Загрузка...

ჩემი ოთახის ერთადერთი ფანჯარა ეზოში გადის. ფანჯარასთან ვაზის ტალავერი მაქვს და მიყვარს დაღლილს იქ ჯდომა. გვიან ღამით მეზობელი ქალის განწირული ყვირილი გავიგონე, რომელსაც ფაქტობრივად, ღმუილით აჩუმებდა ქმარი – „ნუ გააგებინებ მეზობლებსო“.
ქალი არ ჩუმდებოდა: სადაც გინდა იქ წაეთრიეთ, სად გამოვყო თავი?! ვის ვუთხრა როგორ დამინგრია ოჯახი ვიღაცის ნახმარმა ქალმაო?!…

მეც ვიცნობ ამ ბიჭს, მართლაც კარგად აღზრდილი შვილია, ზრდილობიანი და კეთილი, თუმცა მისი სასიყვარულო ამბები რა თქმა უნდა, არ ვიცი. (ამიტომ ვერც იმას ვიტყვი, ვინ არის ის „ნახმარი ქალი“, მსხვერპლი, თუ როგორც მეზობელი ქალი ამბობდა – „თავ-გასაღებული“…

Загрузка...

ფანჯრის რაფიდან ჩამოვედი, ფანჯარა დავხურე და ფარდა გადავწიე. არც მინდოდა გამეგო რა სიტყვებით ამკობდა ბიჭის დედა შვილის რჩეულს (აგერ უკვე, ორი კვირა გავიდა და ის ბიჭი არც დამინახავს), არ ვიცი, იმ ღამის შემდეგ რა გადაწყვეტილება მიიღო, წავიდა სახლიდან, თუ უბრალოდ არ ჩანს.

არასდროს მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ იმ ღამის ქრონიკა გონებიდან არ ამომდის.

ტრადიციას ამოფარებული საზოგადოება თუ სირცხვილი და „თავის მოჭრა“

ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციულ ოჯახებში საქალწულე აპკი. ამიტომ, თუ ვეძებთ სხვა ობიექტს ცხოვრებისეული სიცარიელების ამოსავსებად, დროა, დავფიქრდეთ, რეალურად რა გვჭირდება:

-წყვილს არ სჭირდება მესამე ან მეოთხე პერსონა… წყვილი ნიშნავს ორი ადამიანისგან შემდგარ ერთ ორგანიზმს.

ვისთვის გვჭირდება მეწყვილე – მეზობლებისთვის? დედისთვის თუ ჩვენივე თავისთვის? – თუ მეზობლისთვის და დედისთვის, მაშინ დროა, სტრატეგია შეცვალოთ თქვენს ლეგალურ მეწყვილესთან და ურთიერთობა გაახალისოთ, დაემშვიდობოთ და მოძებნოთ დედისთვის და მეზობლებისთვის შესაფერისი ადამიანი.
თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ იპოვეთ პარტნიორი, როგორიც თქვენ გჭირდებათ, მაშინ გილოცავთ!

…სირთულე არავის ხიბლავს. არც იმ წყვილს, რომელიც ერთად ყოფნის გადაწყვეტილებას იღებს. არავის ხიბლავს ნათესავების შეფასებები „ჩვენი ჯობია“ და არავის უნდა, სხვის ფანჯრებში მათი ცხოვრების კადრების ეკრანიზაცია ხდებოდეს.
სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, ჯერ ობიექტს ეძებენ, შემდეგ შედარებებს აკეთებენ და ხშირად, ადამიანური უპირატესობის მიუხედავად, არჩევანს ძველ ნიშნულზე აკეთებენ: „კარგი ოჯახის შვილი“, „შეძლებული ოჯახიდან“, „ბიზნესმენი სიმამრი“ – და ამყველაფერს ოჯახური პასუხისმგებლობით ხსნიან.
მერე ვხედავთ შვილის გადაწყვეტილებით თავაწეულ დედებს, ვისმა შვილებმაც გრძნობებზე უარი თქვეს და ოჯახის ამბიციების კოლექციას კიდევ ერთი მდიდარი სიდედრ -სიმამრი შემატა . სამაგიეროდ ისინი ამაყად გამოჩნდებიან და წარმოჩნდებიან მეზობლებში და საზოგადოების ფართო წრეებში.

მაგრამ როცა სარკეში საკუთარ თავს თვალებში ჩახედავთ, მიხვდებით, რომ იმ წუმპეში რჩებით, რომელიც თქვენვე დააყენეთ. თქვენ მოირგეთ მმართველის როლი და მიიღეთ მსხვერპლად საკუთარი შვილი.

ჭირდება კი ვინმეს მსხვერპლად შეწირვა? მხოლოდ შეუმდგარ, პატარა, ხელმოცარულ ადამიანებს!..

ჩვენ გვიჭირს იმის გააზრება, რომ აპკის შენარჩუნების ხანგრძლივობით ადამიანის ამორალურობა არ განისაზღვრება. გვავიწყდება ბიბლიური მარიამ მაგდალინელი, რომელიც მეძავი იყო… თუმცა, რელიგიური ფაქტების დახმარებაც კი ვერ ახსნის ჩვენს პანიკურ დამოკიდებულებას ქალიშვილობის ინსტიტუტის მიმართ.
რაც შეეხება, ტრადიციას – ქალების უმრავლესობა არ იწყებს სექსუალურ ცხოვრებას ოჯახის, მეზობლებისა და ნათესავების ხათრით. ყველა ადამიანს აქვს არჩევანისა და თავისუფლების უფლება.

P.S. ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ეს ამბავი, მაგრამ თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს და იმედია, რაც წაიკითხეთ- დამეთანხმებით, ან არ დამეთანხმებით, ან არგუმენტს მოიყვანთ, ვისთვის და რატომ არის მიუღებელი „განათხოვარი ქალი“.

Загрузка...