე. ასე­ვე, შე­ვი­ძი­ნე სრუ­ლი­ად ახა­ლი შიში, რო­მე­ლიც იქამ­დე არას­დროს მქო­ნია – სიბრმა­ვის შიში.

მარი ბურ­დუ­ლის ტყუ­პე­ბი

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და­ი­ჯე­რო, რომ ასე, ერთ წამ­ში შე­იძ­ლე­ბა დაბრმავ­დე. „დაბრმავ­დე“ ნიშ­ნავს – შე­წყვი­ტო კავ­ში­რი სამ­ყა­როს­თან, ვე­ღარ და­ი­ნა­ხო შვი­ლე­ბი, მზე… (აი, ხომ ვამ­ბობ სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი და ბა­ნა­ლუ­რი ამ­ბა­ვია-მეთ­ქი)… მოკ­ლედ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექიმს ას­ჯერ და­ვა­დას­ტუ­რე­ბი­ნე, რომ მე­ო­რე თვა­ლი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი მქონ­და, იმ ღა­მეს მა­ინც არ მძი­ნე­ბია – მუდ­მი­ვად ვა­მოწ­მებ­დი მარ­ჯვე­ნა თვა­ლის მხედ­ვე­ლო­ბას და მე­გო­ნა, რომ იქაც რა­ღაც კარ­გად არ იყო, რად­გან სხვა­ნა­ი­რად ვხე­დავ­დი. რა თქმა უნდა, ერთი თვა­ლით სხვა­ნა­ი­რია სამ­ყა­რო, სა­ნამ ტვი­ნი ის­წავ­ლის ერთი თვა­ლით მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ისე ასახ­ვას, რომ ის (სამ­ყა­რო) ისე­თი­ვე მშვე­ნი­ე­რი იყოს, რო­გორც ბი­ნო­კუ­ლა­რუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბი­სას.მე­ო­რე დღეს, დი­ლა­ად­რი­ან წა­ვე­დი ერთ-ერთ ცნო­ბილ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში. ამ დროს ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან „შე­ნა­ხუ­ლი“ და საღი ვარ, ფსი­ქი­კი­სა და გამ­კლა­ვე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით და ამი­ტომ, მჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, მე ოპე­რა­ცი­ას გა­ვი­კე­თებ და ისევ ორი­ვე თვა­ლით და­ვი­ნა­ხავ.

ექი­მი, რო­მე­ლიც ჩემს მარ­ცხე­ნა თვალს სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტით ჩას­ცქე­რის, ცოტა ხან­ში კო­ლე­გებს უხ­მობს და ძა­ლი­ან მო­ზო­მი­ლი და მწი­რი ვერ­ბა­ლუ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბით იფარ­გლე­ბა. მე რა­ტომ­ღაც, ძა­ლი­ან კარ­გად ვერ­კვე­ვი უთ­ქმელ რა­ღა­ცე­ებ­ში. შე­იძ­ლე­ბა ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გამო, ან იმის გამო, რომ პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სხე­უ­ლის ენა­ზე ერთი-ორი წიგ­ნი წა­მი­კი­თხავს, ძა­ლი­ან კარ­გად მივ­ხვდი, რომ ჩემი ექი­მე­ბი იყ­ვნენ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი, ცოტა გა­ო­ცე­ბუ­ლი და რა­ღა­ცას მა­ლავ­დნენ. თვალ­ზე სხვა­დას­ხვა კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, მთხო­ვეს ოთა­ხი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა – კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­ივ­ლიდ­ნენ ერ­თმა­ნეთ­თან და მერე მე­ტყოდ­ნენ რა მჭირ­და.

დე­ტა­ლე­ბი კარ­გად აღარ მახ­სოვს, მაგ­რამ მახ­სოვს, როცა ოთახ­ში შე­ვე­დი და და­ჟი­ნე­ბით ვთხო­ვე ყვე­ლა­ფე­რი ეთ­ქვა, მან მი­პა­სუ­ხა, რომ ჯერ არ იცო­და ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი და დი­აგ­ნო­ზის დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ი­სათ­ვის სჭირ­დე­ბო­და სხვა­დას­ხვა კვლე­ვა. ამ კვლე­ვე­ბის შემ­დეგ შე­ეძ­ლე­ბო­და ზუს­ტი პა­სუ­ხი. მე კვლე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს ჩავ­ხე­დე – თა­ვის ტვი­ნის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კვლე­ვა, მუც­ლის ღრუს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კვლე­ვა, ფილ­ტვე­ბის რენტგე­ნი და ა.შ.

…მივ­ხვდი, ყვე­ლა­ფერს მივ­ხვდი – იქამ­დე არც კი გა­მე­გო, თვა­ლის პრობ­ლე­მი­დან თუ შე­იძ­ლე­ბა და­წყე­ბუ­ლი­ყო ეჭვი კი­ბო­ზე, მაგ­რამ ფაქ­ტია, ამ კვლე­ვე­ბით ეძებ­დნენ კი­ბოს უჯრე­დებს ჩემს სხე­ულ­ში. მაგ­რამ ხომ გახ­სოვთ, მე ამ დრო­ის­თვის ძა­ლი­ან საღი და „შე­ნა­ხუ­ლი“ ვარ, ამი­ტომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, რომ მე კიბო არ მაქვს, რომ გა­ვი­კე­თებ ოპე­რა­ცი­ას და ისევ ორი­ვე თვა­ლით და­ვი­ნა­ხავ.

აი, ხომ ვამ­ბობ­დი, ჩა­ვი­ტა­რე ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვა, და არ­სად, არც მუც­ლის ღრუ­ში, არც ფილ­ტვებ­ში, არც თა­ვის ტვინ­ში არც ერთი სა­ეჭ­ვო უჯრე­დი არ აღ­მოჩ­ნდა. მხო­ლოდ მარ­ცხე­ნა თვა­ლის არე­ში დად­გინ­და, რომ იყო სა­ვა­რა­უ­დოდ სის­ხლჩაქ­ცე­ვა, ამი­ტომ 6 თვის შემ­დეგ და­მი­ბა­რა თა­ვის ტვი­ნის „მკვლე­ვარ­მა“ ექიმ­მა, რომ დავ­რწმუნ­დეთ, ჰე­მა­ტო­მამ თუ გა­ი­წო­ვაო. მოკ­ლედ, მე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, დავ­ცი­ნი თვა­ლის ექი­მებს, რომ­ლებ­მაც, ღმერ­თო ჩემო, ეს რა „მო­ი­გო­ნეს“ და ასე შემ­დეგ… ახლა მხო­ლოდ მარ­ცხე­ნა თვა­ლის სიბრმა­ვეს უნდა ვუშ­ვე­ლო.

ამის­თვის, ახალ ოფ­თალ­მო­ლოგ­თან მივ­დი­ვარ. ახა­ლი ოფ­თალ­მო­ლო­გიც ჯი­უ­ტად დუმს, ისევ ვამ­ჩნევ, რომ რა­ღაც ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო­ზე ფიქ­რობს და არ ამ­ბობს. ცოტა ხან­ში მა­ნაც მთხო­ვა ოთა­ხი დავ­ტო­ვო და თა­ვად და­მი­ძა­ხებს. ეს უკვე მაშ­ფო­თებს. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ეს იყო პირ­ვე­ლი ექი­მი, რო­მელ­მაც ღიად მი­თხრა, რომ 99 %-იანი სი­ზუს­ტით შე­უძ­ლია თქვას, რომ მარ­ცხე­ნა თვალ­ში მაქვს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, რომ­ლის სა­ხე­ლია მე­ლა­ნო­მა, და, რომ მო­სა­ლო­ცად მაქვს საქ­მე, რად­გან „სხვა­გან არა­ფე­რი არ არის“ და მე­ო­რე თვა­ლიც სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია. მას შემ­დეგ კი­დევ სამ­მა ოფ­თალ­მო­ლოგ­მა და­ა­დას­ტუ­რა ჩემი დი­აგ­ნო­ზი.

გა­მო­სა­ვა­ლი იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნი, კარ­გად არ ვიცი, რო­მე­ლი ზმნა შე­ე­სა­ბა­მე­ბა ამ ოპე­რა­ცი­ას – თვა­ლის „ამოჭ­რა“, „ამო­ღე­ბა“, „ამოკ­ვე­თა“ თუ რა, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო ენა­ზე მას ენუკ­ლი­ა­ცია ქვია და მეც ასე მო­ვიხ­სე­ნი­ებ, უფრო ცი­ვი­ლუ­რად და ნაკ­ლებ ბრუ­ტა­ლუ­რად ჟღერს. გა­და­წყდა, სას­წრა­ფოდ უნდა ჩა­ტარ­დეს მარ­ცხე­ნა თვა­ლის ენუკ­ლი­ა­ცია, სიმ­სივ­ნე იმ­ხე­ლაა, სხვა მე­თო­დე­ბით – დას­ხი­ვე­ბით და ა.შ. მისი მკურ­ნა­ლო­ბა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. თვალს ამო­მაჭ­რი­ან, ის რაც მის ად­გი­ლას რჩე­ბა, ალ­ბათ ძა­ლი­ან გავს გა­მოქ­ვა­ბულს, მაგ­რამ მპირ­დე­ბი­ან, თურ­მე თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნას ამ „გა­მოქ­ვა­ბუ­ლის“ ამოვ­სე­ბის ათას­გვა­რი მე­თო­დი სცოდ­ნია – იმპლან­ტე­ბი, ფირ­ფი­ტე­ბი, ხე­ლოვ­ნუ­რი, მაგ­რამ ბუ­ნებ­რივ­თან ძა­ლი­ან მიმსგავ­სე­ბუ­ლი კე­რა­მი­კის თუ პლას­ტი­კის თვა­ლე­ბი….

ჯერ კარ­გად ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ რა უნდა გა­ვი­ა­რო, მაგ­რამ ვერც იმას ვი­ტყვი, რომ შო­კის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. კი­დევ ერთი თვი­სე­ბა მაქვს, რო­მე­ლიც არ ვიცი, კარ­გია თუ ცუდი, მაგ­რამ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მეხ­მა­რე­ბა ხოლ­მე – ძა­ლი­ან ადაპ­ტუ­რი ვარ, უცებ ვერ­გე­ბი ახალ მო­ცე­მუ­ლო­ბებს და ვახ­დენ მათ შთან­თქმას, ჰოდა ეს ახა­ლი ამ­ბა­ვიც და­ახ­ლო­ე­ბით ერთ დღე­ში „შევ­ჭა­მე“ და ძა­ლი­ან სწრა­ფად მო­მინ­და ენუკ­ლი­ა­ცი­ის გა­კე­თე­ბა, მინ­დო­და სწრა­ფად მო­მე­შო­რე­ბი­ნა ჩემი სხე­უ­ლის­თვის კიბო.

თა­ვი­დან გარ­კვე­უ­ლი აჟი­ტა­ცია მაქვს, ად­რე­ნა­ლი­ნი გა­მო­ი­ყო­ფა, ძა­ლე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას ვგრძნობ და ბრძო­ლის სურ­ვილს. მერე თვი­თი­რო­ნია მერ­თვე­ბა, წარ­მო­ვიდ­გენ „ცალ­თვა­ლა“ ჩემს თავს და მე­ცი­ნე­ბა, კი­დევ კარ­გი, შე­მიძ­ლია ამა­ზე ვი­ცი­ნო. მე და ჩემი ქმა­რი ვხუმ­რობთ – „ რა­მე­თუ თვალ­მან შენ­მან გი­ღა­ლა­ტოს, ამო­ი­ღე და გა­ნაგ­დე იგი“, ასე პირ­და­პი­რი გა­გე­ბით რა­ნა­ი­რად „მო­ი­წი­ეო“.

ვხვდე­ბი, რო­გორ დიდ­დე­ბა ჩემ­ში სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლი, და თუმ­ცა 2 დღის წინ ბა­დუ­რის ჩა­მოშ­ლას­თან შე­გუ­ე­ბა­ზეც არ ვი­ყა­ვი ყა­ბულს და ორი მხედ­ვე­ლი თვა­ლი მინ­დო­და, ახლა თა­ნახ­მა ვარ არა მარ­ტო მხედ­ვე­ლო­ბა, არა­მედ ერთი თვა­ლი ხარ­კი­ვით გა­და­ვუგ­დო სიკ­ვდილს, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­მე­დო ფე­ხებ­ში ამ ჩემს ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში, გა­და­ვუგ­დო და ფეხი ვკრა, და­ვი­ვი­წყო, ოღონდ სი­ცო­ცხლე გა­ვარ­ძე­ლო. იმ დღე­ებ­ში სულ ჩიტი და მე­ლი­ას ზღა­პა­რი მახ­სენ­დე­ბა და მე მგო­ნი, პირ­ვე­ლად „ვა­პა­ტიე“ ჩი­ო­რას გა­დაყ­რი­ლი ბარ­ტყე­ბი…ზუს­ტად იგი­ვე გან­ცდა მაქვს, რომ ვი­ღაც მო­მად­გა, ბარ­ტყი მომ­თხო­ვა და მე გა­და­ვუგ­დე…

სტამბული
ვწუხვარ, რომ ამ საოცარ ქალაქთან ცხოვრების ყველაზე მძიმე მოგონებები მაკავშირებს და უნდა ვაღიარო – აღარ მიყვარს. მოკლედ, სტამბულში მართლაც შესანიშნავი ექიმი შემხვდა, რომელმაც დეტალურად ამიხსნა, რატომ არის ერთადერთი გამოსავალი ენუკლიაცია, რატომ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი მაქსიმალურად სასწრაფოდ, რას ნიშნავს ამ დიაგნოზით ცხოვრება და ა.შ. მაგრამ დიდი არაფერი სირთულეა – ახლა თვალს ამომიღებენ, მერე სამ თვეში ერთხელ, ერთი წლის შემდეგ ექვს თვეში ერთხელ და შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში წელიწადში ერთხელ უნდა ვიკონტროლო სხეული, ემანდ რამე გადაგვარებული უჯრედი არ გაძვრეს – მთავარი ეჭვმიტანილი ორგანოა – ღვიძლი. ოპერაცია ორ დღეში დაინიშნა. ექიმი დიდხანს მესაუბრა ასევე იმაზე, რომ ეს ოპერაცია ძალიან რთულია პაციენტებისთვის ფსიქოლოგიურად, თორემ შესასრულებლად ოთხი კუნთის გადაჭრაა და მეტი არაფერი, მაგრამ ძალიან მძიმედ გადააქვთ პაციენტებს, რადგან თვალის ამოღებაა, დანაკარგია, სხეულის ხატს ცვლის და ა.შ… ჩემთვის ეს ყველაფერი ზედმიწევნით გასაგებია, ცოტა პროფესია მეხმარება, ცოტა ის, რომ მე მგონი მაზოხისტური ტენდენციები არ მაკლია და ცოტაც ის, რომ ყველა ადამიანივით გასაჭირში მიტევს სიცოცხლის სიყვარულის ინსტინქტი და ეროსი VS თანატოსი კრიტიკულ სიტუაციებში, ყოველთვის ეროსის გამარჯვებით მთავრდება… მაგრამ მაინც მძიმედ გადავიტანე ოპერაციის წინა დღე. ბოლო რამ, რაც ორი თვალით ვნახე, იყო აია სოფია, ვნახე პირველად და მიუხედავად იმისა, რომ სულ მინდოდა მენახა, შიგნით არ შევსულვარ – გადავწყვიტე, ისევ მოვიდე და შიგნით მაშინ დავათვალიერებ. ასე ვიგონებ ხოლმე ხან ნამდვილ, ხან ტყუილ, ხან თითიდან გამოწოვილ მოტივაციებს, სიცოცხლისათვის…
…ასე ნელა თუ მოვყვები ამ ამბავს, მე მგონი ტომეულის წერა მომიწევს. ამიტომ, საქმეზე გადავალ.

ორი დღის შემდეგ, დილაადრიან მივედი ოპერაციაზე, ველოდე ექიმს ნახევარი საათი მოსაცდელში, სადაც ისე მეძინებოდა, რომ თავის ვერტიკალურად გამაგრება მიჭირდა – დაცვის მექანიზმია, როცა ცუდად ვარ – ვიძინებ. მერე შემიყვანეს პალატაში და დამაწვინეს.
დავიძინე და გავიღვიძე სხვა ადამიანმა, არა, უფრო სწორად – სხვანაირმა. თვალგადახვეულს, ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერმა ფანტასტიურად ჩაიარა (ნეტა, რა შეიძლება თვალის ამოკვეთაში იყოს ფანტასტიური), რომ სისხლის მინიმალური დანაკარგი მაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედს სისხლით გავრცელების შანსი სავარაუდოდ არ მიეცა. პოსტ-ნარკოზის მდგომარეობა არასდროს გამჭირვებია. უბრალოდ, ვგრძნობ ხოლმე, რომ თავის ტვინში რაღაც კერები მუდმივად აღგზნებულია და ვერ „ვთიშავ“, ამიტომ ნარკოზის შემდეგ ვერასდროს ვიძინებ ჩემით, შეიძლება ერთი კვირა არ დავიძინო და მე ვერ ვამჩნევ ხოლმე, მაგრამ ამის გამო შესაძლოა ჩვეულებრივი ფსიხი ვხდები. რა თქმა უნდა, ოპერაციის შემდეგ ექიმს ვკითხე – ძალიან დავმახინჯდი თუ საშუალოდ. ექიმმა მიპასუხა, რომ ულამაზესი ვარ და ამაზე დიდხანს ვიცინე. ოპერაციის დღესვე, ძალიან მალე ჩუმად ავდექი, ტუალეტში დიდი სარკე ეკიდა, შევედი, სახვევი მოვიხსენი და ვნახე… კი, გამოქვაბულს გავდა, მაგრამ არც ისე ღრმა იყო, ინტერნეტში ბევრად საშინელი ფოტოები მაქვს ნანახი… ჩავთვალე, რომ არაფერი განსაკუთრებული. არ ვიცი, ძლიერი ვარ თუ გიჟი, მაგრამ ფაქტია, ეს გამოცდილებაც დღე-ნახევარში „შევჭამე“ , ავიღე თან წაღებული წიგნი – ჟოზე სარამაგუს „სიბრმავე“ და ასე დავიწყე ურთიერთობა ჩემს ერთადერთ შიშთან, რომელიც მაშინ მაწუხებდა. აღმოჩნდა, რომ კითხვაც ჩვეულებრივ შემიძლია და მართალია, ერთადერთი თვალი კითხვისას ცოტა მეწვის და ცოტა მიწყლიანდება, მაგრამ აბა, ეს რა მოსატანი ჩივილია მაშინ, როცა ეს-ეს არის დავამარცხე დაავადება, რომლის სახელის წარმოთქმაც კი უჭირს კაცობრიობის ალბათ ნახევარს მაინც.

კიდევ კარგი, ჩემი თვითშეფასება გარეგნობის კომპონენტს დიდად არ შეიცავდა არასდროს, ეტყობა… „ჩემი ლამაზი თვალების“ გამო არ მყვარებია ჩემი თავი და სიცოცხლე და მიუხედავად იმისა, რომ ენა (ლექსიკა) არასდროს ცდება და ის რაც „თვალის ჩინივით“ გასაფრთხილებელია კი არა, თვითონ თვალის ჩინი დავკარგე, მაინც უსწრაფესად ვრეაბილიტირდი, მესამე დღეს გამოვეწერე საავადმყოფოდან და თითქმის ბედნიერი დავბრუნდი საქართველოში.
წარმოგიდგენიათ, რომ ცალთვალა ცხოვრება არც ისე რთულია? ოპერაციიდან ერთ კვირაში სამსახურში გავედი – თვალაკრულ-ახვეული, მუქი სათვალე ჩამოვიფხატე სახეზე (იქამდე სათვალეს ვერ ვიტანდი და ერთიც არ მქონია) , „ჩოლკა“ შევიჭერი და ეგეც ჩამოვიფხატე მარცხნივ, მაგრამ ყოველთვის გადაწეული თმა მიყვარდა და “ჩოლკას” დიდად ვერ ვეგუები, ამიტომ მაინც ვიწევ. სინამდვილეში, იმ ხალხს უფრო ვუფრთხილდები ჩემი ახალი „იმიჯით“, რომელიც მე მიყურებს, ვიდრე საკუთარ თავს „ვმალავ“. დროდადრო, მივდივარ თვალის ექიმთან და მარჯვენა თვალს ვიკვლევ – ჩემს შიშს, სიბრმავის შიშს ვუხდი ხარკს. ჩემი თვალის აქაური ექიმი უკვე ფულს აღარ მართმევს, ისე ხშირად მივდივარ, ვიცი, რომ არაფერი მჭირს მარჯვენა თვალზე, მაგრამ რატომ გავუმკლავდე შფოთვებს ამ თემაზე, როცა შემიძლია მარტივად გავესინჯო, მაგალითად ყოველ თვე და დავრწმუნდე, რომ არაფერი მჭირს? ნელ-ნელა, სრულიად ჩვეულებრივად ვაგრძელებ ცხოვრებას, მეტიც, სათვალის მინა ძალიანაც გავაღიავე და არც „ჩოლკით“ ვიკლავ თავს. ვიტარებ ტომოგრაფიებს თავიდან-ფეხებამდე სამ თვეში ერთხელ და სრულიად ჯანმრთელი ვარ. კი, მე დავამარცხე კიბო. ამიტომ, ახლა შემიძლია თავისუფლად მივყო ხელი პლასტიკური მედიცინის სიკეთეებით სარგებლობას.

მივდივარ თურქეთში იმპლანტის გასაკეთებლად. ეს იმპლანტაციაც ორეტაპიანია, ჯერ თვალის შიგნით გიდგავენ „რაღაცას“, რაც იმოძრავებს და ხელოვნურ თვალს ბუნებრივთან სინქრონული მოძრაობის საშუალებას მისცემს, ნუ, არა 100%-ით, მაგრამ, წესით სადღაც 70%-ით ჰარმონიულად იმოძრავებენ. ისევ ოპერაცია, ისევ ნარკოზი. ისევ ჩასისხლიანებულ-ჩალურჯებული გამოქვაბული მარცხნივ. მერე უკვე სასიამოვნო პერიოდი- უკვე იმ იმპლანტის დამზადება, რომელიც გარედან „მაგრდება“ და ნამდვილ თვალს გავს. ისევ თურქეთი, ძალიან სიმპათიური „პროთეზისტი“ და „პროთეზისტის თანაშემწე“, როგორც მე მათ ვეძახი. .. ისინი ჩასცქერიან ჩემს ნამდვილ თვალს, უღებენ ფოტოებს რომ ზუსტი ასლი „შექმნან“. ეს ახალი თვალი ხან დიდი მაქვს და ხან პატარა. „პროთეზისტი“ თავის უპირველეს მოვალეობად მიიჩნევს დამარწმუნოს, რა ლამაზი ვარ, რომ მაქვს „ულამაზესი“ ნამდვილი თვალი, რომელიც თურმე ნუ იტყვით გარედან თაფლისფერია და თუ ღრმად დააკვირდები-მწვანე და ამიტომ ძნელია ჩემი ფერის „დასმა“. რომ რაც უფრო დიდია თვალი, მით ძნელია მისი იდენტური იმპლანტის დამზადება, მე კი „უდიდესი“ თვალები მაქვს. არ ყოფილა მარტივი ამბავი, რომ არა იუმორი და თვითირონია- მე მგონი იმაზე რთულიც იყო ვიდრე თავად თვალის ამოღება. მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, რა სასაცილოა თვალი ხან დიდი გაქვს-გადმოკარკლული და „გიჭერს“, ხან პატარა და გეკარგება. მოკლედ, ბოლოს რაღაც მიახლოვებული „შექმნეს“ , უკვე ისე მეზარება ეს „ პრიმერკებზე“ სიარული, ყველაფერზე თანახმა ვარ. როგორც ჩემი ქმარი მეუბნება, ნუ შენი თვალი ღმერთმა შექმნა და ეს „პროთეზისტმა“ და მისმა თანაშემწემ და ერთნაირი რანაირად იქნებაო. მე მგონი მართალია. დავიკიდე… კმაყოფილი ვარ მთლიანობაში. თურქეთში ახალი, მაგარი სათვალე ვიყიდე და წამოვედი, ორი თვალით….
ეს ამბავი აქ უნდა მთავრდებოდეს, მაგრამ არ მთავრდება…

სიკვდილი
კიბო ქრონიკული დაავადებაა და ამიტომ მისი „სპეც-ეფექტებისგან“ ასე იოლად ვერ თავისუფლდები. მაგრამ მე შევძელი და ჩემი „მრავალტანჯული” ლიბიდო – სიცოცხლის ენერგია, რაღაცნაირად „დავიცავი“ ამ ამბავზე სრულად ფიქსაციისგან. დაახლოებით ორი წლის შემდეგ თითქმის დამავიწყდა ჩემი დაავადება, თითქმის გადავწყვიტე, რომ აღარაფერი მემუქრება, მაგრამ…

მაგრამ 2016 წლის დასაწყისში, მორიგ უწყინარ გამოკვლევაზე წავედი… აღმოჩნდა, რომ ჩემი მელანომა „გაცოცხლდა“, ოღონდ ამჯერად ძალიან ფატალურად და ნამდვილი განაჩენივით გამომეცხადა – მრავლობითი მეტასტაზი ღვიძლში, სავარაუდო მეტასტაზები ძვალში. ამ დროისთვის მე უკვე ძალიან ბევრი რამე მაქვს წაკითხული ჩემს დაავადებაზე და ვიცი, რომ ამგვარი პროგრესირების შემთხვევაში პროგნოზი ძალიან სავალალოა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით ღვიძლის მეტასტაზებიდან 6 თვის შემდეგ კვდებიან, ზოგიერთ შემთხვევაში – მაქსიმუმ 2 წლის შემდეგ…

ყოველთვის მაოცებენ ის ადამიანები (არა მგონია გულწრფელები იყვნენ), რომლებიც მეუბნებიან, რომ არც კი უნდა დავუშვა ფიქრი სიკვდილზე, რომ ეს არის ერთადერთი გზა გადარჩენისკენ. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება არ იფიქრო სიკვდილზე, როცა ძალიან „ავი“ ფორმის მეოთხე სტადიის სიმსივნე გაქვს და ყველა სიკეთესთან ერთად საკმაოდ იშვიათი. მე სულ ვამბობ, რომ კიბოშიც უნდა „გაგიმართლოს“, შემხვედროდა მაგალითად ერთი „დალოცვილი“ ძუძუს კიბო, რომელიც ყველაზე ხშირი და ამიტომ ძალიან ნაკვლევი და ცნობილი „ხილია“ მედიცინისთვის. მაგრამ, როგორც ჩემი მეგობრები მამშვიდებენ, მე ხომ განსაკუთრებული ვარ და „ჩვეულებრივი“ კიბო რა ჩემი საკადრისია… ეს უკვე ისეთი გამოცდილებაა, რომელიც ასე რამდენიმე დღეში არ „იჭმევა“, როგორც აქამდე შემეძლო, თან ეტყობა, მეც აღარ ვარ ისეთი ძლიერი და „საღი“ და ჩემი გამკლავების რესურსი ნელ-ნელა შემომელია… როცა ის პერიოდი მახსენდება, ერთი ძალიან ცოცხალი ასოციაცია მიდგება თვალწინ- აი წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივად ცხოვრობ და ერთ ღამესაც იძინებ და როცა გაიღვიძებ, აღმოაჩენ რომ შენს გვერდით რაღაც ყველაზე საშინელი შესახედაობის მხეცი წევს, წევს კი არა- ცხოვრობს. ოღონდ ისე, რომ სრულიად შემოჭრილია შენს პერსონალურ სივრცეში, ხუთ სანტიმეტრზე ახლოს შენს სხეულთან, ყველგან დაგყვება, ვერაფრით იშორებ. იმდენად საშინელია, რომ თავიდან საერთოდ ვერ უყურებ, მხოლოდ გრძნობ, ალბათ ცივიც არის, ლორწოც აქვს და უფრო მახინჯია, ვიდრე რომელიმე საშინელებათა ფილმში გინახავს. ამიტომ, პირველი რამდენიმე დღე, ოთახში მარტო დარჩენაც მიჭირს, ხშირად მძინავს, იქნებ რომ გავიღვიძებ აღარ იყოს… უკვე რამდენიმე კვირაა ჩემთან ერთად ცხოვრობს და მე ნელ-ნელა ვხვდები, რომ სხვა გზა არ მაქვს, უნდა მოვახერხო და შევხედო, უნდა გავიცნო, მხოლოდ ასე შეიძლება ის აღარ იყოს „მოუშორებელი ჭირი“, უნდა დავიწყო მასთან ურთიერთობა, თუ მეგობრობა არა.

ჰოდა ერთ მშვენიერ დღეს, მე ავდექი და დაახლოებით იმ ემოციით თავიდან მარცხენა თვალის გამოქვაბულს რომ ჩავხედე, ოღონდ ისე მიზანდასახულად, როგორც არასოდეს არაფერი გამიკეთებია იქამდე ცხოვრებაში, ჩემს მხეცს პირდაპირ სახეში შევხედე და ვუთხარი: „გამარჯობა, მე ვარ მარი, და შენ ვერ შეცვლი ჩემი შვილების ბიოგრაფიას!“..
მას შემდეგ, ჩემი მხეცი, თითქოს „მოტყდა“, ან მე თვალი ისე შევაჩვიე, დიდად აღარ მემახინჯება და ხანდახან საერთოდ ვეღარც კი ვამჩნევ ჩემს გვერდით. ასე მოვიშინაურე სიკვდილი. თურმე, შესაძლებელია ბევრი იფიქრო სიკვდილზე და ამავდროულად სრულიად შეძლო სრულყოფილი სიცოცხლე. ვისწავლე ძალიან დიდი სურათის ყურება, ვცდილობ ფილოსოფიურად შევხედო სიკვდილს, ბოლოს და ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს ოცი წლით აქეთ თუ იქით- ბოლოს ხომ მაინც უნდა მოვიდეს, ან კიდე, სამყაროსა და კაცობრიობის კონტექსტში, სადაც ერთი ჭინაჭველაც არ ხარ- რა დიდი ტრაგედიაა ეს ერთი ადამიანის სიკვდილი, ან კიდე უკვდავების შანსი რომ არსებობდეს კიდე ჰო, ღირს გულის დაწყვეტად და, რადგან ეს შესაძლებლობა არ არსებობს, რა ჯანდაბაა დასასრულზე დარდი, რა სწრაფადაც არ უნდა გიახლოვდებოდეს ის. .. მოკლედ, თადაცვის მექანიზმები და ჩემი კოგნიტური სქემები ისე გამალებით ამუშავდა , ისე დაიწყო ინფორმაციის გადამუშავება, რომ სრულიად შესაძლებელი გახდა მხეცთან თანაცხოვრება, თანაც ისე, რომ სიცოცხლის ხარისხი დიდად არ დააზიანოს და ბრძოლის ძალაც დაგიტოვოს, იმიტომ რომ მე ახლა ვიცი, როგორ არ უნდა „მოკვდე“ ნამდვილ სიკვდილამდე, როგორ არასგზით არ უნდა მოკვდე, სანამ ცოცხალი ხარ…
ამასობაში, მე დიდი რაღაცეების გაუბრალოების დიდოსტატი გავხდი… ვცდილობ მნიშვნელობა დავუკარგო, ფეხებით შევდგე და გავტკეპნო, გავაწერტილო მთელი ეს ამბავი… მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ძნელია მნიშვნელობა დაუკარგო საკუთარ სიკვდილს, ძნელია დასვა წერტილი, ერთი პატარა წერტილი, ვერ ვახერხებ- მინიმუმ მრავალწერტილი მრჩება – სამი წერტილი…

სამი წერტილი
მე სამი შვილი მყავს – სამი არაჩვეულებრივი ტყუპი. ჯერ ოთხი წლისები არიან, ამიტომ ჩემს სახლში სიცოცხლის განსაკუთრებული, ხაზგასმული ყიჟინაა მუდამ. ისეთი ხმაურია, საერთოდ ვერ მოიცლი ვერც დეპრესიისთვის, ვერც თავის მოსაფხანად, ვერც… ვერც სიკვდილთან მოსარიგებლად ალბათ… მგონია, მათი დამსახურებაა, რომ მიუხედავად ჩემი დიაგნოზის სიმძიმისა, მიუხედავად იმისა რომ უამრავი საშინელი გამოკვლევა/პროცედურა/ მანიპულაცია/ ჯიჯგვნა/ ტკივილი „მერჩის“, სახლს არ ეტყობა, რომ რაიმე ცუდი ხდება, მეც და სხვა ოჯახის წევრებიც ჩვეულებრივად ვიცინით, ვხუმრობთ, ვცხოვრობთ… მე მეგონებოდა, რომ ჩვენ არაფერი გვეტყობა და ბავშვებს სრულიად ვიცავთ ამ ამბის რაიმენაირი ზეგავლენისგან, რომ არა ერთი პატარა ამბავი… ჩემს ერთ-ერთ შვილს, რომელიც რატომღაც ემოციურად უფრო მეტად არის ჩემთან დაკავშირბული, უყვარს ჩემს მუცელზე ამობობღება და ასე მოკალათება. მას შემდეგ, რაც ღვიძლი მეტასტაზებით „მომეფინა“, ნიკას ამობობღების ყველა მცდელობაზე სრულიად გაუცნობიერებლად ვეუბნები ხოლმე, „დე, მტკივა სხვანაირად დაჯექი“… ერთხელაც, ის ისევ საყვარელ პოზაში ამომაბობღდა, მოკალათდა ჩემს მუცელზე, მე ამჯერად რატომღაც არაფერი ვუთხარი (ეტყობა არ მეტკინა) და უცებ, თავისი, მე მგონი, ობიექტურად ძალიან ლამაზი თვალები სრულიად დაუმრგვალდა ( ასე ემართება, როცა რაღაც ძალიან აინტერესებს) კი არ შემომხედა, თვალები პირდაპირ სახეზე შემომაყარა და მკითხა: „ დე, არ გეტკინა? ესე-იგი აღარ მოკვდები???“ ზუსტად არ მახსოვს რა ვუპასუხე, მაგრამ მივხვდი, რომ ბავშვებმა ყველაფერი იციან და რომ დროა, დროა ვილაპარაკოთ… საკუთარი მდგომარეობის გააზრება, რა თქმა უდა, ყველაზე რთული მათთან მიმართებაშია. დღემდე არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, და არც ის ვიცი, ეს სად და რა ფორმით იჩენს თავს, მაგრამ მე ოთხი წლის ბავშვებთან დავიწყე ლაპარაკი იმაზე, რომ არსებოbს სიკვდილი, და დედაც შეიძლება მოკვდეს. სულ მგონია, რომ ბავშვებს იმდენად არ აზიანებთ ინფორმაცია, რამდენადაც ემოცია, რომელსაც ამ ინფორმაციას თან „ვაყოლებთ“, ამიტომ რა თქმა უნდა, სულ სიცილ-კისკისით, მაქსიმალურად მხიარულად და ისე, ვითომც არაფერი- მოვუყევი, რომ შესაძლებელია არც მოხდეს, მაგრამ შესაძლებელია მოხდეს კიდეც… სრულიად ჩვეულებრივად მიიღეს ეს ამბავი, დააზუსტეს მამას ხომ არაფერი ემუქრებოდა J)) , მერე ცოტა ხანში თამაშის სიუჟეტად აქციეს – რაღაცას თამაშობენ და უცებ მესმის“ ეხლა ვითომ დედა მოკვდა და სასწრაფოს დავუძახოთ“, მივხვდი, რომ უმკლავდებიან, გადააქვთ, შეუძლიათ… მას შემდეგ, რა თქმა უნდა, „ცაში წასვლის“ საკითხები ალბათ უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე სხვა ბავშვებს, მეკითხებიან მაგალითად ღრუბლებში დაძინების კომფორტულობაზე, ციდან „ჩამოვარდნის“ საფრთხეზე და ასე შემდეგ. ვერ ვიტყვი, რომ ამ ამბავმა ძალიან შეცვალა ისინი, სულ ვაპირებ სპეციალისტებთან მივიდე და ვკითხო – დავუშავე რამე თუ გავაძლიერე, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე…


საქართველო
არის გარკვეული უიღბლობა, როცა გემართება კიბო, მაგრამ ორმაგი უიღბლობაა, როცა ის საქართველოში გემართება. სხვა დროსა და სხვა კონტექსტშიც მითქვამს, არ მიყვარს ექიმების ლანძღვა – ყველაზე მაგარ პროფესიად მიმაჩნია და ჰუმანიზმის მწვერვალად, მაგრამ ჰოი საოცრებავ და ამ ქვეყანაში მათ მიმართ ჩემნაირ პოზიტიურად განწყობილ ადამიანსაც კი თავისუფლად დააყრევინებენ ფარ-ხმალს. როცა ექოსკოპიურად დადგინდა ახალწარმონაქმნები ღვიძლში, ნომერ პირველი ნაბიჯი იყო ბიოფსია, იმისთვის, რომ განსაზღვრულიყო რა ტიპის უჯრედია ეს და შესაბამისად, რა გზებით უნდა გვებრძოლა მასთან. თავიდან, რატომღაც გადავწყვიტე, რომ საქართველოში უნდა მემკურნალა და ბიოფსიისთვისაც ამ საკითხის „მამას“ მივმართე. (ამ ექიმის გვარს და სახელს არ დავასახელებ). მან ნახევარი საათი მჯიჯგნა, დამჩხვლიტა და როგორც იქნა აიღო ქსოვილი, რომელზეც იყო დამოკიდებული მკურნალობის სტრატეგია და პრინციპში, ჩემი სიცოცხლე. ბიოფსიის ნათესის პასუხი სადღაც ათ დღეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნაცნობები და გულშემატკივრები „ჩავრიეთ“ და ვთხოვეთ, როგორც კი პრეპარატს „დაეტყობოდა“ რა იყო, მაშინვე ეთქვათ. ორ დღეში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ აღებული ქსოვილი არის სრულიად ჯანმრთელი ღვიძლის ქსოვილი და არანაირი „სხვანაირი“ უჯრედი იქ არ არის. ცოტა „ნეტარი“ ტიპი რომ ვყოფილიყავი, იქნებ დამეჯერებინა კიდეც, რომ ყველაფერი კარგად არის და საერთოდ დამევიწყებინა კიბო. „ბიოფსიის მამას“ რომ დავურეკეთ და ეს პასუხი ვამცნეთ, გვითხრა, უი, რა ვიცი, თუ უნდა კიდე მოვიდეს და კიდე პატარას მივჯიჯგნი, ეტყობა, მაგ ჯერზე ვერ ავიღე შესაბამისი ქსოვილიო. ძალიან ცხადი გახდა, რომ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არათუ მკურნალობა, დიაგნოსტირებაც სერიოზული პრობლემაა და ისევ თურქეთში წასვლა გადავწყვიტე. იმაზე აღარ დავწერ, რა რაოდენობის ფინანსებთან არის დაკავშირებული ყველა ვიზიტი, ყველა პროცედურა, ყველა გამოკვლევა, ვისაც ამ დაავადებასთან შეხება ქონია, იმან კარგად იცის.

თურქეთში, რა თქმა უნდა, წარმატებით აიღეს საჭირო ქსოვილი ღვიძლიდან, ასევე წარმატებით დაადგინეს, რომ ეს იყო მელანომის ავთვისებიანი უჯრედი, ასეთი და ასეთი მუტაციით და ჩემმა თურქმა ონკოლოგმა მკურნალობის სტრატეგიაც განსაზღვრა. თურმე ნუ იტყვით, მედიცინაში საოცარი გარღვევაა- კიბოს ზოგიერთ ფორმასთან და მათ შორის მელანომასთან საბრძოლველად გამოუგონებიათ თერაპიის ახალი ფორმა, რომელსაც იმუნოთერაპია ქვია და საკუთარი იმუნური სისტემის გააქტიურების შედეგად, ადამიანის იმუნურ უჯრედებს „ასწავლის“ გადაგვარებული უჯრედის ცნობას და მის განადგურებას. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, შემთხვევათა 60 %-ში იმუნოთერაპია საოცარ შედეგებს იძლევა. დრამატული საკითხი, რა თქმა უნდა, ამ თერაპიის ღირებულებაა.
გადაწყდა, ჩემი სიცოცხლე დღეიდან ღირს 8500 ევრო 21 დღეში ერთხელ (ერთი გადასხმის, ანუ ამპულის ფასი) და თუ ღმერთმა ქნა და ამ თერაპიამ იმუშავა, პრინციპში განუსაზღვრელი დროით (მინიმუმ 2 წლით) უნდა ვიკეთო ეს გადასხმა ამ სიხშირით (იოლად შეგიძლიათ გამოთვალოთ 2 წლის გამავლობაში 8500 ევრო 21 დღეში ერთხელ რა თანხაა) და რომც არ იმუშავოს, ამის დადგენა არ ხდება მეხუთე გადასხმამდე, ანუ, მინიმუმ 5* 8500 -ზე ევრო მჭირდება პირველ ეტაპზე… ეს თანხა ფანტასტიკის სფეროდანაც არ არის ჩემთვის. სახლიც რომ გავყიდო, რომელიც ბანკის იპოთეკით არის დატვირთული, მაქსიმუმ ერთი გადასხმის ფული მრჩება (დანარჩენი ბანკს).

საქართველო კიდევ იცით რატომ არის საოცარი ქვეყანა? თურქეთიდან დანიშნულებით რომ დავბრუნდი, გადავწყვიტე, გადასხმა მაინც (თუ რაღაცნაირად ვიყიდდი ერთ ამპულას) აქ გამეკეთებინა. საქართველოში ეს წამალი – „კეიტრუდა“ ბაზარზე ასე არ იყიდება. უნდა შეუკვეთო. ექსკლუზიური შემომტანი არის ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანია. და იცით, მისი ფასი რამდენით მეტია მაგალითად ამ წამლის თურქეთის ფასთან შედარებით? (8500 ევროსგან?) დაახლოებით სამჯერ მეტი!!!! უარესსაც გეტყვით, მაგალითად ჯანდაცვის სამინისტრო რომ დაგეხმაროს, კანონით ისეა ეს ამბავი რეგულირებული, რომ ის ამ შემომტან კომპანიას უხდის ფულს, ანუ ერთ ამპულაში იხდის სამჯერ მეტს, მაშინ როცა პაციენტს შეუძლია ამ ფულით და ამ კომპანიის გარეშე სამი ასეთი ამპულა იყიდოს!
მარამ საქართველო მართლაა საოცარი ქვეყანა და ახლა მოგიყვებით რატომ.

ადამიანები
ამ ამბის ამ ნაწილის დაწერა ყველაზე მტად მინდა და ყველაზე მეტად მიჭირს. მიჭირს, იმიტომ, რომ არ ვიცი როგორ ამბობენ მადლობას სიცოცხლისათვის. „მადლობა“ არ არის საკმარისი და საერთოდ არ იტევს იმ მნიშვნელობას, რაც მე მინდა, რომ თქვენ გითხრათ… სულ ვამბობ, რომ თუკი რაიმე პოზიტიური შეიძლება ქონდეს ამ გამოცდილებას, რაც მე რაღაცნაირად მერგო, ეს არის ადამიანები, ადამიანები, რომლებმაც არც მეტი არც ნაკლები, უზრუნველყვეს ჩემი სიცოცხლე. არ ვიცი მე გამიმართლა ასე, თუ ესაა ის, რაზეც დგას ეს სამყარო, რაც ანეიტრალებს ადამიანად ყოფნის ყველა ტკივილს და სასოწარკვეთას, ყველა გზის ყველა უსწორ-მასწორობას… მე ვარ ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ადამიანი, რომ ასეთები აღმოჩდნენ ჩემს გვერდით. თურქეთიდან რომ ჩამოვედი ჩემი მკურნალობის „საოცარი“ კალკულაციით და რომ მივხვდი, რომ შეუძლებელია ამ თანხის მობილიზება, გადავწყვიტე, უბრალოდ ქიმია გამეკეთებინა, რომელიც ასეთი ასტრონომიული თანხები არ ღირს. აღმოჩნდა, რომ მელანომას ჩემი ფორმის უჯრედი, ქიმიაზე არ რეაგირებს და მხოლოდ შემთხვევათა 2 პროცენტში იძლევა შედეგს. მერე არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ მოხდა ჩემი მონაწილეობის გარეშე და რაღაც თავგანწირული სულისკვეთებით (ჰო, ეს არის ის სიტყვა, რომელიც აქ მჭირდება): ჩემმა მეგობრებმა, ისე რომ არც ვიცოდი, დაიწყეს ფულის შეგროვების კამპანია. ეს იყო მთელ ამ ამბავში ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ამაღელვებელი პერიოდი. როგორც ხდება ხოლმე, ჩემი ფოტოებით და დახმარების თხოვნით აჭრელდა ყველა საჯარო სივრცე. გამიჭირდა, მაშინ დავხურე სოციალური ქსელი და ჩემს ოთახში პირველად შევიკეტე, დიდი ხნით…

ჩემი მეგობრები, რომელთა სახელებს აქ არ ჩამოვწერ შეგნებულად, მაგრამ მათ უნდა იცნონ თავისი თავი, არა თუ გვერდში მედგნენ, არამედ უბრალოდ იცხოვრეს ჩემი ცხოვრებით და ჩემი დაავადებით. ილიაუნი, ჩემი სამსახური, არის ადგილი სადაც მე რამდენიმე სიცოცხლე მომცეს. ილიაუნი, როგორც ინსტიტუცია და როგორც თანამშრომლების, ადამიანების გუნდი დამეხმარა რამდენჯერმე და იმდენით, რამდენიც მჭირდებოდა. მეხმარებოდა ყველა- მეგობრები, თანამშრომლები, ჯგუფელები, კლასელები, ნაცნობები, ნაცნობების ნაცნობები, ფეისბუქის მეგობრები და იმათი მეგობრები, სრულიად უცნობი ადამიანები!!!! იცით, რა მნიშვნელოვანი შინაარსი ქონია ერთი ლარით დახმარებას? ყოველთვის მეგონა, რომ უაზრობა იყო- როცა ერთ ლარს გირიცხავენ, შენ ხვდები, რომ ადამინებმა ყველაფერი მოგცეს რაც ქონდათ, ალბათ პური გაგინაწილეს და ამ დროს ხვდები, რომ გარდა რეალური ფინანსური დახმარებისა ეს არის საოცარი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა, რომ გადარჩე! აი, მადლობა რომ არ ყოფნის არანაირად და რაც შეგიძლია საპასუხოდ გააკეთო ეს არის რომ უბრალოდ ისევ გადარჩე! ამ ორი წლის განმავლობაში სულ ასე იყო, ხან ისე ვიღლები, ვხუმრობ ხოლმე -„ისეთი დაღლილი ვარ სიკვდილის შემდეგ ეს „ სულის მოგზაურობაც“ კი მაგრად მეზარება და მგონი მირჩევნია არყოფნა იყოს „იქით“-მეთქი“ და ამ დროს ადამიანები ერთიანდებიან, საოცრებებს აკეთებენ, გიგროვებენ ფულს , მხრებზე გკიდებენ პასუხისმგებლობას რომ აი ეხლა არ უნდა გაუცრუო იმედი და შენ ისევ გეძლევა არაადამიანური ძალა, ისევ დგები და მიდიხარ გადასარჩენად! მადლობა თითოეულს, მადლობა მხატვრებს, რომლებმაც ნახატები მომცეს გამოფენა-გაყიდვისთვის, მადლობა ამ ამბების ორგაიზატორს (ებს), მადლობა მომღერლებს, რომლებმაც იმღერეს, მწერლებს, რომლებმაც წიგნების გაყიდვიდან ჰონორარი მომცეს… სულ მეშინია ვინმე არ გამომრჩეს. ვერასდროს მოვახერხე მადლობის პირისპირ თქმა თქვენთვის, ძალიან ხშირად, როცა ქუჩაში მხვდებით მე თვალებს ვხრი და თავს ძალიან ვაკონტროლებ, რომ არ მოგეჭრათ და რამე უხერხული ფორმებით არ გამოვხატო რომ ძალიან, ძალიან მადლობელი ვარ! საერთოდ არ ვიცი როგორ გახდა შესაძლებელი, რომ გავიკეთე იმუნოთერაპიაც (რომელმაც სამწუხაროდ არ იმუშავა) და კიდევ ორი ძალიან დიდი ოპერაცია რომელიც ასევე წარმოუდგენელი თანხა დაჯდა. მართლა არასდროს შემეძლო წარმომედგინა, რომ ეს საერთოდ შესაძლებელია. ჰოდა, თქვენ ეს შეძელით… შეძელით, რომ მე ცოცხალი ვარ, რა მიშვნელობა აქვს რა იქნება ხვალ , მთავარია, რომ თქვენ არსებობთ და მე მერგო პატივი, ჩამევლო რაღაცა ძალიან მთავარისთვის ამ სამყაროში, რასაც შესაძლოა სიკეთე ქვია ან რაიმე სხვა, მთავარია, რომ მე არა თუ გადავრჩი, არამედ გავხდი უკეთესი, ვიდრე იქამდე და მინიმუმ ვიცი, როგორ არასოდეს არ უნდა ვიყო გულგრილი მათ მიმართ, ვისაც დახმარება ჭირდება და, რომ საოცარ ძალას იძენს სიცოცხლის სამსახურში ჩამდგარი ყველა ერთლარიანი…
მადლობა, თითოეულს და ყველას!…

და კიდევ, არის ერთი ადამიანი (ის ჩემი ქმარია, მაგრამ მასაც ვერასოდეს ვუთხარი ეს პირისპირ), რომელიც მხოლოდ გვერდში კი არ მიდგას, ან მეხმარება, არამედ ძალიან ხშირად უბრალოდ ჩემს მაგივრად ცხოვრობს, როცა მე ამის თავი აღარ მაქვ … და თან ამას ისე აკეთებს გეგონება, მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდა, გეგონება, ერთი ბეწო ჩრდილი არ მისდგომია მის წარმოდგენებს ბედნიერ ცხოვრებაზე, სიყვარულზე…. გეგონება ეს ასეც უნდა იყოს და ამაშ ისეთი გულწრფელია, ხანდახან მეც მგონია, რომ ეს ასეც უნდა იყოს და მავიწყდება, მავიწყდება რეებს აკეთებს… ამიტომ მას ვეუბნები ბოდიშს … თუ ძალიან პატეთიკური არ ვიქნები, მიიღე ჩემი ბოდიში იმის გამოც, რომ ხანდახან მავიწყდება, რა ბედნიერებაა, შენ რომ არსებობ…

აწმყო
არასრული ორი წლის განმავლობაში გავიკეთე იმუნოთერაპია, ე.წ. თარგეთ-თერაპია და ბოლოს ორი ძალიან მძიმე ოპერაცია. 2017 წლის გაზაფხულზე, უკვე მივხვდი, რომ ვკვდებოდი. წონის დეფიციტი, საშინელი სისუსტე, სახეზე მიწისფერი – ყველაფერი მიმანიშნებდა, რომ ჩემი მხეცი ისევ „გამხეცდა“. თურქეთში ბოლო გამოკვლევამ ცხადყო, რომ ამასობაში ჩემი მრავლობითი მეტასტაზიდან ყველაზე დიდი უკვე 9 სანტიმეტრი იყო. პრინციპში, გადაჭარბების გარეშე, ძალიან უცნაურია, რომ მაშინ არ მოვკვდი. ამასობაში, მე რა თქმა უნდა, თვალის მელანომის ექსპერტი გავხდი. იმდენი ვიკითხე, იმდენი ინფორმაცია მივიღე,იმდენ დახურულ ჯგუფში გავწევრიანდი, სანამ მკურნალობის ერთ ექსპერიმენტალურ მეთოდს არ გადავეყარე. მოკლედ, ამ მეთოდს ღვიძლის ქიმიოსატურაცია ქვია, ღვიძლის სეპარაცია ხდება სისხლის მიმოქცევის სიტემიდან გულში და არტერიებში გარჭობილი კათეტერებით, მერე ღვიძლის ტოქსიკური რაოდენობის ქიმიით „შეწამვლა“ და ისევ სისხლის მიმოქცევაში დაბრუნება. ოპერაცია დაახლოვებით 6 საათიანია. ითვლება, რომ თვალის მელანომის მკურნალობაში ძალიან ეფექტურია, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, ეს არ არის „მკურნალობა“ ეს არის პროცესის გაჩერების შესაძლებლობა, დროის მოგება, სიკვდილის გადავადება…ოღონდ ამ მეთოდით ამ დროის მოგება ძალიან ძვირი ღირს,ისევ შეუძლებლად ძვირი, მაგრამ მე ხომ პარალელურად სასწაულები მდევს თან, ადამიანების ხელით ჩადენილი სასწაულები. ისევ შესაძლებელი გახდა ამ ოპერაციის ჩატარება გერმანიაში. სხვათა შორის, ერთადერთი კლინიკა იყო რომელიც დამთანხმდა, სხვა ათამდე კლინიკამ ჩემთვის „ხელის მოკიდებაზე“ უარი თქვა, როგორც უიმედო პაციენტზე. მოკლედ, არ აღვწერ რა მდგომარეობაში ჩავაღწიე გერმანიაში, სხვათა შორის სამჯერ-სანამ ოპერაცია ბოლოს და ბოლოს დაიგეგმებოდა. დავწერე კიდეც, გერმანული ბიუროკრატიის ტყვეობაში დიდ ხანს ვიყავი- ექიმები ხშირ-ხშირად მიმეორებდნენ, რომ შესაძლოა ოპერაციამდე ვერ მივიდე, მაგრამ ამავე დროს ვერ აჩქარებდნენ ოპერაციის თარიღის დანიშვნას. მაგრამ, როცა შიგნით ხვდები, აცნობიერებ რომ პროფესიონალიზმის მწვერვალი თუ სადმეა მედიცინაში, ალბათ მათ შორის ამ ქვეყანაში. ოპერაციისას ჩვეულებრივად „გრეის ანატომიაში“ მოვხვდი. 6 თუ 7 საათიანი ნარკოზის შემდეგ რეანიმაციაში თუ ინტენსიურში გადამიყვანეს. ოპერაციამ იმდენად კარგად ჩაიარა, რომ ვითომ ემოციაშეკავებული, “ცივი“ გერმანელებიც ვერ მალავდნენ სიხარულს და გაკვირვებას, რომ ცოცხალი ვიყავი. რეანიმაციაში საოცარი გარემო იყო- როგორც გითხარით ნარკოზის შემდეგ ვერ ვიძინებ ვერასდროს. ვუყურებდი, როგორ შემოყავდათ მძიმე პაციენტები, მე თვითონ ათას შნურზე და მავთულზე ვიყავი მიმაგრებული, სხვებიც. წუთში ასჯერ ისმოდა ამა თუ იმ აპარატის წივილკივილი იმის ნიშნად, რომ რაღაც კარგად არ არის-სადღაც წნევა ეცემა, სადღაც გულისცემა, სადღაც სატურაცია იკლებს. ექიმები და ექთნები თავდაუზოგავად, შეუჩერებლად დარბიან და ბუკვალურად ებრძვიან სიკვდილს. პროცესი ასე იწყება- ექიმებს შემოყავთ პაციენტი და მართალია გერმანულად (მე გერმანული არ ვიცი) ლაპარაკობენ, მაგრამ უკვე ყველაფერს ვიგებ, ყველა შემთხვევაში დაახლოებით ასეთ ტექსტს ამბობენ: „ მარცხენა თვალის მელანომა, 34 წლის, ქალი. ენუკლიაცია 20 14 წელს. მეტასტაზები ღვიძლში და ძვალში. ჩატარდა ღვიძლის ქიმიოსატურაცია.“ მერე ძირითადი მაჩვენებლები სისხლში და რა უნდა გაკეთდეს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ. ..მე შეიძლება იმიტომ, რო ნარკოზის შემდეგ თავის ტვინში რაღაც კერები აღგზნებული მაქვს, სულ მეჩვენება, რომ ყველა ამ ანამნეზს აკლია პაციენტის სახელი და გვარი, ამბავი იმაზე ვინ ელოდება და ვინ ნერვიულობს გარეთ, ყავს თუ არა შვილები, რატომ არ უნდა დაანებონ სიკვდილს, რა უყვარს და რას გააკეთებს, როცა გადარჩება… სისულელეა, რა თმა უნდა… ჩემი აგზნებული ტვინი იმასაც ამჩნევს, რომ ყველა ექიმი ამ რეანიმაციიდან გასვლისას თითების რაღაც ერთნაირ მოძრაობას აკეთებს, თითქმის ყველა მათგანი. ვერ მოვითმინე და ჩემთან მოსულ ექთანს ვკითხე ეს რას ნიშნავდა. გაუკვირდა რომ შევამჩნიე და მიპასუხა, რომ ეს მოძრაობა მათი თილისმასავით არის, ცრურწმენასავით, რომ თუ ამას გააკეთებ, იმ დღეს არავინ მოკვდება. ალბათ მსოფლიოს ყველა რეანიმაციაში ყველაზე მეტად სძულთ სიკვდილი. რადგან იქ სიკვდილი, არა მარტო პაციანტის დამარცხებაა, არამედ ექიმისაც, ამიტომ მთელი ძალებით, ხელებით, გონებით ებრძვიან და იგერიებენ მას… 24 საათის შემდეგ გადავედი პალატაში, იქაურ ამბებზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ აქ ზედმეტია. ეს ოპერაცია გავიკეთე ორჯერ, პირველად 2017 წლის მაისში. სვათა შორის, მაისი საკრალური თვეა ჩემთვის, რომელშიც ერთხელ დავიბადე და ორჯერ არ მოვკვდი (ენუკლიაციაც მაისში გავიკეთე). ახლა ბევრად უკეთ ვარ. მეტასტაზების მოცულობა დიდად არ შემცირებულა, მაგრამ მე სიცოცხლის ნიშნები წარმოუდგენლად უფრო მკვეთრად მეტყობა, ვიდრე იქამდე. ასევე, ერთ ექსპერიმენტულ მკურნალობაში ჩავერთე- ერთი ექიმი გადამეკიდა ამერიკიდან, მე მოგარჩენო, უკვე ორი წელია მეხეწება რომ ამის შესაძლებლობა მივცე და ახლა „დავნებდი“. კვლევა აქვს და ამ კვლევის ფარგლებში ვმკურნალობ, რა ვიცი იქნებ არაფერი ხდება შემთხვევით… ფაქტია, რომ ტრადიციულ მედიცინას მეტი აღარაფერი აქვს ჩემთვის, მე კიდევ სიკვდილი მხოლოდ მოვათვინიერე, და არ ვაპირებ მის ნებას დავყვე…

ეპილოგი
რაც არ უნდა სენტიმენტალურად იკითხებოდეს ჩემი ამბავი, სინამდვილეში, მე ძალიან კარგად ვარ. რადგან ვიცი, რომ ადამიანის შესაძლებლობები მართლა ამოუწურავია და ვიცი, თუკი ვინმემ შეძლო დედამიწაზე და დაამარცხა ეს დაავადება- მეც შემიძლია! და იცით რამდენი ადამიანია, ვისაც მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს დამარცხებული? ძალიან ხშირად ვწერდი ჩემი კომპიუტერის საძიებო ველში “ stage 4 cancer servivors” და ათასობით სტატიას ვკითხულობდი, ათასობით სახელს და გვარს, რომლებიც ნამდვილი ადამიანები არიან, ბევრი მათგანი მოვძებნე კიდეც სოციალურ ქსელებში და ვურთიერთობთ…
ის, რომ სამყაროს არანაირი ინტენცია არ აქვს ჩვენს მიმართ, მე მგონი, ძალიან დალხენილი ადამიანის მოგონილია. თავის დროზე მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა, ამ გამოცდილებების შემდეგ მგონია, რომ სამყარო (და ამ სიტყვას ხანდახან ღმერთის სინონიმადაც ვიყენებ) რაღაცას მელაპარაკება. უბრალოდ კარგად არ ვიცი რა უნდა რომ მასწავლოს, რას მეუბნება, დიალოგში ვერ შევდივარ, რადგან მისი ენა ჯერ კარგად არ მესმის, მაგრამ რადგან ცოცხალი ვარ, ეტყობა მაქვს შანსი ოდესმე გავუგო. იქამდე კი, მე ჩემი პატარ-პატარა კათარზისებით და აჰა-განცდებით, ვიცი, რომ სიკვდილთან სიახლოვის მიუხედავად, თავისუფლად შემიძლია ვიცხოვრო სრულყოფილად და ბედნიერადაც, რადან საუკეთესოდ ვისწავლე როგორ არ უნდა მოკვდე, სანამ ცოცხალი ხარ, რომ კი- ყველა გათენება დღესასწაულია, მაგრამ პრინციპში, კარგად მაშინ ხარ, როცა ისევ გეშლება ნერვები ყოველდღიურობაზე, სამსახურის საქმეებზე, დაულაგებელ სახლზე, ყოფაზე… რადგან ცხოვრება ეგეთი წვრილმანებისგან შედგება და მხოლოდ ასე არ შორდები ადამიანურ საწყისს…
ყველა ადამიანი, ჩემთვის, რაღაცნაირად ამბავია… მე ჩემს ამბავს არც ერთ ჰეფი თუ ანჰეფიენდიან ამბავზე არ გავცვლიდი, რადგან ძალიან მიყვარს ის… ამიტომ, ბედნიერი ვარ და გულწრფელად არ ვიღებ შეცოდებას გარშემომყოფთაგან.
არ არსებობს სხვა ამბავი, სადაც ასეთი საოცარი ბავშვები არიან, სადაც ასე უყვართ, სადაც ასე მეგობრობენ და სადაც სჯერათ, რომ ადამიანია სამყაროს მთავარი შემოქმედება და ამიტომ მას ყველაფერი შეუძლია… ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მეც შევძლო და გადარჩენილების რიგებს შევემატო, ან დასასრული რა პრობლემაა, როცა სიკვდილი უკვე მოშინაურებული ცხოველია და აღარ გაშინებს…”

Загрузка...