Загрузка...
“ფუფუნებაში ცხოვრება თურმე, ბედნიერებას ვერ მოგიტანს”

სიყვარული ვალდებულება არ არის. თუ გიყვარს, წრფელი გულით უნდა გიყვარდეს. 
მხოლოდ ერთგულებამ და მეუღლის წინაშე პასუხისმგებლობამ შეიძლება აგვარიდოს ღალატს, თუ არა და, ოჯახს ან დანგრევის საფრთხე დაემუქრება, ან მთელი ცხოვრება სიცრუესა და სიყალბეში მოგვიწევს ყოფნა.

ხშირად, ოჯახის დანგრევის მიზეზად მამაკაცისგან ღალატს ასახელებენ. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ქალებს უფრო კარგად შეუძლიათ დაფარონ ფარული სასიყვარულო ამბები. ზოგადად, თურმე, კაცის მოტყუება უფრო იოლია, ვიდრე ქალის. თანაც, მანდილოსნები ღიად ყვებიან მოღალატე ქმრებზე, ქმრები კი ხშირ შემთხვევაში, ამის აღიარებას დუმილს ამჯობინებენ.

Загрузка...

GzaPressმოღალატე ქალბატონების უმეტესობა საკუთარ საქციელს ასე “ამართლებს”: შემიყვარდა და რა ჩემი ბრალია?.. როგორც ამბობენ, ღალატი მაშინ ხდება, როცა წყვილებს შორის ურთიერთობა თავიდანვე არაჯანსაღ საფუძველზე ეწყობა. ბევრი ანგარებით თხოვდება და დაოჯახების შემდეგ აღმოაჩენს, რომ შეცდომა დაუშვა, მეუღლის შეყვარება ვერ შეძლო, ოჯახს კი იმიტომ არ ანგრევს, რომ შეიძლება, ერთ დღეს მშიერი დარჩეს…

მაიკო, 35 წლის:
– სიღარიბეში გავიზარდე. ჩემს ოჯახს ისე უჭირდა, რომ ხშირად, სახლში პურის ნატეხიც არ იყო და მშიერს მიწევდა დაძინება. დედა და მამა ბევრს შრომობდნენ იმისთვის, რომ ჩემთვის არაფერი მოეკლოთ, ფიზიკურ სამუშაოზეც არ ამბობდნენ უარს, მაგრამ თვეში ორჯერ ნაშოვნი თეთრები მთელი თვე პურის შესაძენადაც არ გვყოფნიდა. რადგან ასე ძალიან გვიჭირდა, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, შვილი აღარ გაეჩინათ და როგორმე ჩემთვის მოეხედათ. თავს არ ვიქებ, მაგრამ ძალიან ლამაზი ბავშვი ვიყავი. სკოლაში ხშირად იმის გამო ვერ მივდიოდი, რომ ფეხსაცმელი დახეული მქონდა და მრცხვენოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ლამის მთელი სკოლის ბიჭები ჩემზე იყვნენ შეყვარებული, მე კი არც ერთი მათგანი არ მხიბლავდა და მათზე სერიოზულად არ ვფიქრობდი. თუმცა, როგორც ყველა გოგონას, მეც მსიამოვნებდა მათი ყურადღება… ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილი მქონდა, რომ სკოლაში კარგად მესწავლა, შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა და კარგი სამსახურიც მეშოვა. ვოცნებობდი, რომ ოჯახი ფეხზე დამაყენებინა, მშობლებს დავხმარებოდი. თითქოს ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მინდოდა: სკოლა წარმატებით დავამთავრე, უმაღლეს სასწავლებელშიც ჩავაბარე. მშობლები ახლა, ორმაგად წვალობდნენ, რომ ქალაქში მყოფი სტუდენტი შვილისთვის “კაპიკები” გამოეგზავნათ. რა თქმა უნდა, სტუდენტობაშიც ბევრი გასაჭირი გამოვიარე. ერთ პატარა, ნახევრად მიწის ქვეშ ამოშენებულ ოთახში ვცხოვრობდი, მაგრამ ეს არ მიშლიდა ხელს, რომ თავი არ დამეზოგა და მაქსიმალურად კარგად მესწავლა.

ერთ დღეს დედამ დამირეკა და მთხოვა, შაბათ-კვირას ჩამოდიო. რისთვის დამიბარა, არ ვიცოდი. ვიფიქრე, ეტყობა მოვენატრე. ჩავალ, მშობლებს მივესიყვარულები-მეთქი. აღმოჩნდა, რომ თურმე, შორეულ ნათესავს ჩემთვის “კარგი” მოუნდომებია და მდიდარი სასიძო მოუძებნია. სოფელში ჩასულმა გავიგე, რომ ეს ბიჭი საღამოს ჩემს მოსანახულებლად მოდიოდა და თუ მოვეწონებოდი, დამნიშნავდა კიდეც. ეს ამბავი რომ გავიგე, ნივთების ჩალაგება დავიწყე. გაბრაზებულმა გადავწყვიტე, სამუდამოდ დამეტოვებინა მშობლიური სოფელი და საცხოვრებლად თბილისში გადავსულიყავი. გავბრაზდი მშობლებზეც, – ეს როგორ გამიბედეს-მეთქი? მაგრამ ბოლოს დედამ მაინც თავისი გაიტანა. მითხრა, – ჯერ ნახე, იქნებ ისე მოგეწონოს, რომ თავად მოგინდეს მასთან ერთად ოჯახის შექმნაო. მოკლედ, ნათესავები დამესივნენ, ასეთ კარგ ვარიანტს ხელიდან ნუ გაუშვებო და იმდენი ილაპარაკეს, იმ ბიჭით მეც დავინტერესდი.

მოკლედ, დავინიშნე მდიდარ სასიძოზე, რომელიც დედაჩემის თქმით, სიმპათიური არ იყო, სამაგიეროდ, ქალაქში ცხოვრობდა და ბევრი ფული ჰქონდა. 20 წლის გოგოს შეყვარებული არასდროს მყოლია და არც ვიცოდი, ეს რა გრძნობა გახლდათ. მეგონა, თუკი ვინმე შემიყვარდებოდა, მთელი ცხოვრება მისი ერთგული ვიქნებოდი… მეუღლე ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. ვუყვარდი, პატივს მცემდა და ზედმეტადაც კი მანებივრებდა, არაფერს მაკლებდა, ჩემს მშობლებსაც ეხმარებოდა, მაგრამ მისი შეყვარება ვერაფრით შევძელი. ვგრძნობდი, მასთან დიდხანს ვერ გავჩერდებოდი და შვილის გაჩენა ამიტომაც არ მინდოდა. უარყოფითი რაღაცებიც ჰქონდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ სწავლას თავი დამანებებინა და შინ დამსვა. ეჭვიანობდა, მაგრამ ამას არ აღიარებდა. ოღონდ შინ ვყოფილიყავი და ყველა კაპრიზს მისრულებდა. ქუჩაში ერთად რომ გავდიოდით, ყველა თვალს მაყოლებდა და ეს არ მოსწონდა. არ უნდოდა მესწავლა ან მემუშავა. ბოლოს გადავწყვიტე, რადგან ამ ადამიანის იქით გზა არ მაქვს, შვილს მაინც გავაჩენ, გულს გადავაყოლებ-მეთქი. მაშინ ვერ ვიფიქრებდი, ოდესმე მეუღლის ღალატს თუ შევძლებდი. უფრო მეტიც, მოღალატე ქალებს ყოველთვის ვკიცხავდი და ვამბობდი, რომ არასწორად იქცეოდნენ…

GzaPressმაგრამ ბედის ირონიით, ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ადამიანი, რომელიც შემიყვარდა. ისე შემიყვარდა, რომ მასთან ერთი ღამის გატარების სანაცვლოდ მზად ვიყავი, ყველაფერი დამეთმო. ისიც გაცნობიერებული მქონდა, – მეუღლეს თუ დავშორდებოდი, ჩემს ოჯახს ისევ შიმშილობა მოუწევდა. ჰოდა, გადავწყვიტე, იმ ადამინთან ფარული რომანი გამება. თვეში ერთხელ ვახერხებ მასთან შეხვედრას, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. არ ვამბობ, რომ კარგს ვაკეთებ, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. მივხვდი, თუ ადამიანი არ გიყვარს, მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის გამო გათხოვება სისულელეა. ჰოდა, ასე თუ ისე, მეც მოღალტე ცოლი გავხდი. მეუღლეს ისევ ძალიან ვუყვარვარ და პატივს მცემს, მას ხომ შვილიც გავუჩინე, მაგრამ რა ვქნა, ჩემი გული სხვას ეკუთვნის. მასაც ჰყავს ცოლ-შვილი და ფარულად ვხვდებით ერთმანეთს. მერწმუნეთ, ვწუხვარ, რომ მოღალატე ვარ.

ლალი, 50 წლის: 
– 5 წელია, ქმარს ისე ვღალატობ, ვერაფერს ხვდება… მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი ძალიან პატარებმა შევქმენით. ერთმანეთი ჯერ კიდევ მოსწავლეებს შეგვიყვარდა და სკოლის დამთავრებისთანავე გადავწყვიტეთ დაქორწინება. წლების განმავლობაში ბედნიერი ოჯახი გვქონდა, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ამ სიყვარულით და ერთურთის პატივისცემით შევძელით, ლამაზი ბუდე მოგვეწყო. ერთად იმდენი ვიშრომეთ, რომ შვილებს ცხოვრების მოწყობაშიც დავეხმარეთ… ჩემს მეუღლეს ბევრი დედმამიშვილი ჰყავდა და როგორც კი დავქორწინდით, საცხოვრებლად თბილისში წამოვედით, ერთი პატარა ოთახი ვიქირავეთ, ერთად წამოვიწყეთ ბიზნესი, რომელმაც გაამართლა. 2 ვაჟი გვყავს, უკვე ორივე სრულწლოვანია: ერთი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეორე – თბილისშია.

იცით, რას მივხვდი? როცა სიღარიბეში გვიწევდა ცხოვრება, მე და ჩემს მეუღლეს მაშინ უფრო ძლიერად გვიყვარდა ერთმანეთი, ახლა კი, როცა ყველაფერი გვაქვს, ჩვენ შორის თითქოს, შავმა კატამ გაირბინაო, ურთიერთობა გაცივდა. ოჯახი არ დავანგრიეთ იმიტომ, რომ შვილები გვყავს და მათთვის ეს მტკივნეული იქნებოდა. თან, როგორც გითხარით, საერთო ბიზნესიც გვაერთიანებს და განქორწინება არც ერთს არ გვაძლევს ხელს. ჩვენი გრძნობების გაციება მხოლოდ ჩემი ბრალი არ არის. დარწმუნებული ვარ, მეუღლეს საყვარელი არ ჰყავს, მაგრამ ვგრძნობ, უკვე მოვბეზრდი და სულ ქეიფსა და დროს ტარებაზე ფიქრობს. ბოლო დროს ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა.
თითქოს ყველაფერი მქონდა, რაზეც ახალგაზრდობაში ვოცნებობდი, მაგრამ თავს უბედურ ადამიანად მივიჩნევდი. ბოლო დროს მე და ჩემი მეუღლე ცალ-ცალკე ვიძინებდით. ჰოდა, ეტყობა მომბეზრდა ასეთი ურთიერთობა…

ერთ დღეს ავტომობილი გამიფუჭდა და ხელოსანთან მივიყვანე, თავად კი ტაქსი გავაჩერე და მძღოლს მოველაპარაკე, – მთელი დღე მომემსახურე და საღამოს გულს არ დაგწყვეტ, კარგად გადაგიხდი-მეთქი. ტაქსის მძღოლი ასაკით ჩემი ტოლი გახლდათ. მთელი დღეს ერთად მოგვიხდა ყოფნა და ერთმანეთი კარგადაც გავიცანით. საკმოდ სიმპათიური მამაკაცი იყო, თან – განათლებული, ზრდილობიანი. საღამოს, როცა საქმეების მოგვარებას მოვრჩი, ფული გადაუხადე და ისიც დავძინე: ჩემსავით, მთელი დღე შენც არაფერი გიჭამია. თუ გინდა, ერთად ვივახშმოთ-მეთქი. უარი არ უთქვამს. რესტორანში შევედით, ცოტა დავლიეთ კიდეც. რა თქმა უნდა, მეუღლეს მთელი დღე არ გავხსენებივარ… აღმოჩნდა, რომ ჩემს ახალ ნაცნობს ცოლ-შვილი არ ჰყავდა, მარტო ცხოვრობდა. ცოტა რომ დავლიე, გავთამამდი და ისე მოხდა, რომ იმ კაცმა საღამოს საკუთარ სახლში მიმიყვანა, ის ღამე მასთან გავატარე… მის გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობ. თბილი მამაკაცია და მომცა ის, რაც წლებია, ქმრისგან არ მიგრძნია. მითხარით, მოღალატე რომ გავხდი, ჩემი ბრალია? ქალი ვარ და მამაკაცის სითბო, ალერსი მჭირდებოდა.

5 წელია, მეგობარი მამაკაცი მყავს, მეუღლეს კი ერთხელაც არ გასჩენია ეჭვი. მისთვის მთავარია, რომ ბიზნესში ვეხმარები და სახლში იდეალური დიასახლისი ვარ. გამოდის, რომ ახლა ისე მიყურებს, როგორც მოსამსახურეს…

მაკო, 25 წლის:
– ყოველთვის ბევრ მამაკაცს მოვწონდი; ბევრი “ჩალიჩობდა”, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მიყვარდა და მის გარდა, ვერავის ვამჩნევდი. ერთ დღეს შეყვარებული ღალატზე წავიჭირე: ჩემს ახლობელ გოგოს ეალერსებოდა. გაბრაზებულმა, მის ჯიბრზე გათხოვება გადავწყვიტე და ისეთ კაცს გავყევი ცოლად, რომელიც ჩემ გამო “ვენებს იჭრიდა”. სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია, მომავალი მეუღლე არც მომწონდა. სამაგიეროდ, მდიდარი ოჯახის შვილი იყო და ვიფიქრე, – მაინც უსიყვარულოდ ვთხოვდები და ცოლად ფულიანს მაინც გავყვები, იქნებ ფუფუნებამ გამაბედნიეროს-მეთქი. სულ რაღაც 2 წელიწადში მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი. თავიდან მეგონა, მეუღლის შეყვარებას როგორმე შევძლებდი. ვცდილობდი, გამებედნიერებინა ადამიანი, რომელიც დიდ პატივს მცემდა, მაგრამ ერთხელაც, ყოფილ შეყვარებულს შემთხვევით, ქუჩაში გადავეყარე და ჩემს გულსა და გონებაში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. გიგას დანახვამ ძველი, მაგრამ ძალიან ძლიერი სიყვარული შემახსენა. მითხრა: შენი გათხოვება ძალიან განვიცადე და იცოდე, ცოლს არასდროს მოვიყვანო. ბოდიში მომიხადა იმ ღალატის გამო, რომელიც მისთვის წამიერი სიამოვნება იყო. მითხრა, რომ ისევ ვუყვარდი და ძლიერად ჩამიხუტა. მისი ჩახუტებისას ვიგრძენი, რომ თურმე, ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. მერე ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერა და ხშირად მეკონტაქტებოდა.

ერთხელაც, ჩემს მეუღლეს საზღვარგარეთ მოუხდა გამგზავრება. ჰოდა, სწორედ ამ პერიოდში დავუახლოვდი ისევ გიგას, მას ყოველდღე ვხვდებოდი და მოღალატედ ვიქეცი კიდეც. მიყვარს და სწორედ ამ სიყვარულმა დამაკარგვინა თავმოყვარეობა. შემიძლია, ყოფილ შეყვარებულს ცოლადაც გავყვე, მაგრამ მეუღლესთან განშორებაც არ მსურს. ვაღიარებ, მას რომ დავშორდე, ბევრი რამ მომაკლდება. გიგა ხომ ერთი გაჭირვებული ოჯახის შვილია, რომელიც ვერაფრით გამანებივრებს, გარდა სიყვარულისა.

ნათია, 34 წლის:
GzaPress– 17 წლის ვიყავი, როცა ყოფილმა მეუღლემ მომიტაცა. მას არც კი ვიცნობდი… საკმაოდ სიმპათიური ბიჭი იყო და შეძლო, ჩემთვის თავი შეეყვარებინა. როცა ურთიერთობა ავაწყვეთ და ერთმანეთს უკვე გავუგეთ, ჩვენ შორის დედამთილი ჩადგა. მას არ მოსწონდა, მისი შვილი კარგად რომ მექცეოდა და პატივს მცემდა. ჰოდა, ერთ წელიწადში დაგვაშორა კიდეც… მშობლებთან დავბრუნდი. ბევრი დედმამიშვილი მყავს, ჩემს ოჯახს კი მატერიალურად არ ულხინდა. სახლში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. მეუღლემ გაიგო, რომ მისგან ვაჟს ველოდებოდი, მაგრამ არ შემხმიანებია. არ ვიცი, ასეთი რა უთხრა დედამ, რომ ჩემზე გული აიყარა… მოკლედ, შვილი მშობლების ოჯახში გავაჩინე. ვგრძნობდი, მათ მძიმე ტვირთად ვაწვებოდით მე და ჩემი პატარა, მაგრამ წასასვლელიც არსად მქონდა. ერთ დღეს ნათესავს ვესტუმრე. შემომთავაზა, – კარგ მამაკაცს გაგაცნობ და თუ მოგეწონება, თუ უარს არ იტყვი მის ცოლობაზე, ხელის გულზე გატარებს. ოღონდ, შენზე ბევრად უფროსია, მთელი ახალგაზრდობა რუსეთში გაატარა და რუსის ქალებმა უცოლ-შვილოდ დატოვესო. დავინტერესდი, – რამდენი წლის არის-მეთქი? აღმოჩნდა, რომ ჩვენ შორის სხვაობა დაახლოებით, 20 წელი იყო. უარი ვუთხარი, – მაგ ასაკის კაცს ცოლად ვერ გავყვები-მეთქი. როგორც შემდეგ გაირკვა, ის კაცი შორიდან მიცნობდა, მოვწონდი და ჩემს ნათესავს ეხვეწებოდა: ეს გოგო გამაცანი, მის შვილსაც მივიღებ და არაფერს მოვაკლებო…

მართალია, მასთან შეხვედრას თავი ავარიდე, მაგრამ ერთ დღეს ჩვენი გზები მაინც გადაიკვეთა. სიმპათიური მამაკაცი გახლდათ, მაგრამ ასაკი ეტყობოდა. ისე მოხდა, რომ გაცნობიდან ცოტა ხანში ცოლად გავყევი. მაშინ ჩემი ვაჟი 7 თვის იყო… ჩვენ საერთო შვილიც შეგვეძინა, მაგრამ ვერა და ვერ შევიყვარე. ქუჩაში ერთად რომ გავდივართ, ბევრს მამა-შვილი ვგონივართ. მას უკვე სახლში მარტო ყოფნა და სიმშვიდე უნდა, მე კიდევ გართობა და მხიარულება მჭირდება. სახლში რომ შემოდის, ყველამ ფეხის წვერებზე უნდა ვიაროთ, რადგან ხმაურს ვერ იტანს. ამბობს, – დაღლილი ვარ, დასვენება მჭირდებაო. შინ რომ ბრუნდება, ვცდილობ, სახლიდან გავიდე და მეგობრებთან ერთად გავერთო.

ცოტა ხნის წინ გავიცანი მამაკაცი, რომელმაც შეძლო ჩემი გულის მონადირება. ოჯახს ვერ ვანგრევ, რადგან მეცოდება მეუღლე, რომელიც უკვე ასაკშია და ჩემი და შვილების გარდა არავინ ჰყავს. მან იცის, რომ არ მიყვარს და ამ ყველაფერს ეგუება. ოღონდ მის გვერდით ვიყო და სხვა არაფერი უნდა. ვღალატობ ქმარს, მაგრამ ბუნებით მოღალატე ნამდვილად არ ვარ. ერთგულება შემიძლია, მაგრამ როცა ადამიანი არ გიყვარს, ძნელია მას უერთგულო და მასთან ერთად სარეცელი გაიზიარო.

P.S. ფსიქოლოგებმა ხანგრძლივი კვლევის შემდეგ დაადგინეს, თუ რატომ ღალატობენ ცოლები ქმრებს. მათ ქალბატონების ღალატის 5 ძირითადი მიზეზი გამოყვეს. მათივე აზრით, ქალის ღალატის შემთხვევაში დამნაშავეა არა მარტო ცოლი, არამედ ქმარიც.
პირველი მიზეზი – ცივი, უყურადღებო და გულგრილი ქმარი, რომელიც არ ფიქრობს იმაზე, რომ ცოლს სითბო და ყურადღება სჭირდება. ქალბატონებს სურთ, მუდამ სექსუალურად და სასურველად იგრძნონ თავი.

მეორე მიზეზი – ქალები ქმარს სამაგიეროს უხდიან. როდესაც პირველად ქმარი ღალატობს, ბევრი ქალი საპასუხოდ იგივეს აკეთებს. “ახლა შენ ნახე, როგორია ღალატი”. შურისძიების მიზნით, ისინი დაუფიქრებლად იჩენენ საყვარელს.

მესამე მიზეზი – როდესაც წყვილის სექსუალური ტემპერამენტი ერთმანეთისას არ ემთხვევა. როცა ქმარს არ შეუძლია ცოლის დაკმაყოფილება, ასეთ შემთხვევაში, ცოლი მას აუცილებლად უღალატებს.

მეოთხე მიზეზი – ბანალურია, მაგრამ ხშირად ხდება: როდესაც ქმარი მოსაწყენი და ერთფეროვანი ხდება, ქალი სხვა მამაკაცთან ცდილობს იპოვოს მრავალფეროვნება.
მეხუთე მიზეზი – ნამდვილი სიყვარულისა და ვნების პოვნა, რაც ყველაფერს გავიწყებს, მათ შორის – ქმარსაც.

P.P.S. თუმცა, ცხადია, არანაირ ღალატს არ აქვს გამართლება. რაც უფრო მეტად უერთგულებენ მეუღლეები ერთმანეთს, მით მეტად გაძლიერდება ოჯახის საძირკველი.

Загрузка...