Загрузка...

ახალგაზრდა ქალს მამაკაცი ქუჩაში სადისტურად სცემდა, მუშტებს ურტყამდა, მიწაზე ათრევდა. ქალი მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ვერა და ვერ დაუსხლტდა ხელიდან. განწირული ხმით გამვლელებისგან შველას ითხოვდა. სამწუხაროდ, ბევრმა ისე გულგრილად ჩაუარა, რომ მსხვერპლის დაცვა მოძალადისგან არც კი უცდია. ქალმა ბრძოლის ძალაც დაკარგა და სხვების დახმარების იმედიც.

საბედნიეროდ, ამ დროს გამოჩნდნენ ახალგაზრდა ქალები, რომლებიც არ შეუშინდნენ გააფთრებულ მამაკაცს და მოძალადეს ქალი ხელიდან გამოსტაცეს. გამვლელებმა იქვე პატარა ბიჭუნა შენიშნეს, რომელიც ამ კონფლიქტის თვითმხილველი იყო და ტიროდა. 4

Загрузка...

წლის პატარა დედის დახმარებას ვერ ახერხებდა, თუმცა, სხვებს არც ბავშვის ტირილისთვის მიუქცევიათ ყურადღება და არც მათი პრობლემა მიუტანიათ გულთან. საბედნიეროდ, ორი ქალბატონი არ მოსცილდა მსხვერპლს, პოლიცია და “სასწრაფოს” ბრიგადაც გამოიძახა. მათაც ეჩხუბებოდა მოძალადე და სწორედ პოლიციის გამოძახების შემდეგ გამოჩნდნენ მოძალადე მამაკაცის მეგობრები, რომლებმაც მამაკაცი იქაურობას გაარიდეს. ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გაირკვა ისიც, რომ მოძალადე მისი ყოფილი მეუღლე იყო. განქორწინების მიუხედავად, ქალი ქმრისგან თავის დაცვას ვერ ახერხებდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სამართალდამცავებმაც ოპერატიულად დააკავეს დამნაშავე. როგორც გაირკვა, ის გასართობად კაზინოში წავიდა და სწორედ იქ აიყვანეს. სასამართლომ შვილის თვალწინ მოძალადე მამას ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა და დღეს ის ციხეშია გამოკეტილი. მისი ყოფილი მეუღლე, 30 წლის მარიკა ამბობს, რომ არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.

მარიკა:

– 5 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი. სიყვარულით დავქორწინდით და მეგონა, ბედნიერად ვიცხოვრებდი, მაგრამ 4 თვის შემდეგ, ჩვენ შორის კონფლიქტები დაიწყო. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ჩემი მეუღლე ნარკომანი იყო. სულ ამ თემაზე ვჩხუბობდით. იმდენად გაუსაძლისი ხდებოდა ჩვენი ურთიერთობა, რომ სახლიდან მივდიოდი და ჩემს მშობლებთან ვრჩებოდი, მაგრამ როცა გამოფხიზლდებოდა, იწყებდა ხვეწნა-მუდარას, გამოვსწორდები და ასე აღარ მოვიქცევი, ერთი შანსი მომეციო. მიყვარდა და ალბათ ამ სიყვარულის ხათრითა და იმ იმედით, რომ გამოსწორდებოდა, ვურიგდებოდი. ერთხელ ვუთხარი, თუ მკურნალობას არ დაიწყებ, არ შეგირიგდები-მეთქი. დაიწყო მკურნალობა და მეც შევურიგდი, თუმცა, მალევე გამოვცადე მორიგი იმედგაცრუება.
ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი. ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა და მცემდა კიდეც. ფეხმძიმედ ვიყავი და იმედი მქონდა, შვილის ხათრით იქნებ გამოსწორებულიყო, მაგრამ მას შვილი აღარ აინტერესებდა. წლის იყო ჩემი პატარა, ერთმანეთს საბოლოოდ რომ დავშორდით. ახლა ბავშვს იმიზეზებდა – შვილის ნახვა მინდაო და შუაღამისას მოდიოდა ჩვენთან. ბავშვის გატანებასაც მთხოვდა. პატარას თუ არ გავატანდი, მცემდა.

– პოლიციის ჩართვა არ გიცდიათ? საპატრულო პოლიციას დამცავი ორდერის გამოცემა და თქვენი დაცვა ხომ შეეძლო?
– ბევრჯერ პატრული გამომიძახებია, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. სიმართლე გითხრათ, თავიდან ხელს ვაფარებდი, არ მინდოდა, მეჩივლა, რადგან ჩემი შვილის მამა იყო. როცა სახლში შუაღამისას მომივარდებოდა და პატარის წაყვანას მოითხოვდა, პატრულს ვიძახებდი და პოლიციის ძალით ტოვებდა სახლს. დამცავი ორდერი არ გამოუწერიათ, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ. ერთხელ ბავშვი დღისით წაიყვანა. საღამოს 9 საათი გახდა და რომ არ მომიყვანა, დავურეკე და მითხრა, დღეს ბავშვი არ წამოვა, ჩემთან დარჩებაო. არ გავჩერდი, წავედი ბავშვის წამოსაყვანად, რადგან ძუძუს ვაჭმევდი პატარას და წამოყვანა რომ დავაპირე, მაშინაც შემეხო ხელით.

მაშინაც პატრული გამოვიძახე, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ პოლიციელები მაწყნარებდნენ და მეუბნებოდნენ, იქნებ ამ ერთხელ აპატიო, მამააო. მაშინაც გადამაფიქრებინეს საჩივრის დაწერა. ბავშვი რომ წამოიზარდა, უკვე ღამითაც მიჰყავდა, წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდი, თან მისი ოჯახის წევრებიც მარწმუნებდნენ, წამლის მოხმარება მიატოვაო. იმ დღეს წაიყვანა ისევ ბავშვი. საღამოა, ჩემს შვილს სკაიპით ველაპარაკები და რას ვხედავ, ჩემი ყოფილი ქმარი “კაიფშია”. მესმოდა, როგორ ცდილობდა ბავშვი მის გამოფხიზლებას. თანაც სახლში მარტო იყვნენ. ზაფხული იყო, ფანჯრები ღია ჰქონდათ და პანიკაში ჩავვარდი, ბავშვი ან ფანჯრიდან არ გადავარდეს, ან რამე არ მოხდეს-მეთქი. სასწრაფოდ დავურეკე ყოფილ დედამთილს და ვთხოვე, სახლში მისულიყო. ის კი მარწმუნებდა, წამალს არ გაიკეთებდა, შეიძლება პლანი მოსწიაო.
– სახლში მისვლა და შვილის წამოყვანა არ გიცდიათ?
– ძალიან აგრესიული იყო, როცა კაიფში იყო, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და მივედი. ბავშვი წამოვიყვანე, დამეწია და ჩხუბი დამიწყო. მერე ცემაზე გადავიდა. გამეტებით მირტყამდა მუშტებს. ეს ყველაფერი ჩემი შვილის თვალწინ ხდებოდა. მინდოდა, ბავშვი დამემშვიდებინა, მაგრამ მასთან მიახლოებაც ვერ შევძელი, რადგან დაჭერილი ვყავდი და უმოწყალოდ მირტყამდა, განსაკუთრებით – თავში. ეტყობა, სურდა, გონება დამეკარგა. ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, ყველა გამვლელს დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ ჩემი დაცვა არავის უცდია. საბედნიეროდ, გოგონები გამოჩნდნენ, რომლებსაც ერთი მამაკაცი ახლდა და ისინი მაშინვე ჩემს დასახმარებლად მოვიდნენ. მათაც ძალიან აგრესიულად ელაპარაკებოდა, თქვენ ვინ გკითხავთო, მაგრამ ფაქტია, იმ ხალხმა მიხსნა იმ დღეს და ძალიან მადლობელი ვარ. დარწმუნებული ვარ, მის ნარკომან მეგობრებს კარგად ესმოდათ ჩემი განწირული კივილი, მაგრამ არავინ მოსულა, სანამ ეს ადამიანები არ გამომესარჩლნენ. ყველაფერი უბანში ხდებოდა და განგრეულ კაიფში მოვიდნენ ისინი. ყველა წვრილმანი აღარ მახსოვს, იმდენად ცუდად ვიყავი. საავადმყოფოში მოვხვდი. მაშინ ვთქვი, ამასაც თუ ვაპატიებდი, მაშინ სასიკვდილოდ გამიმეტებდა და ამიტომ ვუჩივლე. დღეს ციხეშია. იმდენად ვერ წარმოედგინა, რომ დაიჭერდნენ, ამბობდა, ორ დღეში სახლში ვიქნებიო. სულ ვცდილობდი, ბავშვს არ ენახა კონფლიქტები, მაგრამ ძალადობის თვითმხილველი მაინც გახდა. ძალიან განიცდის. სულ მეუბნება, მამა არ მიყვარს, რადგან შენ ასე ძალიან გცემაო. არ მინდა, ჩემი შვილი იყოს ნარკომანი მამის გვერდით. არ მივცემ უფლებას, ცხოვრება დაგვინგრიოს. იმ ქალებს მინდა მივმართო, ვინც ჩემსავით ძალადობის მსხვერპლია. ნუ გაჩუმდებიან, ჩემსავით არ დაუშვან შეცდომა. თუ აპატიებ, უფრო მეტს ითხოვს. მგონია, მკაცრად თუ დაისჯება რამდენიმე და ამას გაიგებს საზოგადოება, ამდენი ძალადობა აღარ მოხდება.

Загрузка...