Загрузка...

28 წლის მანჩო მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ფიქრობს, რომ თუ აბორტს არ გაიკეთებს, ქუჩაში აღმოჩნდება. მის ამბავში მთავარი ის არის, რომ ბავშვს ყოფილი ქმრისგან ელოდება და ოჯახის მაინც ეშინია.

– გელას ცოლად რომ გავყევი, 20 წლის ვიყავი. ჩემი მშობლები კინაღამ გაგიჟდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ამ ასაკში გათხოვება გადავწყვიტე, თან ჩემი ქმარი საშინლად არ მოსწონდათ. განსაკუთრებულად – მისი ოჯახი. დედამთილი მართლა საშინელი მყავდა, სიცოცხლეს მიმწარებდა. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შვილი არ გამიჩნდა და მშობლების სახლში დავბრუნდი. გელამ დალევა

Загрузка...

დაიწყო და ხშირად მამწარებდა. ფიზიკურადაც მეხებოდა.

– მშობლები თქვენს ურთიერთობაში არ ერეოდნენ?
– ჩემები ბოლომდე არ შემრიგებიან და ძალიან გაუხარდათ ჩემი სახლში დაბრუნება. თავს მევლებოდნენ. მუშაობა დამაწყებინეს და საკუთარი შემოსავალი რომ გამიჩნდა, მეც ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან. თავიდან გელა სამსახურში მაკითხავდა და შერიგებას მთხოვდა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა, თავი დამანება.
იმერეთის ერთ რაიონში ვცხოვრობდი და სამსახურში თავი ისე გამოვიჩინე, რომ სამ თვეში თბილისის ფილიალში გადამიყვანეს. ჩემი მამიდაშვილი უნივერსიტეტში სწავლობდა და ერთად ვიქირავეთ ბინა. მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი. კმაყოფილი, რომ ოჯახი დამენგრა და ასე კარგად ავეწყვე, სანამ ერთ დღეს არ მივხვდი, რომ ყოფილი ქმარი მენატრებოდა.

– უცნაურია, რადგან ყველაფერი გააკეთე ახალი ცხოვრების დასაწყებად.
– მეც ვერ ვხვდები, რა დამემართა. შეიძლება იმიტომ, რომ ახალი ურთიერთობის დასაწყებად მზად არ ვიყავი. თან, ირგვლივ არავინ იცოდა, რომ განათხოვარი ვიყავი და უამრავი ბიჭი მიხსნიდა სიყვარულს. ერთ დღეს, დღემდე არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი, როდესაც ჩემი მამიდაშვილი ერთი კვირით მშობლებთან წავიდა, სახლში მარტო დარჩენილმა ყოფილ ქმარს დავურეკე და თბილისში ჩამოსვლა ვთხოვე. გვიან ღამე მანქანით ჩამოვიდა და იმ ღამეს ჩემთან დარჩა. შერიგებაზე არც გვისაუბრია, უბრალოდ, ის ერთი კვირა ერთად გავატარეთ. სამსახურში ჩვეულებრივ დავდიოდი და შინ გელა მელოდებოდა, რომელიც მთელი დღე ჭამდა ან ტელევიზორს უყურებდა. როდესაც ჩემი მამიდაშვილის ჩამოსვლის დღე მოვიდა, ვთხოვე, სახლში დაბრუნებულიყო. ჩამეხუტა და მითხრა, ასე არ ჯობს, იქნებ, ბინა ცალკე იქირავო და ხშირად ჩამოვალო.

– ის ერთი კვირა კარგად გექცეოდა?
– ძალიან… თავს მევლებოდა. ხანდახან ვფიქრობ, არ იქნებოდა ცუდი ქმარი, რომ არა დედამისი. მისი წასვლიდან ერთ თვეში სამსახურში ცუდად გავხდი, სასწრაფომ საავადმყოფოში გადამიყვანა და ასე გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი. ასეთი ბედნიერი გათხოვების დღესაც არ ვყოფილვარ. მაშინვე გელას დავურეკე და ეს ამბავი ვახარე. მოულოდნელად მითხრა, ჯერ ბავშვი დაიბადოს და მერე დავიჯერებ, რომ ჩემგან ხარ ფეხმძიმედ, თორემ ვინ დავაჯერო, ამდენი ხანია, თბილისში ხარ და არავინ გყავს, რა ვიცი, რომ ჩემგან დაფეხმძიმდიო. ცხოვრება თავზე დამენგრა. დედას ტირილით დავურეკე და სასწრაფოდ ჩამოსვლა ვთხოვე. როდესაც ჩემი ბავი გაიგო, კინაღამ მცემა და მითხრა, რომ სასწრაფოდ აბორტი გამეკეთებინა.

– მიზეზი გელას საქციელი გახდა?
– არა მარტო, ის ნაძირალასავით მოიქცა, მაგრამ დედაჩემი ამბობს, სოფელში არავინ დაიჯერებს, რომ ბავშვი ყოფილი ქმრისგან გააჩინეო. თან, მარტოხელა დედობა ძალიან გაგიჭირდებაო. მამამ ჯერ არ იცის, დედა მეუბნება, თუ აბორტს გავიკეთებ, ყველანაირად დამეხმარება, იქნებ, საზღვარგარეთ გააგრძელო ცხოვრებაო. ორი ძმა მყავს და ჩემი თავიდან მოშორება უნდა, ფიქრობს, რომ შეიძლება, რომელიმე მათგანმა გელას რამე დაუშაოს და საქმე საციხედ გაუხდეთ. მეუბნება, არ გაპატიებენ და მაგრად გცემენო. კიდევ ერთხელ დავურეკე გელას და მოვუყევი, დედაჩემმა რაც მითხრა, ვთხოვე, ჩამოდი, ცალკე გადავიდეთ, შენც იმუშავებ და რაღაცნაირად ვიცხოვრებთ-მეთქი, მაგრამ მეუბნება, სანამ ბავშვი არ დაიბადება, შენი არ მჯერა და რაც შეეხება შენს ძმებს, არავისი მეშინია და გინდა, ყოველდღე სახლში მომიცვივდნენო. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, აბორტის გაკეთებას სიკვდილი მირჩევნია, მგონია, რომ შემდეგ შვილი აღარ მეყოლება.

Загрузка...