Загрузка...

მინესოტაში მცხოვრები ჯული და ლანს ერიქსონები ყოველთვის ბავშვებით სავსე, ხმაურიან ოჯახზე ოცნებობდნენ, მაგრამ ხუთი წლის მანძილზე ჯულიმ ერთხელაც ვერ შეძლო დაფეხმძიმება. წყვილმა სამჯერ ჩაიტარა ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა, თუმცა აქაც იმედგაცრუება ელოდათ…

ჯული და ლანს ერიქსონები მინესოტაში ცხოვრობენ.
2007 წელს ცოლ-ქმარმა უშვილობის პრობლემებზე მომუშავე ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებული ლატარიის შესახებ შეიტყო. პირობების თანახმად, ლატარიაში გამარჯვებულს, პრიზის სახით, ექსტრაკორპორალური, ანუ ინ-ვიტრო განაყოფიერება ჩაუტარდებოდა და ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, ბედი ეცადა…

Загрузка...

მათ მალევე აცნობეს, რომ ლატარიის გამარჯვებულები არიან.

ექიმებმა ქალის 10 კვერცხუჯრედი გაყინეს და ინკუბატორში მოათავსეს. ათი ემბრიონი – ასეთი იყო ლატარიაში მოგებული პრიზი!
წყვილი იმედოვნებდა, რომ ათიდან ერთი ან ორი მცდელობა მაინც დასრულდებოდა ორსულობით, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა…

ეს ამბავი 1977 წელს დაიწყო – პირველი წარმატებული ექსტრაკორპორალური, ანუ ინ-ვიტრო განაყოფიერებით კეტლინი დაიბადა და მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, მათ სანატრელი შვილის ხელში დაჭერა შეძლეს და გადაწყვიტეს, კიდევ ეცადათ, რადგან კლინიკაში ემბრიონების საკმარისი მარაგი დარჩა.
ორი წლის შემდეგ ქვეყანას ტყუპი მოევლინა – კალებისა და კოდის ახლახან ხუთი წელი შეუსრულდათ.
ერთი წლის წინათ კი ჯულიმ ტყუპი კადენა და კოლტონი გააჩინა.
41 წლის ქალი უკვე შვიდი შვილის დედაა და ამით უზომოდ ბედნიერია.

„ბევრი ვერ ხვდება, რა ძნელია ქალისთვის უშვილობა. დადიხარ სხვისი შვილების ნათლობაზე, ზეიმობ დედის დღეს და ხვდები, რომ შენ ყველაზე ნაკლებად გაგიმართლა. როცა გავიგე, რომ ყველა ემბრიონი გადარჩა და შვილები მეყოლებოდნენ, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. რა თქმა უნდა, ბევრი შვილი დიდი პასუხისმგებლობა და უზომოდ დიდი შრომაა, მაგრამ ეს ამად ღირს“, – ამბობს ჯული.

ექსტრაკორპორალური, ანუ ინ-ვიტრო განაყოფიერება, ხანგრძლივი პროცედურაა და რამდენიმე ეტაპისგან შედგება.
თავდაპირველად, ქალის ორგანიზმში შეჰყავთ ჰორმონი, რომელიც ხელოვნურად ზრდის კვერცხუჯრედების რაოდენობას.
შემდეგ მომწიფებულ კვერცხუჯრედებს ორგანიზმიდან იღებენ, ინკუბატორში ათავსებენ და მეუღლის ან დონორის სპერმით ანაყოფიერებენ.
განაყოფიერების შემდეგ კვერცხუჯრედი დაყოფას იწყებს. ამ გზით მიღებული ემბრიონი გადააქვთ საშვილოსნოს ღრუში, სადაც ჩანასახი საშვილოსნოს ლორწოვანზე მაგრდება და მომდევნო 9 თვის განმავლობაში ვითარდება.
ამ პროცედურის ჩატარებისას ორსულობის განვითარების ალბათობა 40-45%-ია და დამოკიდებულია ქალის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მიღებული ემბრიონის ხარისხზე.

ჯულისა და ლანსს რეზერვში კიდევ ორი გაყინული ემბრიონი აქვთ და მათ გამოყენებას სექტემბერში აპირებენ.
„მახსოვს, როცა ლატარია მოვიგეთ, ლანსი სიხარულისგან ატირდა. მივხვდი, რომ ეს ღვთის საჩუქარი იყო და გადავწყვიტე, რომ ათივე გადარჩენილი ემბრიონი გამომეყენებინა. ათი შვილი – რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება?“ – ამბობს ჯული.

„მე გამოცდილი მაქვს უნაყოფობის განცდა, როცა თავს საშინლად მარტოსულად ვგრძნობდი, მაგრამ ღმერთმა ჩვენი ოჯახი არ გაწირა. მე მყავს შვიდი სასწაული, რისთვისაც ღმერთის უზომოდ მადლიერი ვარ და მინდა, ჩვენი ოპტიმიზმი სხვა უშვილო ოჯახებსაც გავუზიარო. არასოდეს დანებდეთ და გახსოვდეთ, რომ იმედი ბოლოს კვდება“, – ამბობს ბედნიერი მამა.

წყარო: Funtime

Загрузка...