Загрузка...

16 წლისა გავთხოვდი. ვიცი, ძალიან ადრეა, მაგრამ თავში მიქროდა, არაფერზე არ ვფიქრობდი, სულ გიო მედგა თვალწინ და ერთი სული მქონდა, როდის გავხდებოდი მისი ცოლი. გიო ჩვენს უბანში ყველა გოგოს უყვარდა – სიმპათიური, ცოტა მოძველბიჭო, ყოველთვის კარგად ჩაცმული… მაგრამ მან რატომღაც მე ამირჩია და ამ ფაქტმა ისე გამაგიჟა, მართლა ამერია ტვინი.
ტყუილს ვერ ვიტყვი, მაშინაც მესმოდა ხოლმე მეზობლებისგან, რომ გიო და მისი ძმაკაცები საღამოობით ბნელ ადგილებში იკრიბებოდნენ და “იჩხერავდნენ”, მაგრამ ამასაც არ აღვიქვამდი რატომღაც სერიოზულად. მაშინ ჩემს უბანში ბიჭების დიდი ნაწილი ან პლანს ეწეოდა, ან “იკეთებდა”, ან – ორივეს ერთად. დიდად არავის უკვირდა ეს ამბავი – ახალგაზრდებში, ყოველ შემთხვევაში. მშობლებისთვის კი სულაც არ მიკითხავს არაფერი. ახლა ვხვდები, რამხელა განსაცდელი მოვუწყვე და რა დავიდარაბაში გავხვიე, მაგრამ მაშინ მართლა ერთი ცანცარა გოგო ვიყავი. ახლა რომ იგივე ჩემმა შვილმა გააკეთოს, ალბათ თავს მოვიკლავ…

ერთ მშვენიერ დღეს გავიპარეთ – გიომ მითხრა, მშობლები მაჩქარებენ დაქორწინებასო. მაშინ  23 წლის იყო. ახლანდელი გადასახედიდან ვხვდები, მის მშობლებს იმედი ჰქონდათ, ცოლს მოიყვანდა და დაჭკვიანდებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფრო სერიოზულ და ზრდასრულ სარძლოს ელოდნენ და არა 16 წლის ახტაჯანას, რომელსაც თავად არ მოეკითხებოდა ჭკუა და ქმარი როგორ უნდა დაერიგებინა?..

Загрузка...

როგორც ხდება ხოლმე, ყველამ ინერვიულა, მაგრამ მერე ბედს შეეგუვნენ. ჩვენც ერთკვირიანი თაფლობისთვის შემდეგ – რომელიც ბორჯომში გავატარეთ, შინ დავბრუნდით.
იმ პერიოდში გიოსთვის არაფერი შემინიშნავს, ახლაც არ ვიცი, როგორ იკავებდა თავს. მერე და მერე კი დაიწყო… როცა “კარგი დღეები” ჰქონდა, ანუ ფულს აძლევდნენ ან თვითონ შოულობდა და დოზას იკეთებდა, თვითონაც კარგ ხასიათზე იყო და მეც. მაგრამ როგორც კი ფულში გაიჭედებოდა და წამალს ვერ შოულობდა, საშინელ დღეს მაწევდა. ნერვებს ჩემზე იფხანდა და ჩემზე ანთხევდა ბრაზს… შორს წამიყვანს იმის მოყოლა, თუ როგორ მიმეტებდა, რა დარჩა ჩემს მეხსიერებას თუ ჩემს სხეულს – მუშტების, სამართებლის, დანის, მაკრატლის, სიგარეტის კვალი… მცემდა, მაწვალებდა, მაწამებდა, მაუპატიურებდა… ყველაფერი გადავიტანე, რაც კი შეიძლება და არ შეიძლება გადაიტანოს ადამიანმა. მაგრამ ვერ ვანებებდი თავს. სანამ ბავშვი მეყოლებოდა, მანამდე თვითონ მაჩერებდა – როცა გამოფხიზლდებოდა, “გაიკეთებდა” და უკეთეს ხასიათზე დგებოდა, საჩუქრებით მავსებდა, მეფერებოდა, ბოდიშებს მიხდიდა… როცა ეს არ ჭრიდა, მემუქრებოდა, რომ საქვეყნოდ გამომაჭენებდა და ჩემს მშობლებს ათასგვარ უბედურებას ეტყოდა ჩემზე. ისინი კი ისედაც დათრგუნულები იყვნენ ჩემი ბედით და ხმასაც ვერ ვიღებდი მათთან. ნაცემი და ნაწამები რამდენიმე დღე გარეთაც არ გავდიოდი, რომ ვინმეს რამე არ ეთქვა. გიოს მშობლებიც ვერაფერს მშველოდნენ. ერთი-ორჯერ მოხუც მამასა და დედას ისეთი ამბავი აუწია, ფული რომ ვერ მისცეს, ისე სცემა ორივე, თავის თავსღა ჩიოდნენ და ჩემს გამოსარჩლებას ვეღარ ბედავდნენ. ამდენი დარდისგან მალეც გარდაიცვალნენ და შევრჩი მარტო ჩემს ნარკომან ქმარს…
წლები გავიდა ამ წამებულ ყოფაში. სამი შვილი მეყოლა. პირველი ჯანმრთელი დაიბადა, შუათანას საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს – როგორც ექიმმა მითხრა, ეს მამამისის ნარკოდამოკიდებულების “დამსახურებაა”… უფროსი გოგონა გასათხოვარია. ერთი სული აქვს, როდის გაიქცევა ჩვენი სახლიდან, სადაც სულ ჩხუბი და ალიაქოთია. მამის ატანა აღარ უნდა. ხმასაც არ სცემს და ცდილობს, ისე შემოვიდეს და გავიდეს, მინიმალური კონტაქტი ჰქონდეს მასთან. ორი-სამი წლის წინ მუშაობა დავიწყე, ჩემი დაც საზღვარგარეთ ცხოვრობს და იქიდან მეხმარება. ყველანაირად ვცდილობ, გოგონას სწავლაში ხელი შევუწყო, ჩემზე უკეთესი მომავალი რომ ჰქონდეს. მეორე შვილისთვის მომვლელი ავიყვანე.

ყველაზე დიდი პრობლემა კი ახლა უმცროსი ვაჟია, რომელიც უკვე 12 წლის გახდა. სწორედ მის გამო ვინარჩუნებ აქამდე ოჯახს, თორემ მას მერე, რაც ვმუშაობ და არავისზე აღარ ვარ დამოკიდებული ფინანსურად, რამდენჯერმე ვცადე ცალკე ცხოვრება. ჩემს დაქვრივებულ დედასთან გადავედი, თვეობით ვიყავით იქ, მაგრამ ბიჭს უკვე რთული ასაკი აქვს, გამუდმებით ეზოსკენ, უბნისკენ იწევს. ჟარგონებით ლაპარაკობს, თავხედობს – ისე საშინლად მაგონებს მამამისს ამ ასაკში, რომ ვუყურებ, სულ გული მისკდება, ესეც არ წავიდეს ხელიდან. არადა, მარტო ვერ ვთოკავ. მამამისი ძალიან უყვარს, მიაჩნია, რომ რაკი უბანში მას “პატივს სცემენ” ქურდები და მამაძაღლები, ე.ი. მაგარი მამა ჰყავს და მისი ყველაფერი სჯერა. ის რომ ეტყვის, ასე და ისე არ გააკეთოო, უჯერებს, მე კი არაფერს მიგონებს. ერთი-ორჯერ ისეთი ამბები მომიწყო და ისე მანერვიულა, იძულებული გავხდი, კვლავ ქმართან დავბრუნებულიყავი.
ირაკლის მასწავლებელმაც მირჩია, როგორიც უნდა იყოს, მაინც მამამისია და ბიჭს მამის ავტორიტეტი სჭირდება, შენთან შეიძლება სულ ავარდესო. მართლაც ასეა. თანაც, რა ნაძირალაც უნდა იყოს, შვილი მაინც ყველა მამას უყვარს და არაფრით მოისურვებს, მისმა შვილმაც მისი გზა გაიაროს. ამიტომ მგონია, ამ ერთ მისიას მაინც შეასრულებს ღირსეულად და ბიჭს ცუდ გზაზე არ გაუშვებს. თავადაც სულ უბანშია და აკონტროლებს, რომ “მეტისმეტად არ გაუტიოს”, როგორც თავად ამბობს ხოლმე…

ერთი სიტყვით, ასეთ მდგომარეობაში ვარ. წლები გავიდა და შევრჩი ქმარს, რომელიც აღარც მიყვარს, აღარც მომწონს, არც პატივს ვცემ და ხშირად მეზიზღება კიდეც. მაგრამ მგონია, რომ ჩემი შვილის გამო მაინც სწორად ვიქცევი…
იმედია, სხვებიც ასე ფიქრობენ, იქნებ მირჩიონ, სწორად ვიქცევი თუ არა…

Загрузка...