Загрузка...
პოლიციელებმა აიყვანეს სასწრაფო მანქანაში, კარები მოგვიხურეს და მაგრად სცემეს. ბიჭი გამწარდა, ყვიროდა ნუ მირტყავთო, ხოლო მერე შეაგინა. ჩვენ გარედან ვუყვიროდით, მაგრამ კარები არ გაგვიღეს.
საქართველოში უცხო არ არის ე.წ. მაწანწალა ბავშვები, თუმცა საკუთარი თვალით ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
რამდენიმე თვის წინ, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, მოდულის შენობის მოპირდაპირე მხარეს, მაღაზიის წინ მე და რამდენიმე გამვლელმა შევნიშნეთ უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ბავშვი, რომელსაც პირიდან დუჟი გადმოსდიოდა.

საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა ქ-ნ წიკლაური და აღნიშნული ვითარების ახსნის შემდეგ, სთხოვა დაუყოვნებლივ მოსულიყვნენ.

გამოძახების ადგილზე პირველი მოვიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი და ცდილობდა არასრულწლოვნის დახმარებას. ამის შემხედვარემ, ჩავთვალეთ, რომ ბავშვი საიმედო ხელში იყო და აღარ გავჩერებულვართ.

Загрузка...

უკანა გზაზე, ისევ მივედით იმ ადგილას და იქვე მომუშავე ქალბატონებს გამოვკითხეთ ბავშვის მდგომარეობა, თუმცა გაგონილმა საკმაოდ აღგვაშფოთა. მათი სიტყვებით ,,პატრული მოვიდა, ჭუჭყიან ტანსაცმელში ჩაცმულ ბავშვს ხელს ვერ მოვკიდებთ, ტილები დასდისო. დასცინოდნენ და აგდებულად ეკითხებოდნენ ვინ ხარო. ბიჭმა პასუხი არ გასცა. პოლიციელებმა აიყვანეს სასწრაფო მანქანაში, კარები მოგვიხურეს და მაგრად სცემეს. ბიჭი გამწარდა, ყვიროდა ნუ მირტყავთო, ხოლო მერე შეაგინა. ჩვენ გარედან ვუყვიროდით, ვუბრახუნებდით, მაგრამ კარები არ გაგვიღეს. მერე პატრულმა ჩამოათრია სასწრაფოს მანქანიდან, ხელები გადაუგრიხა და თავის მანქანაში ჩასვა. ვკითხეთ სად მიყავდათ, რატომ ურტყავდნენ, რომ ბავშვი ცუდად იყო და შველა უნდოდა, თუმცა არ მოგვისმინეს, მარტო მოგვაძახეს, რომ ბავშვთა სახლებში ადგილები არ არის და ესეთ ბინძურს ვინ მიიღებსო. დაქოქეს მანქანა და წაიყვანეს’’.

თვითმხილველების გამიკითხვისას, ვერც ერთმა მათგანმა ვერ გვითხრა, თუ კონკრეტულად სად წაიყვანეს არასრულწლოვანი.

მას მერე რამდენიმე დღის განმავლობაში, მე და ქ-ნ. ლიზა შალიკაშვილი ვცდილობდით ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენას, მაგრამ უშედეგოდ.

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ბავშვის ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა იცხოვროს და განვითარდეს ოჯახურ გარემოში მაშინაც, კი თუ იგი დარჩენილია მშობლების მეთვალყურეობისა და ზრუნვის გარეშე და სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ამ უფლების რეალიზებას.

სამწუხაროდ, დღეს, ისევ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ახლოს, მაღაზია ,,დეა’’-ს კიბეებთან შემთხვევით წავაწყდი იგივე არასრულწლოვანს, რომელსაც კვლავ გადმოსდიოდა პირიდან დუჟი, იყო გაურვეველი სახის თრობის ქვეშ და აბსოლიტურად არაკონტაქტური.

ბავშვის გარშემო შეკრებილი ხალხი მსჯელობდა მისი მდგომარეობის შესახებ, სადაც ერთ-ერთმა მომუშავე ბატონმა, რომელიც ფოტოსურათშიც არის აღბეჭდილი მითხრა: ,,ადრე პატრული ესე გამოუძახებიათ, ისინიც მოსულან, მაგრა უცემიათ, წაუყვანიათ და რამოდენიმე დღით ჩაუყუდებიათ, ხოლო მერე კი გამოუშვიათ. მას მერე ესე აგდია’’-ო.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გადამეღო ბავშვისთვის სურათები, დამეწერა სტატია და გარკვეული სახის დახმარების ხელის გაწვდასთან ერთად გამეპროტესტებინა პატრულის თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანზე ძალადობა, რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება: საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მათ შორის გაეროს კონვენციას ,,ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, კანონს ,,სოციალური დახმარების შესახებ’’, კანონს ,,პოლიციის შესახებ’’, კანონს ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ და სხვ.

ამავდროულად, განსხადებებით უკვე მივმართე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს და ბავშვზე ზრუნვის სოციალურ სამსახურს, რათა თითოეულმა მათგანმა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს სწრაფი რეაგირება და ველი შედეგს.

Загрузка...