Загрузка...

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო, ეს უკვე ეკრანზეცაა შესამჩნევი, რომელიც, როგორც ცნობილია, ადამიანს ვიზუალურად 4-6 კილოს მატებს. ამ შედეგის მისაღებად ბევრი წელი იწვალა, ბევრი დიეტა დაიცვა და შედეგიც აქვს – არაჩვეულებრივ ფორმაშია.

ნანუკა დიდი ხანია ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პროპაგანდას, ადრე იძინებს და ადრე იღვიძებს, ვარჯიშობს, ჯანსაღად იკვებება.

Загрузка...

– ნანუკა, ძალიან გახდით და კარგადაც გამოიყურებით. როგორი დიეტები დაიცავით?

– ყველა ექსპერიმენტი, თუ რამე გაგიგიათ, საკუთარ თავზე მაქვს ჩატარებული. რა თქმა უნდა, ცილების დიეტა ყველაზე ეფექტურია, მაგრამ დიდხანს ვერ ვძლებ.

– ძირითადად რას იკრძალავთ საკვებიდან?

– რაც მე მასუქებს, არის პური, ცომი, ტკბილი.

– რის გამო შეგექმნათ წონის პრობლემა?

– უმცროს შვილზე, საბაზე, ორსულობის შემდეგ ფორმაში ვეღარ ჩავდექი, 43 კილო მოვიმატე, რომელსაც წლებია ვებრძვი. მარიამზე ორსულობისას ამის პრობლემა არ მქონია, სამშობიაროდან იმაზე ნაკლები გამოვედი, ვიდრე შევედი. საბაზე ჯანმრთელობის პრობლემაც მქონდა და ალბათ ამიტომ მოვიმატე.

– დიეტის დაცვა ხომ განწყობაზე ძალიან მოქმედებს. თქვენ ამჩნევთ საკუთარ ხასიათს ცვლილებას?

– კი, განწყობაზეც მოქმედებს და შრომისუნარიანობაზეც, მაგრამ როცა ვჭამ, უფრო ცუდ ხასიათზე ვარ, ვიდრე – როცა არ ვჭამ. ამიტომ მირჩევნია, არ ვჭამო. სულ სტრესში ვარ, მეშინია, არ მოვიმატო.

– ალბათ ბევრ კომპლიმენტს გეუბნებიან გახდომასთან დაკავშირებით.

– კი, ძალიან ბევრ კომპლიმენტს ვიღებ უცნობებისგან, ნაცნობებისგან. ყველაზე მეტად მომწონს, ვიღაც ქუჩაში რომ შემხვდება და, ვაიმე, ეს რა გამხდარი ყოფილაო, რომ ამბობს.

– გარდერობის განახლებაც დაგჭირდებოდათ.

– გარდერობის გადახალისება ისედაც მიყვარს, ჩემს რაღაცებს სხვებს ვჩუქნი, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ჯერჯერობით გახდომამ გარდერობი დიდად შემიცვალა. ოდნავ კი გამიდიდდა სამოსი, მაგრამ ძალიანაც – არა, რადგან ყველაფერს პატარა ზომას ვყიდულობდი, სულ ამის კომპლექსი მქონდა.

44 ზომა ტანსაცმელი რომ მჭირდებოდა, 40-ს ვყიდულობდი და ვეკვეხებოდი. სასაცილო ვიყავი პიჯაკებით.

– ახლა ალბათ ფერებსაც თამამად ირჩევთ.

– ფერები სიმსუქნეშიც მიყვარდა და წონის კლების შემდეგაც. საერთოდ ფერადი ძალიან მიყვარს. ამ ქალაქს კი უყვარს მუქი ფერები, მაგრამ მე ფერადი მომწონს. სხვათა შორის, ჩემს გარდერობს თუ გადახედავთ, ვერ იტყვით, რომ ფერადი მიყვარს. საბოლოო ჯამში, მუქი ტანსაცმელი უფრო მეტია.

– სამაგიეროდ ორიგინალურად იცვამთ.

– და სპორტულად. საერთოდ, მგონია, რომ მოდაშია ის, რაც შენ გინდა, გეცვას. რაღაცები, რაც მოდაშია, ძალიან მომწონს, მაგრამ მოდას თუ მიჰყვები, ჩვეულებრივი, ყველასნაირი ხდები, ამიტომ მე ძალიან არამოდური ვარ. რამდენჯერ გამიგია, ნანუკა ჩაიცვამს, ეგ იხდენსო, ან პირიქით. ჩემგან ყველა მიჩვეულია ჩაცმის სიგიჟეს, უკვე აღარც ისე მაკრიტიკებენ, როგორც ადრე.

– რას დაარქმევდით თქვენს სტილს?

– ნანუკური სტილი მაქვს, ცოტა შეშლილი, ცოტა გიჟური, თავისუფალი, არაშეზღუდული.

– რის მიხედვით ირჩევთ დღის ტანსაცმელს?

– ხასიათის. ხანდახან საერთოდ არ მაინტერესებს, რას ვიცვამ. რაც ხელში მომხვდება, იმას გადავიცვამ. განწყობის თეორია ხომ ეს არის, ვიზუალურად გეტყობა, როგორ ხასიათზე ხარ. საერთოდ ქალს ყველაფერი გეტყობა ვიზუალურად.

– თქვენი სტილიდან გამომდინარე, ალბათ საღამოს კაბები ნაკლებად გექნებათ.

– საღამოების, ქორწილებისთვისაც ვიძენ რაღაცებს.

– რამდენად თამამია თქვენი საღამოს კაბები?

– ამ ბოლო დროს, რაც წონაში დავიკელი, გავთამამდი. ცოტა მკერდი გამოვაჩინე, ცოტა ქალური დეტალები შევიტანე. ვფიქრობ, 35 წელს რომ გადაცდები, ეს ყველაფერი გიხდება.

ქუსლიანებიც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ქუსლზე სიარული ვერ ვისწავლე, ოჩოპინტრესავით დავდივარ. მგონია, რომ მაღალ ქალებს განსაკუთრებით უხდებათ ქუსლიანი ფეხსაცმელი.

– როდის გრძნობთ თავს ქალურად, მომხიბვლელად?

– როგორც კი ქუსლზე დავდგები, თავდაჯერებული ვხდები.

– რა ფორმაში იღებთ მამაკაცებისგან კომპლიმენტებს?

– ყველანაირ სტილში უთქვამთ, თუმცა ქუსლიანი ფეხსაცმლით როცა ვარ, უფრო მეტ კომპლიმენტს ვიღებ. ქალური ნანუკა ძალიან მომწონს და, რაც დრო გადის, მით უფრო მეტად.

– მერე რატომ არ იცვამთ უფრო ხშირად ქალურად?

– იმიტომ, რომ ასე უფრო ბუნებრივად ვგრძნობ თავს. ქალური იმიჯი ცოტა მბოჭავს, თუმცა, სურათებს რომ ვუყურებ, ის ნანუკა უფრო მეტად მომწონს.

– თქვენი აზრით, ქალს რა ანიჭებს ქალურობას?

– მისი პირადი ცხოვრება და პროფესია. ნებისმიერ შემთხვევაში ქალს ვიზუალს მისი ცხოვრება უქმნის. თუ ის სასოწარკვეთილი დიასახლისია, ეს ეტყობა. თუ ბედნიერი ქალია პირად ცხოვრებაში, ეს ეტყობა. თუ ძალიან საქმიანია, ეს ეტყობა. ქალის ცხოვრება არის ქალის ვიზუალი. როგორც გამოიყურება, ისეთი ცხოვრება აქვს.

– თქვენ როგორი ცხოვრება გაქვთ ახლა?

– ძალიან საინტერესო. ახლა აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე, ჩემს სამსახურში ვარ ჩაშვებული. ჩემი სამსახური კი სეზონის დასაწყისში ხან პიჯაკს მოითხოვს, ხან გიჟურ ჩაცმას და ა.შ. ახლა როგორც გამოვიყურები, ისეთი ცხოვრება მაქვს.

– ეკრანის მიღმა მაკიაჟს რა დოზით იყენებთ?

– მეზიზღება, მძულს! ეკრანის მიღმა მაკიაჟით ვერ მნახავთ, თუ ქორწილში ან სადმე არ მივდივარ. შენ თვითონაც ნახე, გადაცემის ჩაწერიდან გამოვედი თუ არა, მოვიგლიჯე მთელი მაკიაჟი. მგონია, რომ ასაკს მმატებს და თან სახის კანისთვის თუ რამე ცუდია, ეს მაკიაჟია. სტუდიიდან გამოვდივარ თუ არა, სველი ხელსახოცი მიჭირავს და ვიშორებ.

– როგორ უვლით სახის კანს?

– ძალიან ვუვლი. ყველაფერს ვიკეთებ, რაც გასაკეთებელია – ბიორევიტალიზაციას, დამნამავს, ვიტამინებს, რომ სახის კანს ხელი შევუწყო. საცხებს აუცილებლად ვისვამ სახლში დილითაც და საღამოსაც, თუ ძალიან დაღლილი არ მივდივარ და შუა გზაზე არ მეძინება.

– სახის ნაკვთების, ცხვირის, ტუჩების, კორექცია მოგისინჯავთ?

– ტუჩი ერთხელ გადაცემაში გავიკეთე. ისიც დროებითი, 3 დღეში რომ გადიოდა. ეს ინტეგრირებული რეკლამა იყო, ფული გადაიხადეს. საერთოდ კი არც ტუჩის გადიდება მომდომებია და არც ცხვირის გაკეთება. როცა დავბერდები და ბევრი ნაოჭი გამიჩნდება, შევეცდები, ნაოჭები მოვიშორო.

პერიოდულად ბოტოქსს ვხმარობ. მართალია, წელიწადში ერთხელ, მაგრამ ვხმარობ თვალის აწევის მიზნით. ეს დაახლოებით 33-34 წლის ასაკიდან დავიწყე.

– თქვენი ექსპერიმენტები ყველაზე ხშირად თმაზე აისახება. ხშირად იცვლით ფერს.

– კი, ქერა, წითელი, ყვითელი, ლურჯი, ჟოლოსფერი ვყოფილვარ. სიახლეები მიყვარს. სალონში როცა მივდივარ, ვჯდები და ვამბობ, მინდა, ჟოლოსფერი გავხდე-მეთქი. სტილისტები მეუბნებიან, არა, არ გინდაო. მე ვეუბნები, მინდა-მეთქი და ასე, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ისინი კვდებიან ნერვიულობისგან, ჰგონიათ, რომ ექსპერიმენტი არ მომეწონება, არადა, საბოლოო ჯამში, მომწონს ხოლმე.

ახლა ვეღარ ვიჭრი თმას, ძლივს გავიზარდე. აღარ შევიჭრი, რადგან სურათებს რომ ვუყურებ, შეჭრილი თმა, ჩემი იმიჯი არ მომწონს. ცოტა ხვეული თმა მაქვს და ამ ბოლო დროს, რაც ასაკი მოდის, მომწონს ბუნებრიობა.

– ტატუებიც გაგიკეთებიათ.

– კი, ორი ახალი ტატუ მაქვს. სხვათა შორის, ხელზე 2012-ში რომ გავიკეთე ტატუ, 4 წელი გავჩერდი. ხელზე გული მახატია და ბოლოში “იმედი” აწერია. მეორე ხელზე მარიამი მაწერია. აქეთა ხელზეც მალე საბას დავიწერ. რადგან ჩემი ცხოვრების დასაყრდენი ეს ორი ადამიანია, მინდა, რომ ეს კარგად ჩანდეს და სულ მახსოვდეს. არც არასდროს მავიწყდება, მაგრამ მაინც.

ხელზე, სხეულზე წარწერები მომწონს, შეიძლება ბოლოს ნახატად ვიქცე, რადგან მინდა, ბევრი წარწერა გავიკეთო.

Загрузка...