Загрузка...

“დილით ძროხებს მოწველის, მერე გარეკავს… 5-6 წლისა უკვე ფერმაში რჩებოდა და ყველანაირ საქმიანობაში ერთვებოდა. მას მერე, რაც ლევანის პაპამ სოფელთან ახლოს ფერმა გააშენა, შვილიშვილი დროს თითქმის სულ იქ ატარებს. საქონლის მოვლა მისი საყვარელი საქმეა და ძროხებსაც სახელებს არქმევს…”

ზოგიერთს ფიზიკურ შრომას სოფლის “ბირჟაზე” ჯდომა ურჩევნია, იმ მოტივით, რომ საქართველოში შრომა არ ფასდება. მაგრამ ამ მოსაზრებას ამსხვრევენ ყვარლის რაიონის სოფელ ძველ გავაზში (ახლანდელი ახალსოფელი) მცხოვრები ლაზაშვილები, ოჯახის უმცროსი წევრის, ლევანის გაცნობისას კი ქვეყანაში “უშედეგო შრომაზე” შექმნილი მითი ფერმკრთალდება…
ჩვენი რესპონდენტი 12 წლისაა. სანაქებო ბიჭი მამა-პაპას ხელიდან სტაცებს საქმეს. თავისი ინტერესებითა და მისწრაფებებით ყველასგან გამოირჩევა, განსაკუთრებით – თანატოლებისგან.

Загрузка...

ლაზაშვილებს წლებია, საოჯახო მეურნეობა აქვთ. როგორც ლევანის პაპა ამბობს, 25 ჰექტარზე ბოსტნეული, ბაღჩეული, ხილი, მარცვლეული – ყველაფერი მოჰყავთ. მეცხოველეობასაც მისდევენ: ჰყავთ ცხვარ-ძროხა, ცხენები, ფრინველი, ბოლო დროს მეფუტკრეობასაც მოჰკიდეს ხელი.

ლევანს, გარდა იმისა, რომ შრომა არ ეზარება, ძალიან უყვარს შინაური ცხოველ-ფრინველი, თითოეულს ყურადღებას არ აკლებს და გულიანად პატრონობს…

fb

– სამი წლის წინ მე და პაპამ კვიცი ვიყიდეთ. მე გავზარდე, ახლა ვხედნი, – გვეუბნება 12 წლის ლევანი.
ნინო კუბლაშვილი, ლევანის დედა ამბ­ობს, რომ შვილი უთენია იღვიძებს და მათთან ერთად სამუშაოდ მიდის. დილით საქონელს მოწველის, მერე გარეკავს. შეიძლება მთელი დღე ნახირშიც იყოს. 5-6 წლისა უკვე ფერმაში რჩებოდა და ყველანაირ საქმიანობაში ერთვებოდა. 5 წლისა ცხენსაც თამამად აჭენებდა. მას მერე, რაც ლევანის პაპამ სოფელთან ახლოს ფერმა გააშენა, შვილიშვილი დროს თითქმის სულ იქ ატარებს. საქონლის მოვლა მისი საყვარელი საქმეა და ძროხებსაც სახელებს არქმევს…

ლევანი: – თუ ფერმაში ბევრი საქმეა, მასწავლებლებს ვეთხოვები და სამუშაოდ აქ მოვდივარ. როცა უფროსებს არ სცალიათ, ფერმის მოვლა-პატრონობას მე მანდობენ და რაც გასაკეთებელია, ვაკეთებ. საქონლის მწყემსვის გარდა, ძროხას ვწველი… ყველის ამოყვანაც ვიცი…
ლევანის პაპა: – თუ ფული ვაჩუქეთ, წავა და ცხვარს ან ციკანს იყიდის. თანხას 5-10 ლარობით აგროვებს. რაც სკოლიდან დაითხოვეს, სახლშიც იშვიათად არის. ამის გამო სოფლის ბავშვები საყვედურობენ… მოკლედ, დაბადებიდან ასეთი ბავშვია. ვეუბნები, დაისვენე, გეყოფა-მეთქი, მაგრამ – რას ამბობ, უნდა ვიმუშაოო.
ლევანი: – კლასელები მეუბნებიან, ხევში წავიდეთ, ვიცურაოთო, მაგრამ მე აქ ყოფნა მირჩევნია, მსიამოვნებს და სახლშიც არ მინდა წასვლა…
ნინო: – მინდორსა და ფერმას რომ არ მოსწყდეს, ყველაფერზე უარს ამბობს. ექსკურსიაზეც არ მიდის. ცოტა ხნის წინ ზღვაზეც არ წავიდა…

fb


– ასეთი დატვირთვისთვის პატარაა და არ უშლით?

– არაფერი გამოგვდის. დილას, 4 საათზე, მინდორში სამუშაოდ თუ მის გარეშე წავედით, თავისი კვადროციკლით მაინც ამოგვაკითხავს. ისეთია, როგორც დიდი კაცი. შარშან საქონელი მთაში გვყავდა და ცხენით მიდი-მოდიოდა, ყველიც ამოჰყავდა…

– ლევან, როგორი მოსწავლე ხარ?

– ისე, რა… სწავლა იმდენად არ მაინტერესებს… რა ვქნა, ფერმაში მინდა ყოფნა. ცხვარი და ძროხა აქ მყავს და მეც აქ მირჩევნია. ცხენებთან ყოფნა და ჯირითიც მსიამოვნებს.

– არ იღლები?

– როგორ არ ვიღლები, მაგრამ ეგეთი ვარ… ისე, ქართულის სწავლა კი მიყვარს და კიდევ რაღაც საგნების… ძროხებს ხან ხელით ვწველი, ხან – აპარატით. რომ მოვწველი, მერე ხბოებს მივუშვებ და ბოლოს საბალახოდ გავრეკავ. პირველ საათზე გრილოში, რამდენიმე საათით ვასვენებ და მერე ისევ გამოვრეკავ ხოლმე. საღამოსაც ხომ მოწველა უნდა.

fb


– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– მინდა, რომ ფერმერი ვიყო. 60 სული ძროხა მყავდეს, 50 სული ცხვარი… ორი ცხენი მეყოფა. კარგი ტრაქტორიც მინდა… ალბათ, ამ ყველაფერს გავაკეთებ…
მთაში, სადაც პაპას საქონელი აჰყავს, ლევანს ცხენით ასვლა უყვარს. არც ისე დიდ გზას მშვიდად გადის. როგორც პაპა ამბობს, მის გვერდით ყოფნა შვილიშვილს სიამოვნებს – ჩემგან ბევრ ამბავს ისმენს ბალღიო.
– ზუსტად იცის, როდის უნდა მოიგოს ძროხამ. რომ შეხედავს და იტყვის, ეს ამ დღეს არ გადააცდენსო, მართლა ასე ხდება. იცის, რომ ძროხა ცხრა თვეს მაკობს, მერე ორი თვე მაინც უნდა დაასვენო წველისგან, რომ მოგებამდე მოკეთდეს და ხბოც ჯანმრთელი ჰყავდეს. ძროხას დილა-საღამოს უნდა მოწველა და ლევანიც რამდენიმე ძროხას დღეში ორჯერ წველის. ფერმის დასუფთავებაც უყვარს, ძროხას ამშობიარებს კიდეც… ძალიან ყოჩაღი ბიჭია. მშობლებიც ყოჩაღები იყვნენ, მაგრამ ასეთი­ – არა. მთაში ღამე უჩემოდაც გაუთენებია. მოსავლის აღებისას მანქანაზეც ჯდება, ტრაქტორზეც, – გვეუბნება პაპა.

– მოკლედ, თქვენმა ბიჭმა გამაოცა… 

ნინო: – უნდა ნახოთ, მინდორში მოსავლის აღებისას რამოდენა საზამთროებს დაათრევს. უფროსებს ტოლს არ უდებს…
მართალია, ვაზის გასხვლას არ ანდობენ, მაგრამ უკვე ეგეც იცის…
P.S. ლევანს იმედი აქვს, რომ ოცნებას აიხდენს და დიდი ფერმერი გახდება. ეჭვი არავის ეპარება, რომ ასეც იქნება. წარმატებები ვუსურვოთ გამრჯე მოზარდს!

ლალი ფაცია

Загрузка...