Загрузка...

ეს წერილი ჩვენმა მკითხველმა, 21 წლის ლიკამ გამოგვიგზავნა. გვთხოვა, გამოგვექვეყნებინა, რადგან ამბობს, რომ მის დღეში ბევრი ახალგაზრდა გოგონაა და სურს, თავისი სათქმელი გააგონოს მათაც და იმ ადამიანებსაც, ვისაც ახალგაზრდების არ ესმით… წერილს უცვლელად გთავაზობთ.

“21 წლის ვარ. ცხრა თვის წინ გავთხოვდი. მე და გიოს სამი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. ვხვდებოდით, დავდიოდით, ბევრჯერ გამოვცადეთ ჩვენი გრძნობა და კარგა ხანია მივხვდით, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა.
დაქორწინებას ცოტა ვაჯანჯლებდით, რაღაც არ გვინდოდა ეს გაოფიციალურება და პასუხისმგებლობისაც ცოტა გვეშინოდა. არც ის არის ძალიან დიდი –

Загрузка...

23 წლისაა, მეც არ მგონია, რომ საჩქარო მქონდა რამე. მაგრამ რომ გადაგვეკიდნენ აქედან და იქიდან – მშობლები თუ მეგობრები: რაღას აჯანჯლებთ და რას დადიხართ, დააკანონეთ ურთიერთობა, ბარემ მაინც ერთად ხართ და ოჯახი შექმენით, ნუ კარგავთ დროს და ა.შ… მსგავსი ტექსტები ალბათ ბევრს მოუსმენია ჩვენ მდგომარეობაში. ახლობლებმა და ნათესავებმა ხომ ყოველთვის ყველაზე უკეთ იციან, რა ჯობია შენთვის… მე სულაც არ ვუსმენდი და არ ვნერვიულობდი, მაგრამ გიო ღელავდა.  როგორც მერე მივხვდი, მამამისი ახდენდა ზეწოლას. დედამისს წამოცდა ცოტა ხნის წინ, გვეშინოდა, რამე არ მომხდარიყო და მერე შენს მშობლებთან პრობლემა არ გვქონოდა, ან ნათესავებს არ ეთქვათ, გოგო

შეეტენაო… ან ეს რა ტექსტებია? რას ჰქვია “შეეტენა”? სინამდვილეში, ჩვენ არ გვქონია ახლო ურთიერთობა, უბრალოდ არ გვინდოდა და იმიტომ, თორემ არა იმიტომ, რომ ვინმეს რამე არ ეთქვა. რომც გვქონოდა, ვისი რა საქმე იქნებოდა, ორი ადამიანის პირადი ურთიერთობა, თანაც, სრულწლოვანი ადამიანების…
რაღა ბევრი გავაგრძელო, ზეწოლამ თავისი შედეგი გამოიღო და მე და გიომ ვიქორწინეთ. მშობლებმა აქაც იმძლავრეს და ტრადიციული ქორწილი გადაგვახდევინეს. მე მოგზაურობა მინდოდა, მენანებოდა ფული ამ ღრეობისთვის. ვინ მოგისმინა? დავპატიჟეთ ნათესავები, რომლებმაც კარგად იქეიფეს, მოილხინეს, გაერთნენ, დაგვიჯდა ეს ყველაფერი უამრავი ფული და “კრება დარჩა მხიარული”… გიო რომ ჩემნაირი მებრძოლი ბუნების იყოს, ალბათ უფრო ვივაჟკაცებდი მეც და არ “ვაბლატავებდი” ნათესავებს, როგორც ჩემი დაქალები ამბობენ ხოლმე. ჩემი ერთი დაქალი მეუბნება: “ვისი რა საქმეა შენი პირადი ცხოვრება, როგორც თქვენ ორს გინდათ, ისე იცხოვრეთ. ოცდამეერთე საუკუნეა, ჩარჩით ძველ დროში?”
არ ვიცი, ჩავრჩით თუ უბრალოდ ვერ ვიბრძვით… ფაქტია, რომ გვინდა, არ გვინდა, მაინც ისე გვიწევს ცხოვრება, როგორც თურმე “მიღებულია”.
მეგონა, დაოჯახების მერე მაინც მოგვეშვებოდნენ. თავი მოვიკალი და ცალკე გავედით საცხოვრებლად. აქაც იყო მცდელობები, მაგრამ ძალიან შეუვალი პოზიცია დავიკავე და გიოსაც შევაგნებინე, რომ ჩვენი სიყვარულისთვის და ჩვენს მშობლებთან ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნებისთვისაც ასე აჯობებდა. მაგრამ რად გინდა? ჩარევა არც მას მერე გაგრძელდა.
სანამ ახალი წყვილი გვერქვა, ყველა საახლობლო და სანათესაო შეკრებაზე თუ წვეულებაზე გვეპატიჟებოდნენ, ან ჩვენთან მოდიოდნენ – იმის სანახავად, როგორ ვცხოვრობთ, ხომ არ გვიჭირს “ნაქირავებში ცხოვრება”. გიოს მამიდები ყველა მოსვლაზე ვიშვიშებდნენ: “დედა, რა ცოტა ჭურჭელი გაქვთ, რაში გეყოფათ?! მოგიტანთ კიდევ!” “ვაიმე, საწყალი ბიჭი, რა ქარში ყრის ამ ფულს, გეცხოვრათ ერთად და ამ ფულს ხომ მოიხმარდით”… ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველამ უკეთ იცის შენი საქმე და შეუძლია წარმატებით დაგიგეგმოს აწმყო და მომავალი…
ერთი თვე რომ გავიდა, ყველა შეკრებასა და სტუმარ-მასპინძლობაზე მომრავლდა შეკითხვა: “ხომ არ დარჩი?” “ორსულად არ ხარ?” “შევსებული ხარ თითქოს, ისე ხარ?..” ეს შეკითხვები მაგიჟებდა. ბოლოს არსად წასვლა არ მინდოდა და არავის ნახვა.
არა, განა ვერ ვორსულდებოდი, უბრალოდ, არ გვინდოდა ასე სწრაფად ბავშვის გაჩენა. მე ჯერ ვსწავლობ, ბოლო კურსზე ვარ, გეგმები მქონდა მომავლის. გიოსაც ჯერ იმდენი შემოსავალი არ აქვს და ვფიქრობდით, ერთად აგვეწყო ცოტა უკეთესი ცხოვრება და მერე გაგვეჩინა შვილები. თან გვინდოდა, ერთმანეთთან ყოფნით დავმტკბარიყავით, ისე კარგად ვატარებდით მარტოები დროს, მხოლოდ ერთმანეთს რომ ვეკუთვნოდით. ვერთობოდით, ერთად დავდიოდით მეგობრებში, სასეირნოდ, ისეთი ბედნიერები ვიყავით ის ორი-სამი თვე… მაგრამ ჩვენი, ორივესი “დიდი სანათესავო” აქაც ძლიერი აღმოჩნდა. აქეთ გიოს შეუჭამეს ტვინი თავისიანებმა, დროზე გააჩინეთ ბავშვი, აბა, რისთვის მოიყვანე ცოლი, შვილები ხომ გინდათო? შვილიშვილები გვინდაო. სანამ ახალგაზრდები ვართ, გამოგვიყენეთ, დაგეხმარებითო… იქით დედაჩემმა და დეიდაჩემმა აიკვიატეს: გოგო, ვინმეს უშვილო არ ეგონო! თავს რომ იცავ, რამე არ დაგიზიანდეს და მერე მართლა რომ მოგინდება შვილი, შეიძლება ვეღარც გააჩინო… და ა.შ. და ა.შ.
მოკლედ, ისევ ვერ გავუძელით ამ ზეწოლას, დავორსულდი და… ახლა ხომ ყველა ბედნიერია…

რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ შვილი გაგვიჩნდება, მაგრამ ჯერ ნამდვილად არ ვართ მზად ამისთვის. არადა, არ მინდა ისე გავაჩინო შვილი, რომ სხვებს გავაზრდევინო. ახლა მომიწევს უარის თქმა სწავლის გაგრძელებაზე, კარიერის დაწყებაზე – რამდენიმე წლით მაინც. გიოსაც მოუწევს მეტად ღელვა მეტი ფულის შოვნაზე… მერე ფული არ გვეყოფა, რასაკვირველია, და იძულებული გავხდებით, მის მშობლებთან გადავიდეთ საცხოვრებლად… ეს კატასტროფა იქნება. დაიწყება ჭკუის სწავლებები, კონფლიქტები… დავემსგავსებით ჩვეულებრივ შუახნის ცოლ-ქმარს… მშობლების გარეშე ნაბიჯს ვერ გადავდგამთ, ერთმანეთს ხელსაც ვერ გადავხვევთ თავისუფლად. ყველა ნაბიჯზე უნდა უსმინო უფროსის აზრს და ისე უნდა მოიქცე, როგორც ისინი იტყვიან… და რა ვიცი, კიდევ რამდენი “როცა” მოსდევს ამას…
მე კი სინამდვილეში უბრალოდ გიოს გვერდით ყოფნა მინდოდა, რამდენიმე წელი მაინც არც გათხოვებაზე ვფიქრობდი და არც დედობაზე. ახლა ეს ჩემი ცხოვრებაა თუ ვინმე სხვისი?
გთხოვთ, ხალხო, ნუ ერევით ორი ადამიანის ურთიერთობებში, თუ მაინცდამაინც კატასტროფა არ ხდება. დაგვანებეთ თავი!”

Загрузка...