Загрузка...

ლიანა თ. დარწმუნებულია, რომ მისი ძმა ციხეში საკუთარმა ცოლმა გაისტუმრა. ქალბატონ ლიანას შევახსენე, – უსაფუძვლო ეჭვი და ბრალდება დიდი ცოდვაა-მეთქი. დარწმუნებული რომ არ ვიყო, შვილების დედასა და ძმის ცოლს არაფერს დავაბრალებდი, ამიტომაც უნდა გიამბოთ ყველაფერიო…

– ძმაზე რვა წლით უფროსი ვარ, მასზე დიდი ამაგი მაქვს. როცა გიგამ გარდატეხის ასაკში გადააბიჯა მე უკვე გათხოვილი ვიყავი, მშობლები კი დღე და ღამე მუშაობდნენ. უფროსებისაგან ყურადღება რომ მოაკლდა, ქუჩას მიაშურა. სწორედ მაშინ გაუსინჯა ნარკოტიკს გემო. მალევე გავიგეთ და განგაში ავტეხეთ. ორი წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ ამ საშინელებისგან გამოგვეხსნა. მერე ეკა შეუყვარდა და საბოლოოდ უარი თქვა წამალზე. 21 წლისამ ცოლი შეირთო. ეკა ძალიან ლამაზი გოგო იყო, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ არც ჩემი ძმა იყო ნაკლები გარეგნობისა და მანაც გიგა  არჩია.

Загрузка...

ხუთი წელი ყველაფერი კარგად იყო. მერე მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. კარგა ხანს არ ვერეოდი, მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი. ბოლოს, როცა გავიგე, ეკა მშობლებთან წავიდა ბავშვებიანად, გიგა კი ყოველ ღამე კარს უმტვრევდა სიმამრს, ვკითხე: – რა გჭირთ, რა ეშმაკი შეგიჩნდათ, რა გაქვთ სადავო-მეთქი. გიგამ არ დამიმალა, – ვატყობ, ძველებურად აღარ ვუყვარვარ, მგონი, ვიღაცასთან დადისო… გავუბრაზდი, – უსაფუძვლოდ არ უნდა იეჭვიანო შვილების დედაზე-მეთქი. თავი ჩაქინდრა, აღარაფერი მითხრა. მას მართლაც ძალიან უყვარდა ეკა, შვილებზე ხომ გიჟდებოდა. იმდენი ქნა, ცოლ-შვილი შინ დააბრუნა. ეკას ცალკე ველაპარაკე. იმან ბევრი იწუწუნა, – გიგა აგრესიული გახდა, ვეღარ ვუძლებ, მგონი, ისევ დაიწყო წამლის კეთებაო. ავფორიაქდი, მეც დავეჭვდი, მაგრამ გიგას არაფერი ეტყობოდა, ხელფასსაც უკლებლივ ახმარდა ოჯახს…

ერთხელ ჩემმა მეგობარმა თბილისის ზღვაზე ახალნაყიდი ნაკვეთის სანახავად წამიყვანა. ადგილი მომეწონა, ირგვლივ ბევრს უკვე აეშენებინა სახლი. მაინც რა უცნაურია ბედისწერა… რას ვიფიქრებდი, თუ აქ ჩემს საკუთარ რძალს წავაწყდებოდი. თვალებს არ ვუჯერებდი, ეკა რომ დავინახე. იგი მშვიდად გადმოვიდა შავი მერსედესიდან, ვიღაცის სახლის ჭიშკარს შინაურულად მიადგა და გასაღებით გააღო. დავინახე – იმ მანქანიდან გადმოსული კაცი ჩემს რძალს მიესიყვარულა, მერე კი ერთად შევიდნენ სახლში. იმ წუთებში მიწას ჩავეტანე, მერჩივნა. ჩემმა მეგობარმა დამშვიდება დამიწყო, მაგრამ აღარაფერი მესმოდა. თურმე, ტყუილად არ ეჭვიანობდა ჩემი ძმა. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ბავშვები მეცოდებოდა, ვიცოდი, ეს ამბავი რომ გამეხმაურებინა, გიგა არ აპატიებდა და საშინელება დატრიალდებოდა მათ ოჯახში. ორდღიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ეკა დამებარებინა და მეთქვა, – გადაწყვიტე: ან ის კაცი, ან გიგა და ოჯახი, თუ არადა, შენს ღალატზე პირში წყალს აღარ ჩავიგუბებ-მეთქი.
მერე რაღაცას  მიედ-მოედო,- ის კაცი ჩემი უფროსია, სახლში სხვა თანამშრომლებიც გველოდებოდნენ, ღალატზე ტყუილად ფიქრობო…

ამ ამბიდან ერთი თვე გავიდა და გიგა დააკავეს. თურმე, მას ჯიბეში უპოვეს ნარკოტიკი. იმდენად მოულოდნელი იყო ეს, რომ კარგა ხანს გონს ვერ მოვედი. მივხვდი, გიგას ცოლმა გაუკეთა ეს. ჩემი ძმის წარსული წამალს უკავშირდებოდა. ასე რომ, ნარკოტიკთან მიბრუნება არავის უნდა გაჰკვირვებოდა. გიგა სულ ტყუილუბრალოდ იფიცებდა, – ნარკოტიკი ჩამიდესო, მაგრამ ვინ დაუჯერებდა? “მომხმარებლის” სტატუსი არ აკმარეს, ვიღაც  “გამოჩხრიკეს”, რომელმაც “აღიარა”, რომ გიგასგან სისტემატურად ყიდულობდა წამალს. კინაღამ გაგიჟდა გიგა, – ეს კაცი არ ვიცი, ვინ არისო, მაგრამ საქმე “შეიკერა” და უცებვე დამთავრდა…

გიგას 9 წელი მისცეს. ორი წელი გავიდა მას შემდეგ. ჩემი რძალი იმ კაცის საყვარელია და ეს უკვე ყველამ  იცის. ეკა გიგას დაჭერიდან 5 თვეში გაეყარა. ამბობს, – თავისუფალი ქალი ვარ, მინდა საყვარელს გავიჩენ, მინდა – გავთხოვდები, ვისი რა საქმეაო. მოდი და ედავე. ეკამ იცოდა, გიგასგან ასე იოლად თავს ვერ დაიხსნიდა, წამალი და ბარიგობის ბრალდება კი მისი იზოლირების საუკეთესო საშუალება იყო. გული მწყდება, რომ ჩემი ძმის ბედი ასე წარიმართა. ძმისშვილებზე ვზრუნავ, ხშირად ჩემთან მომყავს, მაგრამ დედ-მამაზე არაფერს ვეუბნები. დედაზე რომ ცუდი დამცდეს, ამით ბავშვებსაც გულს ვატკენ და მეც ამითვალწუნებენ.  იმედის პატარა ნაპერწკალი მაინც მიბჟუტავს. იქნებ, სასწაული მოხდეს და ეკას ცოდვის აღიარების სურვილი გაუჩნდეს… მაშინ ჩემს ძმას გაათავისუფლებენ. იქნებ, ღვთის რწმენით, სიყვარულითა და შიშით ცოდვიანებმა აღიარონ დანაშაული… აი, ამიტომ მოვედი თქვენთან.

Загрузка...