Загрузка...

“მეუღლეს გაუფრთხილდიო, დამარიგა ქმრის საყვარელმა”

ნანიკო სამი შვილის დედაა. მას შემდეგ, რაც დაქორწინდა, თავს უბედნიერეს ქალად გრძნობდა, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი თავდაყირა დადგა, აღმოჩნდა, რომ მოსიყვარულე ქმარი მთელი ამ ხნის განმავლობაში ღალატობდა.

ნანიკო: 
– ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს გოგას სამსახურში შევუარე. კაბინეტში არ დამხვდა. მის კომპიუტერს მივუჯექი და რას ვხედავ, გაუშლია ვიღაც გოგოს გვერდი და როგორც ჩანს, მის ფოტოებს ათვალიერებდა. გოგო ძალიან ლამაზი იყო და გულში გამკენწლა, ჩემს ქმარს მასთან რა აკავშირებს-მეთქი, მაგრამ აღარ გამიგრძელებია ამაზე ფიქრი.

– შენთან ურთიერთობაში როგორი იყო, სიცივეს ხომ არ გრძნობდი ბოლო დროს მაინც?

– ყოველთვის თბილი, მზრუნველი ქმარი და მამა იყო და არის. ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ “ფეისბუკზე” ვიღაცამ გოგა ფოტოზე მონიშნა, – რამდენიმე ადამიანი რესტორანში სუფრასთან ილხენდა და იმ ლამაზ გოგოს თავი ჩემი ქმრის მხარზე ჰქონდა მიყრდნობილი.

გოგა საღამოს შინ რომ მოვიდა, თბილად ჩამიკრა გულში, უხასიათობა რომ შემამჩნია, რა გჭირსო, ისეთი ხმით მკითხა, ბავშვივით გული ამომიჯდა. ვუთხარი ჩემი ეჭვების შესახებ და ვკითხე, ის გოგო ვინ არის-მეთქი? ყურადღება არ მიაქციოო, მხოლოდ ეს მითხრა და სააბაზანოში შევიდა.

Загрузка...

იმ დღეს ამ თემაზე საუბარი აღარ გაგვიგრძელებია. მეორე დღეს ბავშვები გუდაურში წაიყვანა. ჩემთვის არც უკითხავს, მინდოდა თუ არა წასვლა – სულ ბიჭები ვიქნებითო, კარში რომ გადიოდა, მაშინღა მომაძახა.

საღამოს ისევ მონიშნა ვიღაცამ, ამჯერად გუდაურის ფოტო, სადაც გარკვევით ჩანდა, რომ ბიჭებთან”ერთად გოგოებიც იყვნენ და მათ შორის ის ლამაზმანიც, თან ჩემს შვილს ნაზად იკრავდა გულში. გავქვავდი.

– რით ადასტურებ, რომ ქმარი მართლა გღალატობს იმ გოგოსთან?

– რომ დაბრუნდა, გუდაურის ფოტო ავუფრიალე და კიდევ ერთხელ ვკითხე, ვინ არის ეს ქალი, რომ სულ ერთად ხართ-მეთქი. ეტყობა, ბოლო დროს უფრო დაკვირვებული გახდი, თორემ სხვა  ქალებსაც დაინახავდი ჩემ გვერდითო, – მშვიდად მომოგო. თავი უხერხულად ვიგრძენი, თითქოს ქმარმა მითხრა, სულელო, მე აქამდეც მყავდა სხვა ქალები, მაგრამ შენ ვერ ამჩნევდიო.  კარგი ყოფილა, როდესაც ვერაფერს ამჩნევ. თუ ერთხელ შეამჩნიე, ბზარი ჩნდება, ეჭვი არ გასვენებს და ბზარიც ნაპრალად იქცევა.

იმ გოგოს მივწერე, ისტერიკის მოწყობას არ ვაპირებ, დალაპარაკება მინდა-მეთქი. შემხვდა. ვერაფერს დაუწუნებდი, საოცრად თბილი და მშვიდი ადამიანი აღმოჩნდა.

– რა გითხრა?
– გაგიკვირდება და, მითხრა, შენს ქმარს ზურგი არ შეაქციო, როგორიც იყავი, ისეთივე დარჩი. თუ ურთიერთობას დაძაბავ, გოგა შესაძლოა შინიდან წამოვიდეს, შეიძლება ცოტა ხანი ერთადაც ვიყოთ, მაგრამ ის ჩემთან ვერ გაძლებს. მე არ მხიბლავს ოჯახური ცხოვრება, ამიტომაც ქმარს გაუფრთხილდი, ხელი არ ჰკრაო. ენა ჩამივარდა.

საღამოს გოგას ვუთხარი, გულწრფელად მომიყევი, რა ხდება შენს ცხოვრებაში და ყველაფერს გაპატიებ-მეთქი. ყველაფერი რიგზეაო, – მიპასუხა. აბა, ის ქალი ვინ არის-მეთქი? არავინ, უბრალოდ დროებით ვერთობით, შენ ამით რამე გაკლდებაო?

ალბათ, გამკიცხავთ და იტყვით, გაგიჟდიო, მაგრამ გოგა მართალია – იმ დღეს მის კაბინეტში შემთხვევით რომ არ წავწყდომოდი იმ გოგოს გვერდს, მერე არც იმ ფოტოებზე გავამახვილებდი ყურადღებას, სადაც ჩემი ქმარი იყო მონიშნული. მოკლედ, ეჭვიანობასაც აღარ დავიწყებდი და ვიცხოვრებდი ისე ბედნიერად, როგორც აქამდე ვცხოვრობდი. მაგრამ იმ ფოტოებმა  დამინგრია ცხოვრება – გოგას აღარ ვენდობი, ამიერიდან რაც უნდა თბილი და მოსიყვარულე იყოს, ეჭვი დამტანჯავს, ნეტავ ახლა ვისთან მღალატობს-მეთქი.

ყოველივეს მიუხედავად, გოგას გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია. ის ძველებურად ალერსიანი და ყურადღებიანი ქმარი და მამაა. ზოგჯერ  ვფიქრობ, იქნებ დავივიწყო და შევეგუო ყველაფერს, იმის მიუხედავად, რომ  მღალატობს, ძველებურად განვაგრძო ცხოვრება, ვითომ არც არაფერი ხდება… თუ, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვა ჩვენს ურთიერთობას?

Загрузка...