Загрузка...

სიმართლე თუ გინდა, ქალთა ჟურნალებში დაბეჭდილი ისტორიების ბოლომდე არასოდეს მჯეროდა – ვფიქრობდი, რომ მათ უმეტესობას თავად ავტორები თხზავდნენ სენსაციისათვის, თუმცა ისტორიები, რომელთაც ჩვენი მკითხველები გვიყვებიან, თანდათან უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება – ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, ქვემოთ მოყვანილ წერილში ერთი სიტყვაც არ ჩამიმატებია.

საჭირო სიტყვების მოძებნა მაშინაც კი ძალიან გამიჭირდა, როცა ამ წერილზე პასუხის გაცემა გადავწყვიტე – ჩვენი საქმე ხომ მკითხველის თანადგომაა და არა განკითხვა, მით უფრო, თუ იგი თავის მესაიდუმლედ მიგიჩნევს და გულწრფელად გიზიარებს გულისტკივილს, შიშს და ეჭვებს. ეცადე, შენც ამ თვალით გადაიკითხო ეს სტატია და საკუთარი პოზიცია გამოხატო.

Загрузка...

პირველ რიგში, მოგესალმებით. ჩემი ისტორიის მოყოლა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვერავის ვერ ვუყვები და რჩევას ვერ ვთხოვ, რადგან ჩემ გარდა არავინ იცის. ვარ ძალიან რთულ სიტუაციაში, თუმცა იმდენად მივეჩვიე უკვე, რომ ამ ეტაპზე არც ისე რთულად მეჩვენება და ეს კიდევ უფრო მაშინებს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავწელო, მაქვს ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე უსაყვარლესი დაქალის მეუღლესთან, ყველაფერი კი მისი ინიციატივით დაიწყო თავიდან. ეს იყო უბრალოდ კომპლიმენტები, სახალხოდ. მერე სახლში მიცილებები, შემდეგ მესიჯები და ლამაზი სიტყვები „მეგობრის“ სტატუსით, ბოლოს კი სერიოზული ლაპარაკი, რომელმაც ბევრ რამეზე დამაფიქრა. არ დავმალავ, რომ მის მიმართ ყოველთვის მქონდა სიმპატიები, თუმცა როგორც საყვარელი „სიძის“ დონეზე. ჩემთვის სამაგალითო მეუღლე და მამა იყო და ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. მაგრამ გამომიტყდა გრძნობებში და მითხრა, რომ, თავიდანვე, რომ გაგიცანი, სხვანაირი თვალით შემოგხედეო. რა თქმა უნდა, თავიდან ძალიან გავბრაზდი და კატეგორიულ უარზე ვიყავი, ყველაფერი უარვყავი – ის ხომ ჩემი ყველაზე ახლო და საყვარელი დაქალის ქმარია, მაგრამ იმდენი გააკეთა, მიაღწია იმას, რომ ახლა ერთად ვართ და ეს არავინ იცის. ეს დროებითი ურთიერთობააო, როგორც თვითონ მეუბნება. ჩვენ მომავალზეც კი გვქონდა ლაპარაკი და იმაზეც კი ფიქრობს, რომ მომავალში მისი ცოლი გავხდე. მეუღლესთან გაუფუჭდა ურთიერთობა უკვე დიდი ხანია და ერთადაც არ ცხოვრობენ, თუმცა გაყრილები არ არიან. ჩემს დაქალთან ისევ ისეთი ურთიერთობა მაქვს, უბრალოდ, დანაშაულის გრძნობა მჭამს. მისმა მეუღლემ კი დღე არ გადის, არ მომწეროს, არ დამირეკოს, არ მნახოს. უკვე ვგრძნობ, რომ მის გარეშე ვერ ვძლებ ერთი წამიც, თუმცა ამ ეტაპზე რაღაც ცოტა შენელდასავით, თითქოს, ურთიერთობა ან მე მეჩვენება. ის სამსახურს აბრალებს და მეუბნება, არაფერი შეცვლილაო, პირიქით, კიდევ უფრო მეტად მიყვარხარ და ისე კარგად, როგორც შენთან ვარ, ცოლთანაც არ ვყოფილვარო. მე კი მეშინია მისი დაკარგვის და ეხლა არ ვიცი, როგორ მოვიქცე. იქნებ მირჩიოთ რამე. გთხოვთ, დამტოვოთ ანონიმად.

როგორ მოიქცე, რომ ეს ურთიერთობა შეინარჩუნო? ძნელი სათქმელია. შენი პარტნიორის შესახებ წერილიდან მხოლოდ იმის გარკვევა მოვახერხეთ, რომ კარგად ფლობს  ქალების მოხიბვლის ხელოვნებას (სხვანაირად, ალბათ, ვერ დაგითანხმებდა ურთიერთობაზე), ცოლს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ატყუებდა (ყოველ შემთხვევაში, წერილში არაფერი გითქვამს იმის შესახებ, რომ დანაშაულის გრძნობა სტანჯავდა) და მისი ბოლოდროინდელი ქცევით მთლად კმაყოფილი არ უნდა იყო (სხვა შემთხვევაში არ მოგეჩვენებოდა, რომ გრძნობა გაუნელდა და არც მისი დაკარგვის შიში გექნებოდა).

თუ მიუკერძოებლად ვიმსჯელებთ, შიში და ეჭვი, ამ შემთხვევაში, არცთუ ისე უსაფუძვლოა – ის, ვინც შენი თანდასწრებით სხვას ატყუებს, თუ დასჭირდა, არც შენს მოტყუებას მოერიდება. დავუშვათ, საქმე გამონაკლის შემთხვევასთან გაქვს და შენ მიმართ აბსოლუტურად გულწრფელია. სამწუხაროა, მაგრამ დანაკარგისგან არც ამ შემთხვევაში ხარ დაზღვეული – პარტნიორ მამაკაცს თუ არა, მეგობარს აუცილებლად დაკარგავ და, თუ ის მართლაც ასეთი უსაყვარლესია, აჯობებს თქვენი ურთიერთობის გამჟღავნებამდე (შენი სურვილით თუ მის გარეშე, ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოაშკარავდება) გააკეთო არჩევანი: დაქალი თუ საყვარელი?

თუ არჩევანს მამაკაცის სასარგებლოდ გააკეთებ, ეცადე, მეგობართან ურთიერთობაში გარკვეული დისტანცია დაიჭირო. როცა სიმართლეს შეიტყობს, იმის გამო მაინც არ ეტკინება გული, რომ ასე აშკარად „აყრიდი თვალში ნაცარს“. მიხვდება, მასთან ურთიერთობას იმ საბაბით გაურბოდი, რომ თავს დამნაშავედ თვლიდი და შეიძლება ამ აზრმა ოდნავ მაინც ანუგეშოს. ეს სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ შენი სასიყვარულო ურთიერთობა არ აეწყობა და დაქალის შენარჩუნებას შეეცდები. ვინ იცის, იქნებ გაპატიოს კიდეც, თუმცა ყველაფერში გამოტყდომას ნუ იჩქარებ – თუ შესაფერი დრო და სიტუაცია არ შეარჩიე, შეიძლება შენმა გულახდილობამ უფრო მეტი ავნოს, ვიდრე არგოს. ამის გამო დანაშაულის გრძნობა კიდევ უფრო გაგიმძაფრდება.

მამაკაცთან დაკავშირებით კი მხოლოდ ერთი რჩევის მოცემა შეგვიძლია: დროულად გაარკვიე, რასთან გაქვს საქმე – სიყვარულთან თუ ვნებასთან, რომელსაც ვერაფრით გაუმკლავდი. შესაძლოა, ეს მხოლოდ ძლიერი გატაცებაა.  შენი სიტყვები – „უკვე ვგრძნობ, რომ მის გარეშე ვერ ვძლებ ერთი წამიც“ – ნამდვილად იძლევა საფუძველს ამგვარი ვარაუდისათვის. თუ აღმოაჩენ, რომ გაუცნობიერებელი მიზიდულობის მსხვერპლი ხარ, მზად იყავი იმისათვის, რომ ეს გრძნობა ერთ მშვენიერ დღეს ისევე მოულოდნელად მიგატოვებს, როგორ მოულოდნელადაც დაგატყდა თავს, ამიტომ მასზე დიდ ფსონს ნუ ჩამოხვალ.

Загрузка...