Загрузка...

ამჯერად მსახიობმა დედას მიუძღვნა საოცარი წერილი – არა მხოლოდ საკუთარ დედას, არამედ ყველა იმ დედას, რომელიც ემიგრაციაში წავიდა და ყველა იმ შვილს, რომელიც აქ დარჩა და ნიკას მსგავსად განიცდის ამ მართლაც უდიდეს ტრაგედიას, ქვეყნისა და ერისათვის.

უძღები შვილის აღსარება

წერილ არს – პირველად იყო სიტყვა… გავკადნიერდები და გეტყვით, თუ ვინმეს ჩემი აზრი აინტერებს, ვფიქრობ, რომ სიტყვამდე იყო ქმედება, სულ უბრალო, სულ არაფრის მთქმელი, მაგრამ მაინც ქმედება, როგორიცაა ვთქვათ, სუნთქვის აღება, ნერვის შეტოკება და ასე შემდეგ… აი ახლაც, სანამ ეს ყოველივე ვთქვი და დავწერე – ნერვიულად დავიმტვრიე თითები… რატომ? იმიტომ, რომ მინდა – დედაზე გიამბოთ… ვნერვიულობ… ასობით და ათასობით სიტყვა არსებობს დედამიწაზე, ზოგი ბრალიანი, ზოგი უბრალო, ზოგი მსუბუქი და ზოგიც კიდევ ისეთი, რომ სანამ წარმოთქვამ, ოფლში იწურები,

Загрузка...

ისეთი ღრმაა, ისეთი დიდი და ნათელი…
ახლა თავი დანაღმულ მდელოზე მგონია და ყველა სიტყვას ათასჯერ ვზომავ და ვწონი… არ მინდა რამე შემეშალოს, რამე ზედმეტი ვთქვა, არც ის მინდა, ვინმეს პათეტიური ეჩვენოს ეს ჩემი აღსარება, რადგან ყველას თავისი დედა ჰყავს და ყველა დედა მაგარია და როგორც ვიტყვით, მჯობნის მჯობნს რა დალევსო… ამიტომ ვფრთხილობ, არ მინდა ერთმა არასწორმა სიტყვამ ყველაფერი გააუფერულოს, გააბანალუროს და უინტერესო გახადოს… ამიტომ უკეთ რომ გამიგოთ და დამიჯეროთ – წარმოიდგინეთ ნახევრად დაცლილი ოთახი, ერთი ხის სკამი, საშუალო სიმაღლის ბიჭი, ნერვიული სუნთქვა, თითების მტვრევა და თვალები, ცოტა გიჟის, ცოტა ჭკვიანის და ცოტაც სულელის… მოკლედ ეს ბიჭი მე ვარ …
და მე მინდა დედაზე გიამბოთ…

დედას ლალი ჰქვია… საინტერესო და უცნაურია, დედას ეს სახელი ბაბუამ დაარქვა, თავისი უიღბლო სიყვარულის სახელი… ხოო, წარმოიდგინეთ, რა მაგარი ბაბუა მყავდა, ადგა და თავისი დაკარგული, წასული თუ უბრალოდ არშემდგარი სიყვარულის სახელი თავის პირველ შვილს დაარქვა… მაგრამ ეს არაფერია, კიდევ უფრო მაგარი და საინტერესო ის არის, რომ ბებიამ ეს ყველაფერი იცოდა და გაუგო…
ლალის მერე კიდევ სამი შვილი გაჩნდა ოჯახში და მერწმუნეთ, ოჯახს არ მოუწყენია, თუმცა ამაზე სხვა დროს… დღეს მთავარი გმირი ლალია… ყველას ლალი, შინაურის, გარეულის, გადამთიელის, უბრალო ნაცნობის, უცნობის, მოსისხლე მტრის, მოკეთის და ვინ იცის კიდევ ვისი…


ლალი ყველას სჭირდებოდა, სჭირდება და მომავალშიც დასჭირდება… ეს მისი ბედია… და ამ პარადოქსზე ყოველთვის ვფიქრობ… რა არის ეს, უდიდესი ბედნიერება თუ საშინელი დაღლა… რადგან ერთხელ მოვდივართ, ერთხელ ვიბადებით, ერთხელ ვცხოვრობთ და ბევრი, ძალიან ბევრი რამ გვინდა… ალბათ დედასაც ბევრი რამ უნდოდა და არა მხოლოდ თავის თავისთვის, სხვებისთვის უფრო… და რასაც ახლა ის აკეთებს და ან აქამდე გაუკეთებია, მერწმუნეთ, რამდენიმე კაცის სიცოცხლე სჭირდება, რომ მავანმა შეძლოს…

მე კიდევ მოვლენის დღიდან ვატკინე და განგება დღემდე არ მაჩერებს… ისე ვატკინე, რომ რამდენი თვე სხვისი რძით ვსაზრდოობდი, ლალი კი სიკვდილს ებრძოდა და დაამარცხა… მაშინ რა ვიცოდი, ახლა კი ყელში ბურთი მეჩხირება და ლამისაა გამგუდოს ხოლმე…

მეც კაი უცნაური და გიჟი ვარ ბაბუაჩემივით… თუმცა ღრმა ბავშობიდან მქონია საოცარი ეგოიზმი დედის მიმართ, მასთან მიახლოებას არავის ვპატიობდი და საციხო საქმეებს ჩავდიოდი – ვისროდი ყველაფერს მომხვდურის მიმართ, რაც კი ხელში მომხვდებოდა… ერთ – ერთი ასეთი ნივთი მის მეგობარს ვესროლე და თუმც კი მსუბუქად, მაგრამ მტკივნეულად, არცთუ ისე სახარბიელო ადგილას, არცთუ ისე საოცნებო, მაგრამ თვალსაჩინო იარა ვუსახსოვრე… ამ ამბავს ხშირად იხსენებდნენ და დედაჩემთან აღარავის უცეკვია, მამაც კი ფრთხილობდა…

მერე ბევრი რამ მოხდა… იყო სიცივე, უშუქობა, უხასიათობა, ბრძოლა გადარჩენისათვის და რიგები, უსასრულოდ დიდი რიგები, რკინის შავი ვედროები, შავი თითები და მეტალი, რომელიც ხსნა იყო და რომელსაც როგორც ნატვრის თვალს, ისე დავეძებდით…
გავუძელით… გადავრჩით… გადავაგორეთ… გავიზარდეთ მეც და ჩემი დაც….

mshoblebi

 

კადრი სპექტაკლიდან ”ღამე და თუთიყუში”. ნიკა ფაიქრიძე

და აი, მერე რაც მოხდა, დღემდე ეკალივით მაქვს გულში და ვერ მომინელებია… მაშინ რაღაც უნდა მეთქვა… რაღაც… და მე ჩუმად ვიყავი… დედა მიდიოდა…
უცნაური ბედი აქვთ საქართველოში თაობებს… ზოგი უშუქობის თაობაა, ზოგი – ომის, ზოგი – შიმშილის და ასე უსასრულოდ… აი, მე და ჩემს თაობას უდედოდ დაკაცებული ბიჭების თაობას თამამად გვიწოდებენ… ამ პერიოდში გაედინა თუ გაედინა საქართველოდან დედები და დედების არმია… ვერავინ და ვერაფერმა ვერ შეაჩერა ეს ტალღა და სახადივით მოედო მთელ საქართველოს…

უკვე ცხრა წელი მიილევა და სახეიროც არაფერი არააა, თითქოს დრო იწელება უაზროდ და უპრინციპოდ, აკლდებათ წლები, აწყდებათ ნერვები და არაფერი იმედის მომცემი… სკაიპში გაზრდილი შვილიშვილები, არჩეული რძლები, მოგვარებული საქმეები და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ…

ჰოო, თავის დროზე რაღაც უნდა მეთქვა, ან გვეთქვა, მეც, შენც, სხვასაც და სახელწიფოსაც… ჩემსავით და ჩემზე უარეს დღეშიც რამდენია… ოჯახებს ღერძი გამოეცალათ და სახლები დაცარიელდა, დასევდიანდა და გაცივდა…

ჰო, ამასაც გავუძელით… გადავრჩით… გადავაგორეთ… ჩავიცვით… ვჭამეთ… თუმცა არა… ასე არ გამოვა… რადგან სწორი არ არის… და რადგან სწორი და მართებული იქნება, თუ ვიტყვით გაგვაძლებინეს, გადაგვარჩინეს, გადაგვაგორებინეს, ჩაგვაცვეს და გვაჭამეს დ ე დ ე ბ მ ა, ქალებმა, უსასრულოდ დიდმა გმირებმა, პირად ცხოვრებაზე უარის მთქმელმა ქალებმა…

– დ ე დ ე ბ ო – მადლობააა! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ვეხვევი და ვკოცნი თქვენი ალალი შრომით დაღლილ და დამტვრეულ თითებს… ვკოცნი თქვენს ფეხებს, ვირული შრომისგან დაბერილს და დაძარღვულს… მადლობა ყველას, ერთნი ხართ ჩემთვის… ლალო – მადლობა ყველაფრისთვის… დე, მე მაპატიე ამდენი სისულელე, ამდენი სიგიჟე, ამდენი თეთრად გათენებული ღამე, ამდენი უაზრო ნერვიულობა და ყველა ცრემლი, მანდ დადენილი, უცხო საწოლში, უცხო ბალიშზე და უცხო ხალხთან…

ვეღარ ვწერ ან რა დავწერო – მონატრების ბურთი ყელში მაქვს გაჩხერილი და ვიგუდები… ალბათ ის ნაღმიც აფეთქდა, დასაწყისში რომ ვთქვი, ფეხქვეშ მაქვს და ვფრთხილობ-თქო… უკვე სულ ერთია… უკვე დროა სათქმელი ითქვას, უკვე კმარა თქვენი ტანჯვა და წამება, უნდა დაგაბრუნოთ, უნდა ჩაგიხუტოთ, უნდა მოგეფეროთ და უნდა მოგიაროთ… უნდა გამოვფხიზლდეთ, მეც, შენც, ის სხვანიც და სახელმწიფოც… თუ ვართ საერთოდ და რამეს წარმოვადგენთ… საკმარისია… დროა… თქვენ თქვენს ბუდეში უნდა ჩაბუდდეთ და მოიყვანოთ გაზაფხული…

ჯანდაბას ჭამაც და სმაც, რაც თავი მახსოვს, სულ ვჭამთ და ვსვამთ და რომ აღარ გვყოფნის, მერე ერთმანეთს ვერევით… საკმარისია… უნდა დაგაბრუნოთ… უნდა ვიფიქროთ… დღეს… ახლა… აქვე…

და იმ პირველ სიტყვამდე უკვეა ცრემლი, მონატრების, სიყვარულის, ერთგულების, დაფასების, სიამაყის და იმედის… მე შენ დაგაბრუნებ, დედა… ისე, როგორც გეკადრება, ამაყად, თამამად, ღიმილით და სიცოცხლით…
ნიკა ფაიქრიძე

Загрузка...